საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ახალი ანგარიშის მიხედვით

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მოწოდებით, საჭიროა გადაუდებელი ინვესტიცია ციფრული უთანასწორობის გადასაჭრელად, რომელიც აბრკოლებს ბავშვებისა და ახალგაზრდების დისტანციურ სწავლასა და ონლაინ შესაძლებლობებზე წვდომას

01 დეკემბერი 2020
Internet Access for children
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze

ნიუ-იორკი/ჟენევა, 2020 წლის 1 დეკემბერი – გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.

ანგარიშის “რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა? მიხედვით, მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების ორ მესამედს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაჩვენებელი ანალოგიურია 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც - 759 მილიონ ახალგაზრდას, ანუ 63 პროცენტს, არ აქვს სახლში ინტერნეტკავშირი.

 

"ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებს და ახალგაზრდებს იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში." - ღასან ხალილი

 

”ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებს და ახალგაზრდებს იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში. ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან. ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც ახლა ხდება COVID-19–ის გამო, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს”, - თქვა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვა შეეხო დაახლოებით 661 500 ბავშვს, რომლებსაც მოუწიათ გადასვლა ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე. ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ. ჯერ კიდევ პანდემიამდე, მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.

ანგარიშის თანახმად, ციფრული უთანასწორობა კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნებსა და თემებს შორის არსებულ უთანასწორობას. შესაბამისად, ყველაზე ხელმოკლე ოჯახებში, სოფლად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები კიდევ უფრო ჩამორჩებიან საკუთარ თანატოლებს; ამასთან ერთად, მცირდება ამ გამოწვევის გადაჭრის შესაძლებლობები.

მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში სასკოლო ასაკის ბავშვების 58 პროცენტს აქვს სახლში ინტერნეტკავშირი, ეს მაჩვენებელი უღარიბესი ოჯახების ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური უთანასწორობაა ქვეყნების შემოსავლიანობის მიხედვითაც. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სასკოლო ასაკის ბავშვებიდან 20-დან 1-ზე ნაკლებს აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კი - დაახლოებით ყოველ მეცხრეს.

აღსანიშნავია ასევე გეოგრაფიული უთანასწორობა ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით. მსოფლიოში, ურბანულ დასახლებებში სასკოლო ასაკის ბავშვების დაახლოებით 60 პროცენტს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა სახლში, სოფლად კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამი მეოთხედია. განსაკუთრებით დაბალია სახლში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი სუბსაჰარის აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, სასკოლო ასაკის ბავშვებში, სადაც 10 ბავშვიდან დაახლოებით 9-ს არ აქვს ინტერნეტკავშირი.

  

რეგიონი

3-დან 17 წლამდე ასაკის სასკოლო ასაკის ბავშვები, რომლებსაც სახლში არ აქვთ ინტერნეტ კავშირი

დასავლეთი და ცენტრალური აფრიკა

95% - 194 მილიონი 

აღმოსავლეთი და სამხრეთი აფრიკა

88%    - 191 მილიონი

სამხრეთი აზია

88% - 449 მილიონი

შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა

75% - 89 მილიონი

ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები

49% - 74 მილიონი

აღმოსავლეთი ევროპა და ცენტრალური აზია

42% - 36 მილიონი

აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები

32% - 183 მილიონი

მსოფლიო

67% - 1.3 მილიარდი

 

გასულ წელს, გაეროს ბავშვთა ფონდმა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა დააფუძნეს Giga, გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ყველა სკოლის და მათი მიმდებარე დასახლებების დაკავშირებას ინტერნეტთან. მთავრობებთან თანამშრომლობით, Giga-მ რუქაზე დაიტანა 800 000-ზე მეტი სკოლა 30 ქვეყანაში. ამ მონაცემების გამოყენებით, Giga მუშაობს მთავრობებთან, დარგთან, სამოქალაქო სექტორთან, პარტნიორებთან კერძო სექტორიდან, ჰიბრიდული, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციისათვის დამაჯერებელი დასაბუთების მოსამზადებლად; აღნიშნული დაფინანსება მოხმარდება ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც საჭიროა ციფრული სწავლების გადაწყვეტილებებისა და სხვა სერვისების დასანერგად.

ინიციატივა ამჟამად თანამშრომლობს ‘Reimagine Education’ ინიციატივის ფარგლებში და ‘Generation Unlimited’-თან კოორდინაციით. ‘Reimagine Education’ ინიციატივის მეშვეობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მიზნად ისახავს, გაატაროს სათანადო ზომები განათლების თვალსაზრისით არსებული კრიზისის გადასაჭრელად და გარდაქმნას განათლების შესაძლებლობები, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ხარისხიან ციფრულ სწავლაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფით. აღნიშნულის მისაღწევად უმთავრეს საშუალებას საყოველთაო ინტერნეტ კავშირი წარმოადგენს.

‘Generation Connect’, რომელიც ეფუძნება ამ ძალისხმევას და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას, წარმოადგენს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას ციფრულ სივრცეში ჩართვისა და მონაწილეობისათვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ანგარიშში მოცემული ციფრები შემაშფოთებელია. თუმცა, ვითარება, სავარაუდოდ უფრო მძიმეა, სხვა დამატებითი ფაქტორების გამო, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და ციფრული უნარ-ჩვევების ნაკლებობა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის უახლესი მონაცემების თანახმად, ციფრული უნარ-ჩვევების ნაკლებობა რჩება ბარიერად ციფრულ საზოგადოებაში სათანადო მონაწილეობისათვის, ხოლო მობილური ტელეფონები და ინტერნეტზე წვდომა კვლავ ძალიან ძვირია მრავალი ადამიანისათვის განვითარებად ქვეყნებში, რაც გამოწვეულია მსყიდველობით უნარში უთანასწორობით.

ბავშვებმა, მიუხედავად სახლში ინტერნეტ კავშირის არსებობისა, შესაძლოა ვერ მოახერხონ მისი გამოყენება, სახლში სხვადასხვა საქმეების შესრულების ან მუშაობის გამო, ან სახლში არასაკმარისი რაოდენობის ელექტრონული ხელსაწყოების გამო; ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა გოგონებს უფრო ნაკლებად ეძლევათ, ან საერთოდ არ ეძლევათ, ან მათ არ იციან, როგორ გამოიყენონ ინტერნეტ რესურსი. გარდა ამისა, არსებობს ონლაინ უსაფრთხოებასან დაკავშირებული საკითხებიც, რაც განპირობებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მშობლების არასათანადო ინფორმირებულობით.



ანგარიშის სრული ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე: How many children and young people have internet access at home

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.