16 თებერვალი 2021

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა 2018

2019 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები მედიას წარუდგინეს. MICS-ი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში. კვლევა ფარავს ძირითად ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება შინამეურნეობების, განსაკუთრებით კი ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. MICS-ის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და დღემდე 300-ზე მეტი კვლევა ჩატარდა 100-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში MICS-ი 180-ზე მეტ ინდიკატორს ფარავს. მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა. შეგროვებული მონაცემები წარმომადგენლობითია და მათი ჩაშლა შესაძლებელია ასაკის, სქესის, ქალაქ/სოფლის, რეგიონის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობისა და კეთილდღეობის დონის მიხედვით, რაც განვითარებისთვის საჭირო ინტერვენციების ზუსტ განსაზღვრას შეუწყობს ხელს. ➤ იხილეთ კვლევის ძირითადი მიგნებები სხვადასხვა საკითხებზე ბმულზე    
21 აგვისტო 2020

საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის მზაობის შეფასება

საქართველოში ჩატარებული წინამდებარე შეფასების მიზნები იყო: 1. შოკებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საგანგებო ფულადი დახმარების გასაწევად საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის ზოგადი პოლიტიკური, ტექნიკური, ოპერაციული და საფინანსო შესაძლებლობების ან  „მზაობის“ შეფასება. 2. საქართველოში COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ზომების დადებითი მხარეებისა და შესაძლო პრობლემების შეფასება. 3. საქართველოს ოფისის შესაძლებლობების შეფასება, საქართველოს მთავრობას აღმოუჩინოს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა გადაუდებელი საჭიროებების დროს ფულადი სოციალური პოლიტიკის ღონისძიებების ჩამოყალიბებაში.  
02 ივლისი 2019

მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზი

საქართველოში მთავრობის მიერ ღარიბი შინამეურნეობებისთვის დახმარების გაწევის მთავარი მექანიზმი „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაა“, რომელიც როგორც ფულად ტრანსფერებს, ისე გარკვეულ არაფულად დახმარებებსაც ითვალისწინებს. 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 121,345 შინამეურნეობა (რაც მთელი მოსახლეობის 11.2%-ს შეადგენს) „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ფულად დახმარებას იღებდა. ამის მიუხედავად, სოციალურ დახმარებაზე მოთხოვნილება გაცილებით უფრო მაღალია, რაც უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებლებით არის გამოწვეული. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელობით ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, მე-5 რაუნდის (2017 წ.) წინა 12 თვის განმავლობაში, საქართველოში სოციალური დახმარება მთლიანობაში შინამეურნეობების 15.2 პროცენტმა ითხოვა (როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ისე სხვადასხვა ორგანიზაციებისგან). მათგან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას შინამეურნეობების 8.6 პროცენტმა მიმართა, სხვა სახის სოციალური დახმარება 6.0 პროცენტმა ითხოვა და მხოლოდ 0.6 პროცენტმა ითხოვა ორივე - როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარება, ისე სხვა ფორმის დახმარება. ყველაზე ხშირად მოქალაქეები დახმარებას ფულადი შემწეობის და სამედიცინო მომსახურების მისაღებად ითხოვენ.
13 თებერვალი 2019

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017

წარმოდგენილი ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგებს. აღნიშნული კვლევა 2009 წელს დაწყებული კვლევების მეხუთე ეტაპს წარმოადგენს. იგი გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებების ნაწილია და საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით. კვლევას სამი მიზანი აქვს. ესენია: საქართველოში არსებული სოციალურ- ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვა; კეთილდღეობის ძირითადი ინდიკატორების დინამიკის შეფასება და მათი შედარება გასული ეტაპების შედეგებთან; და საქართველოში განხორციელებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმის“ შედეგების იდენტიფიკაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის, სოციალური დახმარების ახალი მეთოდოლოგიისა და სქემის დანერგვის შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიწოდება. კვლევის მეხუთე ეტაპზე მიღებული მონაცემების საფუძველზე შესწავლილ იქნა ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალი, როგორიცაა სამომხმარებლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე და სოციალური გარიყულობა. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური ტრანსფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებს.
09 თებერვალი 2019

ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე

ქუჩაში ცხოვრება უაღრესად მძიმე გავლენას ახდენს ბავშვებზე. ქუჩაში მყოფ ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე და ჯანდაცვის სათანადო მომსახურებაზე. ისინი ხშირად არც არიან რეგისტრირებულნი და სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. არასტაბილური ცხოვრების წესის და არაადეკვატუი საცხოვრებელი პირობების გამო, ეს ბავშვები საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფია.  შეიქმნა სახელმწიფო მექანიზმი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავები ბავშვების უფლებების დაცვისა და მათი რეინტეგაციისთვის საზოგადოებაში. სახელმწიფო სტრატეგია ამ ბავშვების დასახმარებლად აქამდე არ ასებობდა. ინიციატივის ფარგლებში მოხდა ბავშვების იდენტიფიცირება და მათი კონკრეტულ პროგამებში ჩართვა. საბოლოო მიზანია, სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავები ბავშვების განთავსება არსებულ სახელმწიფო სერვისებში, როგორებიცაა მინდობითი აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლი ან, შესაძლებლობის ფარგლებში, რეინტეგრაცია ბიოლოგიურ ოჯახში.
19 იანვარი 2019

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2015

წარმოდგენილი მოკლე ანგარიში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მეოთხე ეტაპის შედეგებს ეფუძნება. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ოჯახების პანელური გამოკითხვაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. 2015 წლის კვლევის ფარგლებში შესაბამისი კითხვარები 4533-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული კვლევა შეისწავლის ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალს, როგორიცაა სამომხმარებლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე და სოციალური გარიყულობა. ამასთან ერთად, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალური ტრანსფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობას.
19 იანვარი 2019

ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში

წინამდებარე ანგარიში ეფუძნება მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის (Welfare Monitoring Survey (WMS)) მესამე ეტაპს. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა არის ოჯახების პანელური გამოკითხვა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. 2013 წლის კვლევის ფარგლებში 3726-მა შინამეურნეობამ შეავსო შესაბამისი კითხვარები და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით. კვლევა შეისწავლის ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალს, როგორებიცაა სამომხმარებლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე თუ სოციალური გარიყულობა, და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალური ტრანსფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობას.