ახალი მოდელი ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებისთვის
გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოიყენა საქართველოში ტელემედიცინის სფეროში არსებული მიღწევები, რათა დაენერგა ახალი მოდელი ECHO (გავრცელება საზოგადოების შედეგიანი ჯანდაცვისთვის), რომელიც ექვს წლამდე ასაკის ბავშვების მონიტორინგსა და ზრუნვას ითვალისწინებს.
- English
- ქართული
გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოიყენა საქართველოში ტელემედიცინის სფეროში არსებული მიღწევები, რათა დაენერგა ახალი მოდელი ECHO (გავრცელება საზოგადოების შედეგიანი ჯანდაცვისთვის), რომელიც ექვს წლამდე ასაკის, მათ შორის, აუტისტური სპექტრის აშლილობისა მქონე, ბავშვების მონიტორინგსა და ზრუნვას ითვალისწინებს. ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა საქართველოში ECHO-ის მოდელის კონცეფცია და „კარიტას“თან პარტნიორობით დაიწყო მისი ადგილზე დანერგვა. ეს ინოვაციური პროექტი გათვლილია ტელემედიცინისთვის შერჩეული კლინიკების პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებზე, რომლებიც ჩართული არიან ინტერაქტიული, შემთხვევებზე დაფუძნებული დისტანციური სწავლების პროცესში. სწავლებას ექსპერტების ინტერდისციპლინარული ჯგუფი უძღვება. პროექტის მიზანია პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის წინა პლანზე წამოწევა აუტისტური სპექტრის აშლილობის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში, მისი შეფასებისა და მკურნალობის კოორდინირებაში, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის კონსულტაციების გაწევაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბავშვის განვითარების მონიტორინგში.
პროექტის შედეგად, ძნელად მისადგომ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებზე იზრუნებენ ადგილობრივი ოჯახის ექიმები, რომლებსაც დისტანციური კონსულტაციებით მუდმივად დაეხმარებიან შესაბამისი სპეციალისტები. ტელემედიცინის ამ მომსახურებით სარგებლობისათვის გაეროს ბავშვთა ფონდმა 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების ზრდისა და განვითარების მონიტორინგის სისტემის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახადა და პირველადი ჯანდაცვის 50 სოფლის ამბულატორიაში საპილოტე რეჟიმში აამოქმედა შესაბამისი საკომუნიკაციო პლატფორმა.
ცოდნის გაზიარება
ECHO-ის მოდელი ტელემედიცინის სფეროში მნიშვნელოვან ევოლუციას წარმოადგენს და სპეციალისტსა და პაციენტს შორის ჩვეულებრივ „ერთი ერთზე“ ფორმატის კონსულტაციებს სცდება. იგი მოიცავს ექსპერტების ჰაბს, რომლებიც დისტანციურად უწევენ კონსულტაციებს სხვა სპეციალისტებს. ეს სპეციალისტები მიღებული ცოდნის შედეგად აუმჯობესებენ პაციენტებისთვის მიღებულ მომსახურებას და აფართოებენ მის არეალს. ECHO-ის მოდელის მთავარი პრინციპია: „ყველა ასწავლის და ყველა სწავლობს“. აღნიშნული პრინციპი ეფუძნება ინტერაქტიულ გარემოს, სადაც ხდება მენტორობა და სწავლება; სწავლების პროცესი გულისხმობს თანასწორთა განათლებას. გარდა ამისა ამასთან, მოდელი ხაზს უსვამს პრობლემების გადაჭრისთვის თანამშრომლობის აუცილებლობას, რომ ყველა მონაწილეს შეეძლოს კოლექტიურ ცოდნაში საკუთარი წვლილის შეტანა და მისგან სარგებლის მიღება.
ECHO-ის მოდელისთვის შეფასების ინდიკატორები
მიუხედავად იმისა, რომ ECHO-ის მოდელი საყოველთაოდ მიღებული ტელემენტორობის მექანიზმია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 700-ზე მეტ ორგანიზაციაშია მიღებული, ჯერჯერობით არ არსებობს ინდიკატორების უნიფიცირებული ჩამონათვალი, რომლის მეშვეობითაც შეფასდება მიღწევები. გაეროს ბავშვთა ფონდმა რეკომენდაცია გაუწია ექსპერტთა საერთაშორისო პანელის მიერ შემუშავებულ შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს: (i) მონაწილეთა ჩართულობა; (ii) ECHO ჰაბის დიზაინი და ოპერირება; (iii) ECHO ჰაბის ჯგუფის ჩართულობა და (iv) ადგილობრივი ზეგავლენა.
