საქართველო ტყვიის პრობლემის პირისპირ

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ქვეყნის ძალისხმევას ბავშვების სისხლში ტყვიის შემაშფოთებლად მაღალი შემცველობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ინნა ლაზარევა გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოსათვის
Nutsa and her mother
UNICEF/Geo-2020/Tsetskhladze
30 ივლისი 2020

ქვაციხე, საქართველო ვარდისფერ ფუმფულა ჩუსტებში გამოწყობილი 4 წლის ბარბარე კმაყოფილი სახით და ამაყად მოაბიჯებს მისაღებ ოთახში. თუმცა, აშკარად ეტყობა, რომ თვლის, რომ მის ჩაცმულობას რაღაც აკლია. შეიძლება ბავშვის ტუჩსაცხი და ფრჩხილის ლაქი წაისვას? დედა მტკიცედ პასუხობს: „არა“.

გიულის საფუძვლიანი მიზეზი აქვს, გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა მისმა ქალიშვილმა არ გამოიყენოს მაკიაჟი -- ან ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას. ბარბარე ჩართული იყო 2018 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის დონის განსაზღვრა, და გამოვლინდა, რომ საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ან უფრო მაღალი იყო. მართალია, ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე სისხლში არ არის დადგენილი, ბარბარეს შედეგი -- 13.2 მიკროგრამი/დეცილიტრზე (მკგ/დლ) -- საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა იმ საბაზისო ზღვრულ დონეზე, რა შემთხვევაშიც, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს.

„ჩემთვის ეს უდიდესი დარტყმა იყო“, ამბობს გიული.

Barbare with her family
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze
ბარბარე, ცენტრში, დგას დედასა და და-ძმასთან ერთად თავიანთი სახლის შესასვლელთან. ქვაციხე, საქართველო.

ტყვიის ზემოქმედებამ შესაძლოა გამანადგურებელი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების  შეფერხება, ასევე სწავლასთან დაკავშირებული დარღვევები. ტყვიის მაღალი დოზის ზემოქმედებამ, მათ შორის, ორსულ ქალებში, შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა, მკვდრადშობადობა ან ნაადრევი მშობიარობა. ცალკეული შემთხვევებიდან გამომდინარე აშკარად ჩანდა, რომ საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის დონე მაღალი იყო; შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდმა მოამზადა და განახორციელა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევა, რომლის ფარგლებშიც მოხდა 2-7 წლის ასაკის ბავშვებში სისხლის დაახლოებით 1570 სინჯის აღება.

სისხლის ნიმუშები გაიგზავნა რომში, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში და შემოწმდა ტოქსიურ ლითონებზე. შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა: ბავშვთა ერთ მეოთხედს სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ-ის ფარგლებში ჰქონდა, 16 პროცენტს კი -- 10 მკგ/დლ ან მეტი.

გიულის თქმით, ბარბარემ ლაპარაკი საკმაოდ გვიან დაიწყო, მისი ვაჟი კი ცერებრალური დამბლით დაიბადა. „მე შევშინდი, როდესაც მითხრეს, რომ ეს აფერხებს განვითარებას,“ ამბობს იგი.

კვლევაში ცხრა წლის ნუცაც მონაწილეობდა; მის სისხლში ტყვიის დონე, ბარბარესთან შედარებით, კიდევ უფრო საგანგაშო იყო: 37.2 მკგ/დლ. ნუცა ცხოვრობს საქართველოს აჭარის რეგიონში, სადაც ბავშვების 85 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ზე მაღალი აღმოაჩნდა, ნახევარს კი -- 10 მკგ/დლ ან მეტი.

Nutsa and her brother
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze
ნუცა, მარჯვნივ. მას სისხლში ტყვიის დონის კონტროლის მიზნით, ორ თვეში ერთხელ უტარდება სამედიცინო შემოწმება.

ანალიზების შედეგად შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთავრობამ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, დაიწყო მრავალწლიანი გეგმის შემუშავება, ქვეყანაში ტყვიის ზემოქმედების ძირითადი წყაროების გამოვლენისა და კონტროლისათვის, ასევე მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება პრობლემის მართვის მიზნით.

აჭარის რეგიონის დედაქალაქ ბათუმის კლინიკის პედიატრის, დოქტ. ირმა ჩიკვაიძის თქმით, იმ დროისათვის, როდესაც კვლევის შედეგები გახდა ცნობილი, პრობლემის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ.

„ჩვენ გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული თეორიული ცოდნა,“ აღნიშნა მან, და დასძინა, რომ შედეგებმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს ბავშვებში განვითარების შეფერხების შემთხვევათა მაღალ რიცხვს, რომელსაც იგი პრაქტიკაში შეხვედრია და რომელთა გამომწვევი მიზეზი აქამდე დაუდგენელი იყო.

UNICEF

ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, დოქტ. ჩიკვაიძესა და სხვა მედიკოსებს ჩაუტარდათ დამატებითი ტრენინგი აღნიშნული პრობლემის გარშემო მათი ცოდნის გაღრმავების მიზნით; სწავლება ასევე მოიცავდა პოტენციური შემთხვევების გამოვლენისა და რეაგირების საკითხებს და მიმართული იყო კოლეგებს შორის ცოდნის გაზიარების წახალისებისაკენ.

„განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვებს ამჟამად ვაგზავნით ტყვიის შემცველობის ანალიზებზე,“ ამბობს დოქტ. ჩიკვაიძე. „ყველა, ვისაც ვიცნობ, გამოთქვამს (გამოუთქვამს) ანალიზების ჩატარების სურვილს (სურვილი).“

„მორალური პასუხისმგებლობა“

საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს სახელმწიფო ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი ანალიზების გაკეთება; ამდენად, სისხლის ნიმუშები შესამოწმებლად საზღვარგარეთ უნდა გაიგზავნოს. ვინაიდან თითო ანალიზის ფასი დაახლოებით 120 ლარია (დაახლოებით 40 აშშ დოლარი), საქართველოს მრავალი მოქალაქისათვის ეს ანალიზები ხელმიუწვდომელია, აღნიშნა დოქტ. ჩიკვაიძემ.

შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ცენტრის მიერ საკუთარი ლაბორატორიის შექმნის ხელშესაწყობად; იუნისეფი ასევე მხარს უჭერს მთავრობას გარემოს ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში, რომელიც უზრუნველყოფს დაბინძურების, ადამიანებზე დამბინძურებლების ზემოქმედებისა და დაკავშირებული დაავადებების გავრცელების დონის შესახებ მონაცემების შეგროვებას.

„ჩვენ გავაცნობიერეთ [ამ საკითხზე რეაგირების] მორალური პასუხისმგებლობა, რაც განპირობებული იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ჩვენი უაღრესად მჭიდრო და ძლიერი თანამშრომლობით,“ ამბობს ღასან ხალილი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი. ხალილი დასძენს, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოში ესტონეთის საელჩოსაგან თავდაპირველი დაფინანსების მიღების დროიდან მოყოლებული, მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ტყვიის ზემოქმედების პოტენციური წყაროების კვლევის კუთხით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა შეიმუშავა 10 წლიანი სტრატეგია ქვეყანაში არსებული ტყვიის პრობლემის მოგვარების მიზნით; საქართველოს მთავრობამ დაიწყო ახალი წესების დანერგვა სათამაშოებთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღებისათვის სამშენებლო სტანდარტების გამკაცრება, და სხვა ღონისძიებებთან ერთად, სრულად აფინანსებს ტყვიის შემცველობის ანალიზებს ექიმის მიერ გადამისამართებული ბავშვებისათვის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი იმედოვნებს, რომ მომავალში შეიქმნება სახლებში ტყვიის დონის შემოწმების შესაძლებლობა, აღნიშნა დოქტ. ლელა სტურუამ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მანამდე კი, ოჯახებისათვის მიწოდებული რჩევები მოიცავს: ბავშვების წაახალისებას, ხშირად იბანონ ხელები, ბავშვის სათამაშოების რეცხვას, ყურადღების მიქცევას, სად და რა გარემოში თამაშობენ ბავშვები; ერთ-ერთი რეკომენდაციაა სიფრთხილის გამოჩენა ტყვიის ზემოქმედებისა და ტყვიით დაბინძურებული იმ პოტენციური წყაროების მიმართ, რომლებსაც მანამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, როგორიცა გარკვეული სუნელები.

Nutsa stands with her mother in the village of Tsikhisdziri, Georgia.
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze
ნუცა დედასთან ერთად საქართველოს სოფელ ციხისძირში.

ბარბარე და ნუცა იმ პირებს შორის არიან, რომლებსაც უფასო ყოვლისმომცველი სამედიცინო დახმარება გაეწიათ კვლევის შედეგების მიღების შემდეგ. აღნიშნული დახმარების შედეგად, ბარბარეს სისხლში ტყვიის დონე 7.9 მკგ/დლ-მდე, ნუცას სისხლში ტყვიის მაჩვენებელი კი ნახევარზე მეტით შემცირდა.

„ჩემი აზრით, გაგვიმართლა, რომ ამ კვლევაში ჩავერთეთ, ვინაიდან ახლა ჩვენ განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ ვიმყოფებით,“ ამბობს გიული. მისი თქმით, მისი გოგონას საბავშვო ბაღში სხვა დედები ახლა მას მიმართავენ თავიანთი შვილების დაცვის შესახებ რჩევების მისაღებად. თუმცა, გიული დასძენს, რომ აშკარაა, რომ მათ სოფელში არსებული პრობლემები ჯერ არ არის აღმოფხვრილი.

„დღეისათვის, სოფელში არსებული 40 ოჯახიდან შემოწმდა მხოლოდ ერთი ბავშვის სისხლის ნიმუში. ვფიქრობ, შემთხვევების რიცხვი უფრო მაღალი იქნება.“


გაეროს ბავშვთა ფონდისა და Pure Earth-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე -- 800 მილიონამდე ბავშვის - სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროგრამია დეცილიტრზე (მკგ/დლ), ან უფრო მაღალია. სრული ანგარიში, „ტოქსიური სიმართლე: ბავშვებზე ტყვიის ზემოქმედება საფრთხეს უქმნის მომავალ თაობას’, გამოქვეყნდა 2020 წლის 30 ივლისს, და შეგიძლიათ იხილოთ აქ.