როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცხოვრება - ბავშვების ხმები

გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰკითხა ბავშვებს და მოზარდებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თუ როგორ ეჩვევიან ისინი ახალ რეალობას და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება.

UNICEF
Nika Khelaia
UNICEF/GEO-2020/Turabelidze
12 მაისი 2020

სკოლის მოსწავლეობა ისედაც არ არის იოლი, კორონავირუსის პანდემიამ კი განათლების პროცესი და მთლიანად ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა ბავშვების და მოზარდების უმრავლესობისთვის.

მას შემდეგ, რაც სკოლები დაიხურა, სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. სპორტული და სხვა სასკოლო ღონისძიებები და აქტივობები გაუქმდა. მეგობრობამ და ადამიანებთან ურთიერთობამ ონლაინ ჩატებში და ვიდეო ზარებში გადაინაცვლა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰკითხა ბავშვებს და მოზარდებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თუ როგორ ეჩვევიან ისინი ახალ რეალობას და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება.


 

Mate Dvalishvili
UNICEF/GEO-2020/Mirzashvili

მათე დვალიშვილი, 15 წლის, ქუთაისი

კორონავირუსის პანდემიამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სკოლაში სიარულის პერიოდში ვიღლებოდი, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად, ამის შედეგად, იოლად ვიძინებდი. ახლა დღის განმავლობაში ვერ ვიღლები, შესაბამისად, ღამე ვეღარ ვიძინებ, დილითაც გვიან ვიღვიძებ. ამიტომ ვიდეოგაკვეთილებზეც კი ვაგვიანებ ხოლმე  ან საერთოდაც ვაცდენ.

ადრე 8 საათზე ვიღვიძებდი, 9-ზე უკვე სკოლაში ვიყავი. გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელთან მივდიოდი, შემდეგ - სპორტი. სახლში დაბრუნებისას გაკვეთილებს ვამზადებდი და თუ დრო დაგვრჩებოდა, მეგობრები ვიკრიბებოდით. ღამე 11-12 საათზე ვიძინებდი. ახლა  12, 1 ან ზოგჯერ დღის 2 საათზე ვდგები. კარგ ამინდში ველოსიპედით თუ გავისეირნებ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, დანარჩენ დროს სახლში ონლაინ თამაშებს და ფილმების ყურებას ვუთმობ. ვწვები ღამის 1 ან 2 საათზე, შესაძლებელია მეგობრებთან ერთად ვიდეო ჩატში ვიყო ღამის 3-4 საათამდე, ხანდახან დილამდეც კი.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები იგივენაირად ცდილობენ გაკვეთილის წარმართვას, როგორც სკოლაში, ვერ ვიტყვი, რომ ონლაინ გაკვეთილები ისეთივე საინტერესოა, როგორც რეალურ სივრცეში. სამეცადინო ახლა ოდნავ ნაკლები მაქვს. გაკვეთილებზე სკოლაში მეტად ვაქტიურობდი, ინტერაქტივიც მეტი იყო. პროგრამები, რომლითაც  ონლაინ გაკვეთილებისას ვსარგებლობთ, სკოლას ვერ შეცვლის. იმისთვის, რომ ონლაინ სწავლება ეფექტური გახდეს, სასურველია ისეთი პროგრამა შეიქმნას, რომელიც სასკოლო სწავლებაზე იქნება ორიენტირებული. ამასთანავე აუცილებელია, რომ მასწავლებლებმა კარგად იცოდნენ პროგრამის გამოყენება.

ახალ რეალობაში ყველაზე მეტად თავად ახალი რეალობა მიჭირს: უსაქმურობა (თითქმის 2 თვეა), მეგობრებთან რეალობაში ურთიერთობების ძალიან დიდი ნაკლებლობა. გაუსაძლისი არ არის, თუმცა ძალიან მძიმეა.

Mate Dvalishvili
UNICEF/GEO-2020/Mirzashvili
Mate Dvalishvili
UNICEF/GEO-2020/Mirzashvili

 

 


 

 

 

Keta Tkhilaishvili
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze

ქეთა თხილაიშვილი, 10 წლის, ბათუმი

მას შემდეგ, რაც ჩემს სკოლაში სწავლა შეწყდა, ცხოვრება მთლიანად შემეცვალა. თუ ადრე დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში თანაკლასელებთან ერთად ვატარებდი, ახლა ეს დრო თავისუფალი მაქვს.

