გაეროს ბავშვთა ფონდის მესამე საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა უფლებების შესახებ სახელმწიფო ენის სწავლებასა და ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხებს მიეძღვნა

კონფერენცია გაიმართა ბავშვთა უფლებების კვირეულის ფარგლებში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 19-22 სექტემბერს ჩატარდა

20 სექტემბერი 2022
Third International Conference
UNICEF

ახალციხე, საქართველო, 2022 წლის 20-21 სექტემბერი - გაეროს ბავშვთა ფონდმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალციხეში უმასპინძლა მესამე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა უფლებების  საკითხების გათვალისწინებას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამართული ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ორდღიან კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, ელჩები და წარმომადგენლები 16 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, პროფესორები და სტუდენტები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ბავშვთა უფლებების დაცვისა და განათლების დარგში, ასევე, სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრატორები.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილემ, ფილიპ კორიმ; გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა; გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა; ასევე, ბულგარეთის, ესტონეთის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთისა და შვეიცარიის ელჩებმა.  

კონფერენციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებების დამცველებისა და განათლების სპეციალისტების ფართო სპექტრმა მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღო ბავშვთა უფლებების დაცვისა და უფლებებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის გავლენის შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლების პირობებში. კონფერენციამ მომავალ სპეციალისტებს შეუქმნა მოტივაცია, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ მიღებული განათლება თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობის განუყრელ ნაწილად აქციონ, რასაც დაგროვებული თეორიული ცოდნის სახლში, სკოლასა და საზოგადოებაში გამოყენებით შეძლებენ.

მესამე საერთაშორისო კონფერენციის ფოკუსი სახელმწიფო ენის სწავლება და ეთნიკური უმცირესობების განათლება იყო, რომელიც ინკლუზიური, სამართლიანი და ხარისხიანი განათლების მიღების უფლების დაცვას გულისხმობს, რომლის უზრუნველყოფის შედეგად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტად აქტიურად ჩაერთვებიან, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი დასაქმების შესაძლებლობები და პერსპექტივა.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას სახელმწიფო ენის ხარისხიანად სწავლის შესაძლებლობის ნაკლებობა წარმოადგენს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2019 წელს განხორციელებული სახელმწიფო შეფასების მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულის, როგორც მეორე ენის, ცოდნის დონის განსაზღვრას, გამოიკვეთა, რომ აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეების 87%-მა, ხოლო სომხური სექტორის მოსწავლეების 60%-მა ქართული ენა ელემენტარულ დონეზეც კი არ იცოდა. შესაბამისად, ენობრივი ბარიერის გამო, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდი ბოლომდე ვერ ავითარებს და წარმოაჩენს თავის პოტენციალს და ვერც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში ახერხებს სრულფასოვანი მონაწილეობის მიღებას.

კონფერენციაზე პრეზენტაციები გააკეთეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე გამოჩენილმა სპეციალისტებმა და ექსპერტებმა. ასევე, წარდგენილ იქნა მოსწავლეების ესსეები და სასკოლო პროექტები. განხილვის ძირითად საგანს კი წარმოადგენდა ის, თუ რა როლს თამაშობს უნივერსიტეტი ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის, პოლიტიკაზე ზემოქმედებისა და ენობრივი ბარიერის გამო შექმნილი საგანმანათლებლო უთანასწორობის დაძლევის საკითხებში.

კონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა წარადგინეს თავიანთი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საკითხების გათვალისწინებას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში, რის შედეგადაც ბავშვთა უფლებების მომავალი დამცველები უკეთ იქნებიან მომზადებულნი და წარმოდგენილნი განათლების, სამართლის, ბიზნესისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის 15 პროფესორს გადაეცა სერთიფიკატები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ინიცირებული პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის, რითაც ისინი გახდნენ ბავშვთა უფლებების სერტიფიცირებული სპეციალისტები.

სამცხე-ჯავახეთში გამართული საერთაშორისო კონფერენცია მესამე ყოველწლიური კონფერენცია იყო, რომელიც უნივერსიტეტების კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების საკითხების გათვალისწინებას მიეძღვნა. პირველი კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2020 წელს, ხოლო მეორე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს. კონფერენცია ერთგვარ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ერთმანეთს უზიარებენ ბავშვის უფლებების გარშემო არსებულ თეორიებს, კვლევებს, პოლიტიკასა და გამოცდილებას.

 

ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეული

19 სექტემბრის კვირას გაეროს ბავშვთა ფონდმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არაერთი ღონისძიება გამართა, რომლებიც ბავშვთა უფლებების მხარდაჭერას ემსახურებოდა. მოწვეული ელჩები 16 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთნენ და ადგილობრივ ახალგაზრდებთან, განმანათლებლებთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და რელიგიურ ლიდერებთან ერთად განხილვებშიც მიიღეს მონაწილეობა.

ასევე, ჩატარდა ვებინარების სერია, რომლიც ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვების ადრეული განვითარება, ბავშვთა მიმართ ძალადობა და მისი გავლენა, მოზარდთა გამოწვევები, სახელმწიფო ენის სწავლება და ორენოვანი განათლება. ვებინარებს უძღვებოდნენ დარგის გამოჩენილი ექსპერტები, რომლებიც ბავშვთა უფლებების, ბავშვთა განვითარებისა და განათლების კუთხით მუშაობენ. გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა გამართეს სასწავლო სესიები და რუტინული აცრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ახალციხესა და ახალქალაქში ახალგაზრდებისათვის ჩატარდა ტრენინგები მედიაწიგნიერების,  ცხოვრების ჯანსაღი წესისა და მოხალისეობის თაობაზე. გაეროს ბავშვთა ფონდმა სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ახალქალაქის მერს შორის გამართულ დისკუსიაში მედიატორობაც იკისრა. კვირეულის ფარგლებში ბავშვთა უფლებების შესახებ შედგა დისკუსია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს, ელჩებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლებს შორისაც.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.