ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი და სახალხო დამცველის ოფისი მარნეულში ბავშვებს თავიანთ უფლებებზე ესაუბრნენ
- English
- ქართული
მარნეული, 2026 წლის 20 თებერვალი – ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია ბავშვებთან. შეხვედრაზე ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი შეხედულებები გაეზიარებინათ და გადაწყვეტილების მიმღებებთან პირდაპირ დიალოგში ჩართულიყვნენ. ღონისძიება წარმოადგენს ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიმდინარე პარტნიორული პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის – ბავშვის უფლებები ოჯახზე, მართლმსაჯულებასა და ცხოვრების სათანადო სტანდარტებზე“ ნაწილს.
შეხვედრაზე წარმოადგინეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შემუშავებული, ბავშვებისთვის ადაპტირებული საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებებზე. ეს მასალები მიზნად ისახავს, ბავშვთა უფლებებისა და დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ ინფორმაცია გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, საინტერესო და მარტივად გასაგები ბავშვებისთვის.
დისკუსიას მოჰყვა პრაქტიკული სემინარი, სადაც ბავშვებს ჰქონდათ საშუალება, უკეთ გაცნობოდნენ მასალებს, ემსჯელათ და ეფიქრათ იმაზე, როგორ გამოიყენება ბავშვთა უფლებები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვების დაცვასა და გაძლიერებას, ასევე პროფესიონალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რათა ბავშვებს მათზე მორგებული, ინკლუზიური და მხარდამჭერი სერვისები მიაწოდონ. საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები უკეთ შეძლებენ ბავშვთა უფლებების დაცვას, ხოლო ბავშვები – უკეთესი მხარდაჭერის მიღებას სხვადასხვა მიმართულებით.
„ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვი სრულად სარგებლობდეს თავისი უფლებებით, იცხოვროს ღირსეულ პირობებში და მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისები. დღევანდელი დიალოგი ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების ხმა ჩვენი მიზნების მიღწევისთვის,“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ლენკა ვიტკოვამ, მარნეულში ბავშვებთან შეხვედრისას.
„ბავშვებს აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებებში, რომლებიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს. დღევანდელი დისკუსია მიზნად ისახავს ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში. ევროკავშირთან და სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ ძლიერი მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან რომლებიც მათზე ზრუნავენ. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს პროფესიონალთან გაძლიერებას, კერძოდ, თუ როგორ მუშაობენ ბავშვებთან პროფესიონალები, როგორ უსმენენ მათ და ეხმარებიან ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაში,“ – აღნიშნა ალექსანდრუ ნართეამ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ.
ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა მონაწილეობის გაძლიერების მიზნით. ბავშვების ხმა პოლიტიკისა და პროგრამების ფორმირებაში გათვალისწინებული უნდა იყოს. ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის ფარგლებში, მომდევნო კვირას ანალოგიური დისკუსია გაიმართება ახალციხეში, რითაც კიდევ უფრო გაფართოვდება შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის მთელ საქართველოში, გაეცნონ მათ უფლებებს და უშუალოდ ჩაერთონ იმ ინსტიტუციებთან დიალოგში, რომლებიც ამ უფლებების დაცვაში მონაწილეობენ.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.