მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ დღის წესრიგში უნდა დადგეს, აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით განხორციელებული კვლევა მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოსათვის.

04 აგვისტო 2020
Boy and mobile phone
UNICEF/UN046200/KLJAJO

თბილისი, 2020 წლის 4 აგვისტო. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, პრობლემური გემბლინგი მოზარდებსა და ახალგაზრდებში მზარდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მსოფლიო მონაცემების მიხედვით, მოზარდებში გემბლინგის (აზარტული თამაშების) გავრცელების მაჩვენებელი ზრდასრულების მაჩვენებელს 2-4 ჯერ აღემატება, ხოლო 12-დან 17 წლის ასაკის მოზარდების 8%-მდე პათოლოგიური მოთამაშეა. მოზარდობის ასაკში პრობლემურმა გემბლინგმა შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, როგორიცაა დაძაბული ურთიერთობები, დანაშაულებრივი ქცევა, დეპრესია, და სუიციდიც კი. აღნიშნული უარყოფითი შედეგები ახდენს მოკლე და გრძელვადიან ზეგავლენას ინდივიდებზე, მათ ოჯახებზე, თანატოლებზე და ფართო საზოგადოებაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა -- მოზარდებში გემბლინგის პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა -- განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს საპარტრიარქოს პარტნიორობის ფარგლებში. კვლევა მიზნად ისახავდა მოზარდებში აზარტული თამაშების მზარდი პრობლემის მიმართ სხვა, მათ შორის, განვითარებული ქვეყნების, რეაგირების შესწავლას, ასევე ამ სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

დღეს გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევის შედეგები გააცნო ძირითად დაინტერესებულ მხარეებს და პარტნიორებს. შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.

 

"აზარტულ თამაშებთან ადრეულ ასაკში შეხებამ შესაძლოა გაზარდოს პრობლემური გემბლინგის განვითარების რისკი." - ღასან ხალილი

 

„მოზარდები უფრო დაუცველნი არიან გემბლინგის არასახარბიელო შედეგების მიმართ“, აღნიშნა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „აზარტულ თამაშებთან ადრეულ ასაკში შეხებამ შესაძლოა გაზარდოს პრობლემური გემბლინგის განვითარების რისკი. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული არსებული და მომავალი ზიანის შესამცირებლად უაღრესად მნიშვნელოვანია გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პრევენციის სტრატეგიების გაძლიერება, ასევე ახალგაზრდებზე მორგებული კონკრეტული მომსახურებების დანერგვა“, დასძინა ხალილმა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აზარტულ თამაშებზე მოთხოვნილების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის მიღებისა და განხორციელების გზით. აზარტულ თამაშებში ჩაბმისა და პრობლემური გემბლინგის ჩამოყალიბების ალბათობა უფრო მაღალია იმ მოზარდებში, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ცოდნა გემბლინგისა და პრობლემური გემბლინგის შესახებ, იმ ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებიც უკეთ არიან ინფორმირებულნი აზარტული თამაშების საზიანო შედეგების შესახებ.

მოსალოდნელია, რომ კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ახალგაზრდებში აზარტული თამაშების პრევენციის საკოორდინაციო ჯგუფი შეიმუშავებს მოზარდებში პრევენციის საუკეთესო და საქართველოს კონტექსტთან მისადაგებულ მოდელს. ჯგუფი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.

2020 წლის ივნისში ამოქმედდა ცხელი ხაზი მოზარდებისათვის -- 111, რომელიც შეიქმნა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში და მიზნად ისახავს მოზარდების აზარტულ თამაშებში ჩართვით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე რეაგირებას მოზარდების/ახალგაზრდებისა და მათი მშობლების/აღმზრდელებისათვის, ფსიქოლოგიური პირველადი დახმარების, ასევე, საჭიროების შემთხვევაში -- ფსიქოლოგიური კონსულტაციის გზით. ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად მოზარდებმა, ბავშვებმა და მათმა ოჯახებმა უნდა აკრიფონ 111. ნომერზე დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე. საქართველოდან ყველა ზარი უფასოა.

2020 წელს მოზარდებისათვის დაიწყო მედეგობის გაზრდისა და შესაძლებლობების გაძლიერების დისტანციური სემინარები. სემინარების მიზანია მოზარდების დახმარება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არსებულ პრობლემებთან ეფექტიანად გამკლავებაში,  მათ შორის, მედიაწიგნიერების ჩამოყალიბება. აქცენტი კეთდება ონლაინ გემბლინგზე, რათა გაიზარდოს მოზარდების ინფორმირებულობა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს აზარტული თამაშების ინდუსტრია მოზარდების გემბლინგში ჩართვას, რეკლამის მეშვეობით.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის პროგრამის კონსულტანტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: schaava@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.