საქართველოში მართლმსაჯულების სისტემასთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისათვის სპეციალური სივრცეები იქმნება

"ასეთი გარემო ნაკლებად სტრესულია, ოთახი ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი და ისეა მოწყობილი, რომ ბავშვმა ყურადღების კონცენტრირება შეძლოს"

პოლ სტერნი იუნისეფ საქართველოსთვის
Child friendly environment
UNICEF-GEO2019-Robakidze

22 აპრილი 2019

ქალაქ რუსთავის პოლიციაში, პროკურატურაში, იურიდიული დახმარების სამსახურსა და ქალაქის სასამართლოში ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეები შეიქმნა. ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფცია მიზნად ისახავს ბავშვის სპეციფიკურ საჭიროებებზე უკეთ მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელიც პროცესში ბავშვების მონაწილეობას გააადვილებს, მათ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს და ხელახალი ტრამვირების პრევენციას მოახდენს. ასეთი გარემოს კონცეფციის განსახორციელებლად პირველი საპილოტე პროექტისთვის სწორედ ქალაქი რუსთავი იქნა შერჩეული.  ეს სამუშაოები საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდისა და  ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

ბავშვზე მორგებული გარემო მხოლოდ ფიზიკური სივრცეებით არ შემოიფარგლება - ამ ორგანიზაციებში ბავშვებისთვის მოწყობილი ოთახების შექმნის პარალელურად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა საქმეებზე მომუშავე სპეციალისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ ბავშვებთან მუშაობის და ბავშვების გამოკითხვის ტექნიკის საკითხებზე. ამასთან ერთად, შემუშავდა ახალი რეგულაციები ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

რუსთავის ოთხ  ორგანიზაციაში ამ ნათელი, ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი ოთახების მოწყობისას, ბავშვებისათვის თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად, ისეთი პატარ-პატარა შტრიხები იქნა დამატებული, როგორიცაა მაგიდებზე დაწყობილი ფერადი ფანქრები და ფურცლები, თაროებზე მიმოფანტული რბილი სათამაშოები. თითოეული ოთახი ჩამწერი მოწყობილობითაა აღჭურვილი, რაც ბავშვთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობას იძლევა. ეს მინიმუმამდე ამცირებს ბავშვის გამოკითხვის და მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობას, რის გამოც მთელი ეს პროცესი ბავშვისთვის ნაკლებად ნეგატიური ხდება.

არასრულწლოვანთა საქმეებზე სპეციალისტების ჯგუფები მუშაობენ. საბავშვო ოთახები კომფორტულ სივრცეებს ქმნის, სადაც სხვადასხვა სპეციალისტებს მართლმსაჯულების პროცესის ყველა ეტაპზე შეუძლიათ ბავშვისთვის პროფესიული დახმარების გაწევა. ყოველივე ამის შედეგად, ბავშვების მიმართ დამოკიდებულება ოთხივე ორგანიზაციაში ერთმანეთის მსგავსი და თანმიმდევრულია.  

ის, რომ ბავშვი გამოძიების პროცესში მაქსიმალურად დაცულია ნეგატიური გამოცდილებებისგან, მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის. თუმცა, ეს პირობა არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, რადგან  სპეციალისტებს საჭირო ინფორმაციის მიღებაშიც ეხმარება.

“პოლიციის განყოფილება ბავშვისთვის მართლმსაჯულების სისტემასთან პირველი კონტაქტის  ადგილია [სამართლებრივი პროცესის დროს]. ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა აქ პოზიტიური გამოცდილება მიიღოს”, ამბობს მიხეილ ბარნოვი, რუსთავის პოლიციის განყოფილების საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. “ეს გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს მთელი საქმის მსვლელობაზე - იმაზე, თუ როგორ გვპასუხობენ და რა ინფორმაციას გვიზიარებენ ბავშვები“, დასძინა მიხეილ ბარნოვმა.

ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის დანერგვამდე, რუსთავის პოლიციაში ბავშვებისა და უფროსების დაკითხვის ტექნიკა და ადგილი დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. “ადრე ჩვენ ერთი საათი გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ბავშვს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო,”- ამბობს მიხეილ ბარნოვი. “ახლა ჩვენ  უფრო სწრაფად შეგვიძლია ბავშვს კომფორტულად ვაგრძნობინოთ თავი, რომ მან თავისი პოზიცია თავისუფლად გამოხატოს.”

ნათია მერებაშვილი, მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, აგრეთვე დარწმუნებულია, რომ  რუსთავის პროკურატურაში ბავშვისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას დადებითი შედეგი აქვს. „ეს ოთახი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას. აქ, არაოფიციალურ გარემოში, ბავშვს ურთიერთობა უწევს ისეთ სპეციალისტებთან, რომლებმაც სათანადო პროფესიული მომზადება და კომუნიკაციის უნარების ტრენინგი გაიარეს. ასეთი გარემო ნაკლებად სტრესულია, ოთახი ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი და ისეა  მოწყობილი, რომ ბავშვმა ყურადღების კონცენტრირება შეძლოს.”

ოთახის კიდევ ერთი დადებითი თავისებურება ისაა, რომ მას ცალკე შესასვლელი აქვს. ამის გამო ბავშვები პროკურატურის შენობაში მყოფ სხვა ადამიანებს არ ხვდებიან. „უმეტეს შემთხვევაში [ბავშვები] ელიან, რომ ძალიან მკაცრი გარემო დახვდებათ. მათ უკვირთ და შვებას გრძნობენ, როდესაც ასეთ მშვიდ და კომფორტულ ოთახში ხვდებიან,” - განმარტავს ნათია მერებაშვილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამია ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ბავშვების საჭიროებებზე უკეთ მორგებულმა გარემომ ბავშვების ქცევა მნიშვნელოვნად შეცვალა.

„ასეთ გარემოში ბავშვები უფრო ღიად და თავისუფლად საუბრობენ.”

მამია ფხაკაძე

რუსთავის საქალაქო სასამართლოს საბავშვო ოთახში დამონტაჟებული ტექნიკური მოწყობილობა მოსამართლეს სასამართლო პროცესის დროს ბავშვთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ბავშვი უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში იმყოფება და სასამართლო დარბაზში შესვლა არ უწევს. ოთახში განლაგებული ორი კამერა ბავშვის ჩვენების ჩაწერის საშუალებას იძლევა. კედელზე მიმაგრებულ ტელევიზორში ბავშვი ხედავს მოსამართლეს, მაგრამ ვერ ხედავს დაცვისა და ბრალდების მხარეებს.

„ადრე, ჩვენების მისაცემად, ბავშვებს სასამართლო დარბაზში შესვლა უწევდათ, სადაც მათ ბრალდებული, ბრალმდებლები, ადვოკატები და სხვა დამსწრე პირები ხვდებოდნენ,” - განმარტავს ბ-ნ ფხაკაძე. „უფროსებისთვის და ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეებს შორის არავითარი განსხვავება არ იყო“.  ახლა, არასრულწლოვანთა სამართლის კოდექსის მიღების შედეგად, მოსამართლეთა ყურადღება ძირითადად ბავშვის კეთილდღეობაზეა ფოკუსირებული.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდელი მთლი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს"

ღასან ხალილი

ამ ახალი ტიპის გარემოს შექმნა სასარგებლო აღმოჩნდა როგორც ბავშვებისთვის, ასევე რუსთავის სასამართლო სისტემაში  მომუშავე სპეციალისტებისთვის. „ჩვენ გვეამაყება, რომ ასეთი დახმარება გავუწიეთ რუსთავის ამ ორგანიზაციებს ბავშვის საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნაში,“ - ამბობს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდელი მთლი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს, რაც მართლმსაჯულების პროცესებში ბავშვებს სრულფასოვან მონაწილეობას და მათი უფლებების რეალიზაციას უზრუნველყოფს.“ - დასძინა   ღასან ხალილმა.

აღმოაჩინე მეტი