ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას - აჩვენებს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ

21 აგვისტო 2020
Girl on the playground
UNICEF/GEO-2020/Khetaguri

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 21 აგვისტო. გაეროს ბავშვთა ფონდმა დღეს მოსახლეობის და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში წარმოდგენილი სიმულაციური მოდელის შედეგების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების   შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება.

საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელი. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მოსახლეობისა და კონკრეტულად, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის ზეგავლენის (შრომის ბაზარზე ზემოქმედების შედეგად) წინასწარი გაანგარიშება.

კვლევის ძირითადი მიგნებების მიხედვით:

  • კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, მოსალოდნელია მოსახლეობის სიღარიბის დონის (166 ლარი თვეში ზრდასრულ პირზე) გაზრდა 21.7[1]-დან 24 პროცენტამდე დაბალი შოკის შემთხვევაში, 26 პროცენტამდე - საშუალო შოკის შემთხვევაში, ხოლო 30.9 პროცენტამდე - ძლიერი შოკის შემთხვევაში.
  • მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე საბაზისო 27.6[2] პროცენტიდან დაბალი შოკის შემთხვევაში გაიზრდება 30.8 პროცენტამდე, საშუალო შოკის შემთხვევაში - 32.7 პროცენტამდე, ხოლო 37.8 პროცენტამდე - ძლიერი შოკის შემთხვევაში.
  • შოკის შედეგად, სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად, ხოლო უთანასწორობა ურბანულ დასახლებებს მეტად შეეხება.
  • მოხმარება ყველაზე მეტად შემცირდება კორონავირუსის პანდემიის წინაშე ყველაზე დაუცველ შინამეურნეობებში, რომლებსაც ისედაც მწირი დანახარჯები აქვთ.

სხვადასხვა ოდენობის ფულადი დახმარების სცენარების 24 ჰიპოთეტური მოდელის გამოყენებით სიღარიბის მაჩვენებლების ხელახლა გაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ:

  • უფრო სავარაუდოა სიღარიბის ხარჯთეფექტურად შემცირება მოსახლეობის იმ უღარიბეს 40%-ზე მიმართული პოლიტიკისა და დახმარების პირობებში, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის სისტემით გათვალისწინებულ პროგრამებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღნიშნული კატეგორიის იდენტიფიცირება მოითხოვს ხანგრძლივვადიან და მასშტაბურ ღონისძიებებს.
  • 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად, შოკის დონის მიუხედავად. ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დახმარების შედეგად ბავშვთა სიღარიბის საბაზისო მაჩვენებელზე დაბრუნება, ხოლო მსუბუქი და საშუალო შოკის სცენარებში სიღარიბის საბაზისო მაჩვენებლებზე მეტად სიღარიბის დონის შემცირებას; ასეთი შედეგი სხვა მოდელების შემთხვევაში არ გამოვლენილა.
  • ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი, რეგულარულ ხელფასზე მომუშავე  პირებისათვის. მაგალითად, ძლიერი შოკის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ფულადი დახმარების შედეგად შესაძლებელია სიღარიბის შემცირება მოსალოდნელი 30.7-დან დან 28.4 პროცენტამდე.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა სოციალური დაცვის ღონისძიებებით." - ღასან ხალილი

 

„კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვებზე, რომლის დამანგრეველი მოქმედება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება“, განაცხადა ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა სოციალური დაცვის ღონისძიებებით. უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური უსაფრთხოების ძლიერი ქსელების არსებობა, რათა ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად არ აღმოჩნდნენ სიღარიბეში“, დასძინა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

კვლევის შედეგად ასევე შესწავლილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავისურის პანდემიასთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელებული ფულადი დახმარების პროგრამების შესაძლო ეფექტი. ეს მოიცავდა ჯამში 12 სიმულაციას[3], მათ შორის, გაანალიზდა ყველა ბავშვისათვის ფულადი დახმარებისა და უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ყოველთვიური ფულადი დახმარების სცენარები. საგულისხმოა, რომ მოდელების ეფექტი ცალ-ცალკეა პროგნოზირებული და არ გვიჩვენებს მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებული ყველა ზომის ერთობლივ ეფექტს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მაქსიმალურად შემსუბუქება იმისთვის, რომ არ მოხდეს ბოლო წლებში სიღარიბის შემცირების ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკის გაუარესება მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შევუმსუბუქოთ მათ ეს დროებითი გასაჭირი“, აღნიშნა, ბექა ლილუაშვილმა, ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა. „ცალსახაა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები არის ყველაზე ეფექტიანი სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით იმ 24 ღონისძიებას შორის, რომელიც სიმულაციურ მოდელში არის წარმოდგენილი. ამას ადასტურებს თავად მოდელის შედეგებიც“, დასძინა ლილუაშვილმა.

 

 

 

„ჩვენი სამინისტროსათვის გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვანი და ფასეული პარტნიორია. ბავშვებისათვის სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკის დაგეგმვისას ჩვენთვის გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა“, აღნიშნა თამარა ბარკალაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გარდა, კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვან სოციო-ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს შინამეურნეობებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი გაანგარიშების თანახმად, პანდემიის შედეგად მოსალონდელია მსოფლიო მასშტაბით 195 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვა. გაეროს გამოთვლებით, ეკონომიკური აქტივობების შემცირების გამო, შესაძლოა დაახლოებით 42-66 მილიონი ბავშვი აღმოჩნდეს სიღარიბეში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა ზოგიერთი სფერო სხვაზე მეტად მოწყვლადი აღმოჩნდეს. ამ თვალსაზრისით, კვლევაში თითოეული დასაქმებული პირისათვის მინიჭებულია სამუშაოს მოწყვლადობის დონე, სამი ჯგუფის --მოწყვლადობის დაბალი, საშუალო და მაღალი დონის მიხედვით.

შემდეგ, კეთდება ვარაუდი, რომ შინამეურნეობები დაკარგავენ შემოსავლის წილს, შესაბამისი ოჯახის კორონავირუსისადმი მოწყვლადობის გათვალისწინებით. ასევე დაშვებული იქნა შოკის სამი დონე: დაბალი, საშუალო, და ძლიერი.

შინამეურნეობებზე უარყოფითი შოკის გათვალისწინებისა და სიღარიბის დონეების გამოთვლის შემდეგ, მიკრო სიმულაციაში ემატება ფულადი დახმარების რამდენიმე მოდელი, შემდეგ კი ფასდება სიღარიბის დონის ცვლილებები თითოეული სცენარის შემთხვევაში. ანგარიშში სულ განხილულია 24 ჰიპოთეტური ფულადი დახმარების (მაღალი და დაბალი ოდენობის) სცენარი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისათვის.

მიკრო სიმულაციაში მონაცემების ძირითად წყაროდ გამოყენებულია საქართველოში 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა. ამ კვლევის  შერჩევა მოიცავს 4697 შინამეურნეობას, რომელიც რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.

კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს განახორციელონ შემდგომი ცვლილებები ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფისა და ანტიკრიზისული სტრატეგიების გასაძლიერებლად.

ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელის ანგარიშის სანახავად გადადით ბმულზე

 


[1] 2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგად დაგენილი მაჩვენებელი

[2] 2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგად დადგენილი მაჩვენებელი

[3] არ განხორციელებულა კომუნალური გადასახადების სახელმწიფო სუბსიდირების, საბანკო კრედიტებზე შენატანის გადავადების და სექტორული მხარდაჭერის (მ.შ. სოფლის მეურნეობის მხარდაჭეერის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღნისძიებები) ღონისძიებების გავლენის შეფასება.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.