როცა სკოლაში დავდიოდი, ჩემი განრიგი ასეთი იყო: ვდგებოდი ადრე, ვემზადებოდი სკოლისთვის, მქონდა ასევე დამატებითი გაკვეთილები - გერმანული ენა, ჭადრაკი,  ცეკვის წრე და სხვა.

ახლა ჩემი განრიგი თვითიზოლაციის წესებით არის დალაგებული: ვიღვიძებ 10 საათზე, ვსაუზმობ, ვერთვები ონლაინ გაკვეთილებზე. თავისუფალ დროს ვატარებ როგორც მინდა, შემდეგ კი ვმეცადინეობ. ზოგჯერ ვუყურებ ტელეგაკვეთილებს. სულ სახლში ვარ. რადგან ახლა ბევრი დრო მაქვს, ვცდილობ სამუშაო და თავისუფალი დრო მე თვითონ გადავანაწილო.

ძველი დროიდან ყველაზე მეტად მენატრება სკოლაში კლასელებთან ურთიერთობა. როცა სკოლაში დავდიოდი, სამეცადინო მეტი მქონდა, მაგრამ გაკვეთილები გაცილებით უშუალო და საინტერესო იყო, მეტად ვიყავი კონცენტრირებული. ონლაინ გაკვეთილები ჯერ მაინც სიახლეა. ჯგუფური ონლაინ მეცადინეობა და მასწავლებლის გაგება ზოგჯერ მიჭირს, იმიტომ რომ ონლაინ გაკვეთილები ხშირად წყდება და ტექნიკურად გამართული არ არის. თუმცა, ესეც საინტერესოა - ვისწავლე დავალებების ელექტრონულად გაკეთება და ინტერნეტში ინფორმაციის მოძებნა. აქამდე მეგონა, ინტერნეტი მხოლოდ გასართობად გამოიყენებოდა.

ვისურვებდი, სკოლაში მალე დავბრუნდეთ და სანამ ეს მოხდება, ინტერნეტში ერთმანეთს სათქმელი შეფერხების გარეშე გავაგებინოთ.

Keta Tkhilaishvili
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze
Keta Tkhilaishvili
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze

 

 


 

 

 

Sandro Turabelidze
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

სანდრო ტურაბელიძე, 11 წლის, სოფელი ჯიმასტარო, იმერეთი

პანდემიის პირობებში მომიწია დისტანციურ ანუ ონლაინ სკოლაზე გადასვლა. ასე სწავლა არ მიჭირს, ადვილია - სანამ გაკვეთილი დასრულდება, მასწავლებლები ჩაგვაწერინებენ დავალებას, მერე ვაკეთებთ, ვუღებთ რვეულს ფოტოს  და ვუგზავნით მასწავლებელს. შემდეგ გაკვეთილზე რომ შევხვდებით მე, მასწავლებელი და სხვა მოსწავლეები, ჩავაბარებთ გაკვეთილს და მოვუყვებით ყველაფერს დავალების შესახებ. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ჩემს დასთან ერთად ვთამაშობ სახლში. არ გავდივარ მეზობლებთან, როგორც ადრე. ჩემთვის ვთამაშობ ეზოში,  მაინც ვცდილობ თვით იზოლირებული ვიყო. დროს ვუთმობ მეგობრებთან ერთად გართობას - ვურეკავ ხოლმე, ერთმანეთს ველაპარაკებით და ვთამაშობთ ონლაინ. ეზოში მხოლოდ 5-დან 10 წუთი გავალ ხოლმე, ჩემთვის რაღაცეებს ვითამაშებ, მაგალითად, ველოსიპედით გავისეირნებ, ან ბურთს ვეთამაშები ჩემ თავს და როდესაც ეს დრო ამოიწურება, შემოვდივარ, რადგან ვცდილობ, რომ მეზობლებს არ შევეხო.

Sandro Turabelidze
UNICEF/GEO-2020/Turabelidze
Sandro Turabelidze
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

 

 


 

 

 

Elene Iashvili
UNICEF/GEO-2020/Mirzashvili

ელენე იაშვილი, 11 წლის, სოფ. ქვიტირი

მე სოფელ ქვიტირში ვცხოვრობ და ქუთაისის ჭადრაკის სკოლაში ვსწავლობ. წელს დიდი გეგმები მქონდა - ძალიან მინდოდა მეთამაშა საქართველოს, ფოთის, რაჭის და ტყიბულის ტურნირები ჭადრაკში. ტურნირებზე მოგზაურობა ცალკე სიამოვნებაა - ფოთში პარტიის შემდეგ განტვირთვისთვის ზღვაზე გავდიოდით, რაჭაში საღამოს პლედით ვსხდებოდით და სუფთა ჰაერს ვსუნთქავდით, ტყიბულში აუზზე დავდიოდით. ახლა ონლაინ თამაშები მაქვს გადმოწერილი და კომპიუტერს ვეთამაშები ჭადრაკს. ონლაინ საჭადრაკო ტურნირები მხოლოდ დიდებისთვის ტარდება, ჩემი ასაკის ბავშვებში ძალიან იშვიათად. ბაბუსაც ვეთამაშები ხოლმე, მაგრამ ბავშვი მოჭადრაკესთვის კარანტინის პირობებში ძალიან რთულია განვითარება.

თავიდან ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. მაგრამ მეგობრებთან ერთად გამოსავალი ვიპოვეთ: შევქმენით ჩატი და იქ ვკონტაქტობთ ძალიან ხშირად. ჩატს „გოგონები“ დავარქვით, მაგრამ მოგვიანებით ბიჭებიც დავამატეთ. ასეთი ურთიერთობები ძალიან მეხმარება.

სკოლების დაკეტვამ ყველა კომპიუტერზე მიგვაჯაჭვა. ონლაინ გაკვეთილი ვერ ცვლის სკოლის გაკვეთილს. სკოლაში უფრო დეტალურად გვიხსნიან საგანს. თანაც, ჩემი კლასელებიდან ბევრი ვერ ესწრება ონლაინ გაკვეთილს. შეიძლება ინტერნეტი აქვთ, მაგრამ არ აქვთ თავისი ტელეფონი ან ლეპტოპი. უსამართლო იქნება, თუ ამის გამო პრობლემები შეექმნებათ.

თვითიზოლაციის დროს ფოტოების გადაღებით დავინტერესდი. ეზოში გავდივარ, ყვავილებს ვუღებ. ახლა მარწყვიც შემოვიდა. ვცდილობ, ხალისიანი სურათები გადავიღო, რომ ჩაკეტილ სივრცეში მყოფი ადამიანები გახალისდნენ. ბუნებასთან ურთიერთობაც ხომ ერთ-ერთი გამოსავალია.

Elene Iashvili
UNICEF/GEO-2020/Mirzashvili
Elene Iashvili
UNICEF/GEO-2020/Mirzashvili

 

 


 

 

 

Luka Turabelidze
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

ლუკა ტურაბელიძე, 10 წლის

მეოთხე კლასში ვარ და უკვე 2 თვეა ონლაინ ვსწავლობ. სულ არ მიჭირს დისტანციური სწავლა, ვგებულობ ადვილად.

თავისუფალ დროს ვერთობი ველოსიპედით, ბურთით. გამიმართლა, რომ ეზო გვაქვს, მთელი დღეები სახლში ჯდომა არ გვიწევს. ისე, სტუმრად აღარ დავდივართ და არც არავინ მოდის ჩვენთან. ამის გამო ცოტა მოვიწყინე. ჩემი კლასელებიც მომენატრნენ, კი ველაპარაკები ტელეფონით, მაგრამ ნახვა და ერთად თამაში სულ სხვაა. დედა და მამა ამბობენ, რომ მალე გადაივლის პანდემია და ისევ შევძლებთ ჩვეულებრივად ცხოვრებას. იმედია, ამ ზაფხულს მდინარეზე ვივლით ხოლმე და კარგად გავერთობით.

Luka Turabelidze
UNICEF/GEO-2020/Turabelidze
Luka Turabelidze
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

 

 


 

 

 

Tekla and Lile
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

ნანა სამხარაძე, თეკლა და ლილე მაჭავარიანების დედა

თეკლა და ლილე პანდემიის პერიოდიში სახლში შეძლებისდაგვარად ერთობიან. ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ სწავლა-განათლებას - 4 და 5 წლის არიან და ამ ასაკს რაც შეესაბამება, მივყვებით იმ უნარ-ჩვევების შესწავლას, როგორც შეგვიძლია. ვსწავლობთ ასოებს, რიცხვებს, მიმატება-გამოკლებას, დიდ დროს ვუთმობთ თამაშს. ხან რას ვიგონებთ, ხან რას - პატარა ყვავილების ხეივანიც გააშენეს გოგოებმა, მთელი სახლი ამათი სათამაშოებითაა მოფენილი. მოკლედ, ვერთობით ერთად და ვცდილობთ, პანდემიის პერიოდი არ ვაგრძნობინოთ ბავშვებს. კარგია, რომ ერთმანეთი ჰყავთ, მარტო ალბათ უფრო მოიწყენდნენ.

