გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ ბავშვები ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდნენ

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება

08 ივნისი 2021
unicef logo
UNICEF

თბილისი, საქართველო. 2021 წლის 8 ივნისი. იუნისეფი მზადაა დაეხმაროს მთავრობას დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს.  

ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ბავშვების ტრავმირების თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საჭიროა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასება, რის საფუძველზევ უნდა მოხდეს ბავშვების ოჯახურ და სათემო ზრუნვაში გადაყვანა და ამ პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას.  აღნიშნულ პროცესში მხოლოდ ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ.

ბავშვების მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება სწრაფად და ბავშვზე მორგებული პროცედურების დაცვით უნდა  ჩატარდეს. შესაბამის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული ბავშვები დაცული უნდა იყვნენ: მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია ყველანაირად უნდა იქნას თავიდან არიდებული. აღნიშნულ პროცესში მათ უნდა მიეწოდოთ იურიდიული დახმარება და სრულად მიენიჭოთ ყველა სხვა საჭირო გარანტია.

ამასობაში სოციალური მუშაკები და სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი  უწყებების სპეციალისტები რეგულარულ ვიზიტებს უნდა ახორციელებდნენ ყველა ინსტიტუციაში რათა უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პროფესიული შეფასება.

ინსტიტუციებში მოთავსებულ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შეტყობინების მექანიზმზე, რათა განაცხადონ ძალადობის ან უდიერი მოპყრობის  შესახებ.

ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები, რათა განისაზღვროს შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა და საჭირო პროფესიული მხარდაჭერა. საჭიროა გაძლიერდეს თავად ალტერნატიული ზრუნვის და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები, რათა ინსტიტუციის დატოვების შემდეგ ბავშვებს, მათ ოჯახებსა და მათთან მომუშავე პროფესიონალებს ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა.

შესაბამისი მონაწილეები დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივს უნდა სცემდნენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი სივრცის უფლებას.

გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული ოჯახების გაძლიერებისკენ და ბავშვების ოჯახებში შენარჩუნებისაკენ, ვიდრე დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების დაფინანსებისკენ.

გრძელვადიან პერსპექტივაში იუნისეფი მხარს დაუჭერს ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის მიზეზების კვლევას და დაეხმარება დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და განხორციელებას და ხელს შეუწყობს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებას.

გაეროს ბავშვთა ფონდი 2005 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას. იუნისეფი გააგრძელებს დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებაში და ყველა ბავშვისა და მათი ოჯახებისთვის ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობის ხელშეწყობაში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.