ღირსეული დასაქმებისა და სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში

გაერო და მსოფლიო ბანკი ერთობლივ პროგრამას იწყებენ დასაქმებისა და სოციალური დაცვის რეფორმის გასაძლიერებლად

04 მარტი 2026
Stepping Up Decent Jobs and Social Protection in Georgia
UNICEF/Geo-2026/Valishvili

თბილისი, 2026 წლის 4 მარტი - გაერო და მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად იწყებენ თანამშრომლობას დასაქმებისა და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის გასაძლიერებლად, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ზრდას, მდგრადობას და კეთილდღეობას ქვეყნის მასშტაბით. ერთობლივი პროგრამის - “საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის დაძლევა ღირსეული და პროდუქტიული სამუშაო ადგილებისა და სოციალური დაცვის მეშვეობით” - გახსნის ღონისძიებამ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები გააერთიანა, სადაც პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნის ინსტიტუციების გაძლიერებასა და შესაძლებლობების გაფართოებას ყველა მოქალაქისთვის.

პროგრამა განხორციელდება მსოფლიო ბანკის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, გაეროს რეზიდენტ კოორდინატორის ოფისის სტრატეგიული კოორდინაციითა და მხარდაჭერით. პროგრამის მთავარი ეროვნული პარტნიორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. პროგრამა ხორციელდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდისა და მსოფლიო ბანკის სოციალური დაცვის რეაგირების საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია:

• უმუშევრობის დაზღვევის სისტემის გაძლიერება,
• სოციალურად დაუცველი ჯგუფების გააქტიურება და ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობა,
• შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაუმჯობესება,
• სამუშაო ადგილების შესაბამისობის გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

„გაეროს გუნდი მხარს უჭერს ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას საქართველოში, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა,“ – განაცხადა დიდიე ტღებიუკმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. „ეს ერთობლივი პროგრამა მაგალითია გაეროს სააგენტოების, მსოფლიო ბანკისა და მთავრობის უნიკალური თანამშრომლობისა, რომელიც ხელს შეუწყობს აუცილებელ სისტემურ რეფორმებს, ღირსეული სამუშაო შესაძლებლობების გაფართოებას და ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებას. ერთად ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს ხელშესახები და გრძელვადიანი სარგებელი მოვუტანოთ.“

„დასაქმებისა და სოციალური დაცვის ძლიერი სისტემები გადამწყვეტია ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიულობის ზრდისთვის, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი წინაპირობაა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მდგრად კეთილდღეობად გარდასაქმნელად,“ - განაცხადა როლანდ პრაისმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში. „ერთობლივი მუშაობით ჩვენ ვიყენებთ გლობალურ გამოცდილებას იმ მტკიცებულებებისა და რეფორმების შესამუშავებლად, რომლებიც საქართველოს სჭირდება დასახული მიზნების მისაღწევად, კერძოდ, ღირსეული და პროდუქტიული სამუშაო ადგილების გასაფართოებლად, სოციალური დაცვის გასაძლიერებლად, და ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების, მომავალი დასაქმებისთვის უკეთ მოსამზადებლად.“

პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ღირსეული დასაქმების მსურველ ადამიანებს, ქალებს, რომლებსაც სურთ ერთმანეთს შეუთავსონ ოჯახზე ზრუნვა და დასაქმება, ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ შრომით ბაზარზე შესვლას და დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირებს.

პროგრამა, რომელიც 2027 წლამდე გაგრძელდება, გააერთიანებს სხვადასხვა გამოცდილებას და ხელს შეუწყობს ინვესტიციას ადამიანურ კაპიტალში. კოორდინაციის გაგრძელება და ინკლუზიური სოციალური დიალოგის წარმართვა კრიტიკული იქნება რეფორმების დინამიკის შენარჩუნებისა და მათი მდგრადი, გრძელვადიანი შედეგების უზრუნველსაყოფად.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.