Tekla and Lile
UNICEF/GEO-2020/Turabelidze
Tekla and Lile
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

 

 


 

 

 

Giorgi Kapchelashvili
UNICEF/GEO-2020/Mirzashvili

გიორგი კაპჭელაშვილი, 17 წლის, ქუთაისი

ჩემზე ძალიან ცუდად აისახა ეს ცვლილებები. ამდენი ხანი სახლში ყოფნა ჯანმრთელობისთვის მავნებელია. დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან ვატარებ. ძალიან მაკლია ადამიანებთან ურთიერთობები.

თუ კი ადრე  8 საათზე ვდგებოდი, ახლა შუადღისას ვიღვიძებ. საწოლშივე ტელეფონით ვერთობი, შემდეგ „ვსაუზმობ“ და ისევ - ტელეფონი. გამონაკლისი კვირაში სამი დღეა, როდესაც ონლაინ გაკვეთილები 10 საათზე იწყება და ადრე მიწევს გაღვიძება.

ვფიქრობ, მონდომების შემთხვევაში, ონლაინ სწავლების პირობებშიც შესაძლებელია კარგი განათლების მიღება. თუმცა, რეალური სკოლა უფრო საინტერესო იყო. მეგობრებთან ერთად მსჯელობა მეხმარებოდა გაკვეთილის უკეთ გაგებაში. ძალიან მიყვარს მათემატიკა და ამის გამო მათემატიკის მასწავლებელთან სიარული მენატრება.  

თუმცა ერთი დადებითი მხარე მაინც ვიპოვე - მუსიკალური ბენდის წევრი ვარ, ელექტრო-გიტარაზე ვუკრავ. ამ კარანტინის დროს შესრულების ტექნიკა საგრძნობლად გავიუმჯობესე. აგრეთვე გავიღრმავე ინგლისური ენა. ამაში ჩემი და დამეხმარა, ის ინგლისურის მასწავლებელია.

Giorgi Kapchelashvili
UNICEF/GEO-2020/Mirzashvili
Giorgi Kapchelashvili
UNICEF/GEO-2020/Mirzashvili

 

 


 

 

 

Amiko Turabelidze
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

ამიკო ტურაბელიძე, 12 წლის

ძალიან მომწონს ტელესკოლის გადაცემები, ხშირად ვუყურებ ხოლმე. დისტანციური სწავლება მე პირადად ძალიან მომწონს, რადგან უფრო მეტი თავისუფალი დრო მრჩება. ახლა უფრო მეტად ვერთობი ველოსიპედით სეირნობით, ხატვით, მუსიკით. კიდევ, ვეხმარები ბაბუას ვენახში. მეგობრებს ინტერნეტით ვუკავშირდებით, მაგრამ ვერ ვხვდებით ერთმანეთს და ვერ ვესაუბრებით, ვერ ვნახულობთ. იმედია კარგად იქნება ყველაფერი და შევხვდებით მალე ერთმანეთს.

Amiko Turabelidze
UNICEF/GEO-2020/Turabelidze
Amiko Turabelidze
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

 

 


 

 

 

Nika Khelaia
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

ნიკა ხელაია, 13 წლის

თავიდან მქონდა შიში, რომ გამიჭირდებოდა დისტანციური მეცადინეობის ათვისება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ისეთი რთული, როგორც ველოდი. შეიძლება ითქვას, იოლიც კია. ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგანი ამ ეტაპზე ანატომიაა, რადგან ვაპირებ ექიმი გამოვიდე, კონკრეტულად კი - ქირურგი. ძალიან ბევრ ოლიმპიადაში და შეჯიბრში გამოვდივარ ხოლმე და იმედი მაქვს, სექტემბრიდან ისევ შევძლებ მონაწილეობას.

თავისუფალ დროს ჩემს ძმასთან ერთად ვერთობი, ვსეირნობ ველოსიპედით, ვატარებ დროს გარეთ. მე პატარა ძმა მყავს, 2 წლის და ვცდილობ, არ მოვაწყინო. თან ჩემს მშობლებსაც ვეხმარები, რომ დღის განმავლობაში სახლის საქმეების გაკეთება მოასწრონ.

Nika Khelaia
UNICEF/GEO-2020/Turabelidze
Nika Khelaia
UNICEF/GEO-2020/Turabelidze