ბავშვთა უფლებები და ბიზნესის პრინციპები
- English
- ქართული
About
გლობალური მოსახლეობის თითქმის ერთ მესამედს 18 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენენ. ბევრ ქვეყანაში ბავშვები და ახალგაზრდები ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ქმნიან. შესაბამისად, გარდაუვალია, რომ ბიზნესს, იქნება ეს დიდი თუ მცირე ბიზნესი, პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენა აქვს ბავშვთა ცხოვრებაზე. ბავშვები ბიზნესის მთავარი დაინტერესებული მხარეები არიან - როგორც მომხმარებლები, თანამშრომლების ოჯახის წევრები, ახალგაზრდა მუშაკები და მომავალი დამსაქმებლები თუ ბიზნეს ლიდერები. ამავე დროს, ბავშვები არიან იმ საზოგადოების და გარემოს ძირითადი წევრები, სადაც ბიზნესი ახორციელებს საქმიანობას.
იმ ფონზე, რომ საზოგადოება და მთავრობა ბიზნესის როლს სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ და სულ უფრო იზრდება ცნობიერება ბიზნესსა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირის შესახებ, დროა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს ბიზნესის ზეგავლენაზე ბავშვებზე. ბავშვები არიან საზოგადოების ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი წევრები; ამას ისიც ადასტურებს, რომ მათ არ გააჩნიათ საკმარისი ხმა საზოგადოებაში. მათ იშვიათად აძლევენ აზრის გამოხატვის საშუალებას ან ეკითხებიან რჩევას, როცა საზოგადოებრივი გადაწყვეტილებები მიიღება, თუნდაც ეს გადაწყვეტილებები მათზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენდეს, მაგ. როდესაც გადაწყვეტილება შეეხება სკოლებისა და რეკრეაციული სივრცეების დაგეგმვას. თუმცა, თუ მათ აქვთ მონაწილეობის შესაძლებლობა, ბავშვებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ალტერნატიული შეხედულებები გამოთქვან და შეიტანონ საკმაოდ ღირებული წვლილი.