ამ ინდიკატორების ოთხ ძირითად კატეგორიად დაყოფით სპეციალისტებს და ECHO-ის მოდელის განმახორციელებელ ჯგუფებს შეუძლიათ თანმიმდევრულად გაზომონ თავიანთი მიღწევები და ხარვეზები. ინდიკატორებმა უნდა უზრუნველყოს საჭირო რჩევა და მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებების მიღებას ECHO-ის მოდელის ფართო გამოყენების შესახებ, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის დადგენით.
საპილოტე რეჟიმის შედარებით ხანმოკლე პერიოდი გაეროს ბავშვთა ფონდს არ ეყო ადგილობრივი ზეგავლენის სრული შეფასებისთვის. თუმცა დანარჩენ სამ სფეროში ინდიკატორებმა ეფექტიანობის საკმაოდ მაღალი დონე აჩვენა.
მონაწილეების ჩართულობა:
- მონაწილეები რეგულარულად ესწრებიან ECHO-ის სესიებს.
- მონაწილეების რაოდენობა, რომლებიც განსახილველად წარადგენენ კონკრეტულ შემთხვევებს.
- ECHO-ის სესიების რაოდენობა, რომლებზეც მონაწილეები წარადგენენ ადგილობრივი კონტექსტიდან აღებულ შემთხვევებს.
- მონაწილეთა გაზრდილი კმაყოფილება შემთხვევების პრეზენტაციისა და წარდგენის შედეგად მიღებული ცოდნით/რეკომენდაციით/მხარდაჭერით.
- იმ მონაწილეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებმაც დისკუსიაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ზეპირად ან ჩატის მეშვეობით.
ECHO ჰაბის დიზაინი და ოპერირება:
- არსებობს მტკიცებულება, რომ ECHO-ის მოდელი პრაქტიკულად ახორციელებს სწავლის საჭიროებების შეფასების მიგნებებს.
- ჰაბის ექსპერტებსა და მონაწილეებს შორის დიალოგი სულ უფრო დაბალანსებული ხდება, რაც მონაწილეების მხრიდან საუბარში სულ მცირე 50%-იანი წვლილის შეტანაში აისახება.
- არსებობს მტკიცებულება, რომ ჰაბის გუნდი სხვადასხვა დარგის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და მრავალფეროვანია.
- არსებობს მტკიცებულება, რომ ECHO-ის სესიების გარდა დაინტერესებული მხარეების რუტინული ჩართულობისთვის შემუშავებულია საკომუნიკაციო სისტემები/პროცესები.
ECHO გუნდის ჩართულობა:
- ექსპერტთა გუნდის დიდი გამოცდილება და კმაყოფილება (სასიამოვნო, მაღალი ღირებულების მქონე, ოპერატიული).
- მტკიცებულება, რომ დაინტერესებულ მხარეებს კარგად ესმით ECHO-ის მოდელი, მისი თეორიული და პრაქტიკული გამოყენება და პოტენციური სარგებელი.
- ძლიერი და ორგანიზებული ფასილიტატორის როლი, პანელის შეთანხმებულობა და მისით კმაყოფილება ECHO-ის სესიების დროს.
- საჭირო კვალიფიკაციის, უნარების, პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილების, კარგი პრეზენტაციისა და მონაწილეებისთვის კომფორტის შექმნის უნარის მქონე ინტერესების დამცველის, ფასილიტატორის, პანელის წევრების შერჩევისა და შენარჩუნების გამჟღავნებული უნარი
ECHO-ის მოდელი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში ინოვაციადაა მიჩნეული. გაეროს ბავშვთა ფონდი აპირებს ეს მიდგომა წარმოაჩინოს ჯანდაცვის სფეროს პრაქტიკოსების უწყვეტი სამედიცინო განათლების ნაწილად, რომელიც ცენტრისა და განშტოებების მოდელს იყენებს სპეციალისტებიდან რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის მომწოდებლებამდე ცოდნის მისატანად.
ECHO-ის მოდელის საპილოტე ვერსიამ გამოსადეგობის, მიმღებლობისა და პოტენციური მდგრადობის მაღალი დონე აჩვენა. მოდელი მნიშვნელოვან სარგებელს სთავაზობს ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლებს და თანხვედრაშია უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან.
პროექტის შესახებ:
პროექტი „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოში ტელემედიცინის სერვისების დანერგვისა და ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. მისი დახმარება წარმოადგენს ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერის განუყოფელ ნაწილს COVID-19-ის წინააღმდეგ რეაგირების ფარგლებში ქვეყანაში, ასევე ჯანმოს მიმდინარე ტექნიკური დახმარების ნაწილს UHC-პარტნიორობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს ეროვნული ხელისუფლების ერთგულების მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის რეფორმისა და უნივერსალური ჯანდაცვის (UHC) განვითარებისთვის საქართველოში.
პროექტი გაეროს ოთხი ორგანიზაციის (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის) პარტნიორობითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერობით ხორციელდება.