გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთობლივი კამპანიის შედეგად ახალგაზრდა მედიკოსი სტუდენტები კოვიდ-19-ის ვაქცინაციის აქტიური ხელშემწყობები გახდნენ

27 აპრილი 2022
Young medical students became active advocates for COVID-19 vaccination thanks to UNICEF and USAID joint campaign in Georgia
UNICEF/Geo-2022/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 26 აპრილი. საქართველოს მაღალმთიანი სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების 3,000-ზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო ინფორმაცია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ზომების, მათ შორის, ვაქცინაციის შესახებ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდისა და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კამპანიას ხუთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები უძღვებოდნენ.

აღნიშნული კამპანია წარიმართა დევიზით: „პანდემიას ასრულებ შენ!“ კამპანიის სამიზნე აუდიტორია იყო აჭარის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდები, რომლებსაც გააცნეს ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია კოვიდ-19-ის, მისი პოტენციური გართულებებისა და პრევენციული ზომების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ვაქცინაციის მნიშვნელოვან როლს დაეთმო.

პროექტის ფარგლებში დაარსდა მედიკოს სტუდენტთა ქსელი - „MED-იატორები“. 500-მდე „MED-იატორმა“ გაიარა ტრენერთა ტრენინგი, რათა გაეღრმავებინათ ცოდნა ვაქცინაციის მიმდინარე პროცესისა და ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ. ტრენინგი ჩაატარეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაია გოთუამ, ექიმმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა არჩილ მარშანიამ და მეიოს კლინიკის ვაქცინების კვლევის ჯგუფის წევრმა, ექიმმა თამარ რატიშვილმა.

საწყისი ტრენინგის გავლის შემდეგ „MED-იატორები“ ჩავიდნენ მთიანი აჭარის ძნელად მისასვლელ სოფლებში, ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. მათ მიერ ჩატარებულ 10-ზე მეტ ღონისძიებაში 3,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებების მსვლელობისას სტუდენტები სოფლის ცენტრში აწყობდნენ თვალსაჩინო სტენდებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თამაშით და სახალისო აქტივობებით იღებდა უახლეს და სანდო ინფორმაციას კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ.  სტუდენტებმა ადგილობრივ მოსახლეობას ასევე დახმარება გაუწიეს ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში და გაავრცელეს საინფორმაციო მასალები, მათ შორის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამას გარდა, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ სოციალური მედიის მეშვეობით ინფორმაცია კიდევ 200,000-მა ახალგაზრდამ მიიღო.

პარტნიორობის ფარგლებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების ჩართვის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად ეხმარება მთავრობას საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირების გაზრდაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ მეშვეობით მთავრობას გაეწია დახმარება კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციაში და პანდემიის ზოგადი ზემოქმედების შემცირებაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა რისკის შესახებ კომუნიკაცია და თემის ჩართულობა, ინფიცირების პრევენციის მართვა, წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება; კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა ჯანდაცვის მომსახურების გასაძლიერებლად კოვიდ-19-ის პრევენციისა და მართვის მიზნით, რაც მოიცავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ჯანდაცვის ელექტრონულ სერვისებს.

 

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 30-ზე მეტი პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:  https://www.usaid.gov/georgia.  

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.