COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში გაეროს ბავშვთა ფონდი ახალგაზრდებს ჩართავს

- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 17 დეკემბერი, 2020. გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს კიდევ ერთ პროექტს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში ჩაებმებიან. შემდეგი 5 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით შერჩეული და მომზადებული 60 „ჯანმრთელობის ახალგაზრდა ელჩი“, მონაწილეობას მიიღებს COVID-19-ისგან თავდაცვისათვის საჭირო ონლაინ მასალის შექმნაში და შემდგომში საკუთარ მეგობრებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის გავრცელებაში. ეს დაეხმარება საზოგადოებას სანდო, უსაფრთხო გზავნილების მიღებასა და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელებისათვის გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ითანამშრომლებს. საქართველოს გაეროს ასოციაცია გეგმავს COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიაში, ჩართოს, ინფორმაცია მიაწოდოს და გააძლიეროს ახალგაზრდები, რომლებიც გასავრცელებელი მასალის შექმნაშიც მიიღებენ მონაწილეობას.
შერჩეული ახალგაზრდები, გაივლიან პანდემიასთან დაკავშირებულ სიღრმისეულ ტრენინგს. ისინი ასევე, შეისწავლიან ინფორმაციის გაზიარების მეთოდებს, აიმაღლებენ მედია წიგნიერებას და გაეცნობიან ყალბი ინფორმაციისაგან თავდაცვის მექანიზმებს.
აღნიშნული ახალგაზრდები ჩაერთვებიან სამენოვანი (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური) სოციალური მედია მასალის მომზადებაში, სადაც თავმოყრილი იქნება მზა ტექსტები, ბმულები, ფოტოები, ვიდეო და სხვა ტიპის მასალა, რაც მათ დაეხმარებათ პანდემიის შესახებ დროული და ეფექტური ინფორმაციის გავრცელებაში, როგორც მეგობრებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
ამასთანავე ერთად, ახალგაზრდა ელჩები ჩართულნი იქნებიან COVID-19-თან დაკავშირებული ინფოგრაფიკებისა და პოსტერების დამზადებაში, რაც მნახველს დაეხმარება უფრო ნათლად აღიქვას ვირუსის რისკები.
ახალგაზრდებს დაეხმარებიან სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმაზე პოპულარული, თანატოლი ინფლუენსერები, რათა უფრო ფართოდ გავრცელდეს COVID-19-სგან თავდაცვის მეთოდები და მასალა, რომლებსაც პროექტის ფარგლებში შექმნიან ახალგაზრდა ელჩები.
ამ ეტაპზე, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისი ისევ ძლიერია და საფრთხის ქვეშ არის საზოგადოების ყველა წევრი, მათ შორის ყველაზე დაუცველებიც. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიაში ჩართულნი იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები. ახალგაზრდებს, კი რომლებიც საზოგადოების ყველაზე გავლენიანი ჯგუფია, შეუძლიათ იყვნენ ქცევის გამავრცელებლები არა მხოლოდ საკუთარ თანატოლებთან, არამედ საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორისაც.
გაეროს ბავშვთა ფონდი, რისკის კომუნიკაციისა და ადვოკატირების მიმართულებით აგრძელებს COVID-19-ის წინააღმდეგ საზოგადოების ინფორმირების კამპანიების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით, ყველა ასაკის ბავშვის მშობელი უკვე იღებს ინფორმაციას თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს კომუნიკაცია შვილებთან პანდემიის პირობებში. ამასთანავე ერთად, რეგიონებში მაცხოვრებლები ყოველდღიურად იღებენ COVID-19-თან დაკავშირებულ ახალ ამბებს.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.