სასწავლო წლის პირველი დღე პანდემიის პირობებში
მშობლები და ბავშვები სკოლაში დაბრუნებით ბედნიერები არიან და არ სურთ დისტანციური სწავლების რეჟიმში დაბრუნება.
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
წელს, ახალი სასწავლო წლის დასაწყისი უფრო ამაღელვებელი იყო, ვიდრე ოდესმე. საგარეჯოს #1 და #4 საჯარო სკოლების მოსწავლეებში, მშობლებსა და მასწავლებლებში სიხარულისა და შფოთვის შერეული გრძნობები შეინიშნებოდა.
ბავშვებმა საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის ეზოში შეკრება ადრე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს ღია სივრცეში პირბადის ტარება არ მოეთხოვებათ, ბევრ ბავშვს, მათ შორის, ყველაზე პატარებსაც, ის მაინც ეკეთათ. ამით ისინი თითქოს უფროსებს აჩვენებდნენ, რომ Covid 19-ის შესახებ თავადაც ინფორმირებულები არიან. დისტანციური სწავლების გრძელი პერიოდის შემდეგ, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსე იყო, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნების სურვილი იმდენად მაღალია, რომ ბავშვებიც, მშობლებიც და მასწავლებლებიც ღიად ადასტურებენ მზაობას, მკაცრად დაიცვან მთავრობის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები.
სკოლის შენობაში შესვლისას ტარდება COVID-19-ის უსაფრთხოების ყველა სტანდარტული პროცედურა: ბავშვები გაივლიან დეზობარიერს, თერმოსკრინინგს, ხელების დეზინფექციას. ამ პროცედურების გამო, ბავშვის საკლასო ოთახში მოხვედრას ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება, ამიტომ, მოსწავლეები სკოლაში გაკვეთილის დაწყებამდე 30 წუთით ადრე უნდა მივიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო ხსნარის აპარატები მთელი შენობის ტერიტორიაზეა დამონტაჟებული, მასწავლებლები ახსენებენ ბავშვებს, რომ ხელები ყოველი გაკვეთილის შემდეგ დაიბანონ.
პირველი დღე საკლასო ოთახში უჩვეულო და ემოციური იყო როგორც ბავშვებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. მაწავლებლის მიერ სავალდებულო ნიღბის ტარება ართულებს მის საქმეს, რადგან სუნთქვა ჭირს, ნიღაბი სახის გამომეტყველებას, პირის მოძრაობას და ემოციებს ფარავს. შესაბამისად, მოსწავლემ უნდა გამოიჩინოს მეტი სმენითი ყურადღება და კონცენტრაცია იმისთვის, რომ ინფორმაცია სრულფასოვნად მიიღოს.
პირველი გაკვეთილი ყველა კლასში მიეძღვნა COVID-19-ის და უსაფრთხოების რეგულაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ბავშვებს ასევე წარმოუდგინეს გაკვეთილების ახალი ცხრილი.
პირველკლასელებში ემოცია და ღელვა განსაკუთრებით იგრძნობოდა, თუმცა, ეს ალბათ Covid-19-ის გარეშეც ასე იქნებოდა. პირველკლასელების მშობლები ფიქრობენ, რომ იმ შთაბეჭდილებას, რაც მათ შვილებს სკოლაზე უნდა შეექმნათ, დიდწილად განსაზღვრავს სკოლაში უწყვეტად სიარული. მშობლები ასევე ფიქრობენ, რომ პირველკლასელთა გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე შეარყევს ბავშვების წარმოდგენას სწავლაზე, მეტიც, ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათი ფსიქიკისთვის.
მშობლები და ბავშვები სკოლაში დაბრუნებით ბედნიერები არიან და არ სურთ დისტანციური სწავლების რეჟიმში დაბრუნება. ისინი მზად არიან დაიცვან განათლების სამინისტროს მიერ შემოღებული რეგულაციები.
მერვეკლასელები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური დასწრება სკოლაში, ერთმანეთისთვის და მასწავლებლისთვის სხვადასხვა საკითხებზე აზრების გასაზიარებლად.
ბავშვების, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ახალ წესებთან ადაპტირების მზაობა და ენთუზიაზმი ტოვებს იმ მოლოდინის იმედს, რომ სასწავლო პროცესის უსაფრთხო მენეჯმენტი, სკოლაში ფიზიკურად დასწრების პირობებში, შესაძლებელია COVID-19-ის რეალობაშიც.