იესპერ მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი წარმომადგენელია საქართველოში

14 ივლისი 2023
Jesper Moller
UNICEF/Geo-2023/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 14 ივლისი, 2023 წელი. გაეროს ბავშვთა ფონდის ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა, ოფიციალურად გადასცა რწმუნებათა სიგელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას, რითაც ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

„ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით, ხელი შევუწყო ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ბავშვების, უფლებების განხორციელებას“, - განაცხადა იესპერ მოლერმა.

მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაუმჯობესოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრება საქართველოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიან ძალისხმევას, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე და რომ მათ სრულად შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება“, - იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

იესპერ მოლერი 22 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდში და გაეროს სხვა სააგენტოებში, როგორც ტექნიკურ, ასევე მენეჯერულ პოზიციებზე.

იესპერ მოლერი და ლაშა დარსალია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბატონი მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდს 1999 წელს შეუერთდა და მუშაობდა ინდოეთში, ტაილანდში, ზამბიაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სომალსა და სამხრეთ სუდანში. გაეროს ბავშვთა ფონდამდე ის მუშაობდა სამხრეთ აფრიკაში ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სოფლად მცხოვრები დაუცველი ქალების ეკონომიკური განვითარების კვლევის მიმართულებით.

იესპერ მოლერი არის დანიის მოქალაქე და აქვს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ფოკუსით განვითარების ეკონომიკაზე, საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.