როგორ შეუძლიათ მოზარდებს, დაიცვან თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობა კორონავირუსის (COVID-19)-ის დროს

6 სტრატეგია მოზარდებისთვის ახალ (დროებით) რეალობაში

გაეროს ბავშვთა ფონდი
girl
UNICEF/UN0140097/Humphries

30 მარტი 2020

< უკან COVID-19-ის გვერდზე
 

თინეიჯერობის პერიოდი ყოველთვის რთულია, ხოლო კორონავირუსის დაავადება (COVID-19) მას კიდევ უფრო ამძაფრებს. სკოლის დახურვისა და გაუქმებული ღონისძიებების გამო ბევრმა მოზარდმა დაკარგა ახალგაზრდების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტების განცდის შესაძლებლობა - ისევე როგორც ისეთი ყოველდღიური სასიამოვნო მომენტები, როგორიცაა მეგობრებთან საუბარი და კლასში მონაწილეობა.

მოზარდებმა, რომლებიც მათი ცხოვრების წესის შეცვლის გამო ნერვიულობენ, ღელავენ, იზოლირებულნი და იმედგაცრუებულნი არიან, უნდა იცოდნენ: ამას მხოლოდ თქვენ არ განიცდით. ჩვენ ვესაუბრეთ დოქტორ ლიზა დამურს - მოზარდთა ფსიქოლოგიის ექსპერტს, ბესტსელერი ნაშრომების ავტორს, „ New York Times“-ის მიმომხილველს და ორი შვილის დედას იმაზე, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ რომ მოუაროთ საკუთარ თავს და იზრუნოთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

 

1. აღიარეთ, რომ თქვენი ნერვიულობა სრულიად ნორმალურია

თუ თქვენ სკოლის დახურვისა და მედიაში გავრცელებული შემაშფოთებელი ინფორმაციის გამო ღელავთ, თქვენ მარტო არ ხართ. სინამდვილეში, ამ სიტუაციაში თავს სწორედ ასე უნდა გრძნობდეთ. „ფსიქოლოგებმა დიდი ხანია აღიარეს, რომ ღელვა ნორმალური და ჯანმრთელი ფუნქციაა, რომელიც საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს და თავის დაცვის ზომების მიღებაში გვეხმარება“ - ამბობს დოქტორი დამური. „მღელვარება დაგეხმარებათ მიიღოთ საჭირო ზომები საკუთარი თავის დასაცავად  - მოერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს და არ გაატაროთ დრო დიდ ჯგუფებში, დაიბანოთ ხელები და არ შეეხოთ თქვენს სახეს. ეს გრძნობა აგრეთვე გვეხმარება ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც, ჩვენი საზოგადოების წევრებზე. ის ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზეც გვაფიქრებს“.

თუმცა COVID-19-ით გამოწვეული ნერვიულობა სრულიად გასაგებია, დარწმუნდით, რომ „ინფორმაციას მხოლოდ სანდო წყაროებიდან იღებთ [როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდები], ან გადაამოწმეთ ნაკლებად სანდო არხებით მიღებული ცნობები“, - გვირჩევს დოქტორი დამური.

თუ თქვენ იმიტომ ნერვიულობთ, რომ დაავადების სიმპტომები გაქვთ, მნიშვნელოვანია უთხრათ ამის შესახებ მშობლებს. „გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსული დაავადება ზოგადად სუსტად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში“, - ამბობს დოქტორი დამური. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ COVID-19-ის მრავალი სიმპტომის მკურნალობა შეიძლება. იგი გირჩევთ, რომ თუ თავს ცუდად გრძნობთ, ან ვირუსის გამო ნერვიულობთ, უთხარით ამის შესახებ მშობლებს ან იმ უფროსს, რომელსაც ენდობით, რომ მათ თქვენი დახმარება შეძლონ.

გახსოვდეთ: “არსებობს უამრავი ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ საკუთარი თავი და სხვები დავიცვათ და სიტუაცია უკეთ ვაკონტროლოთ: ხშირად დავიბანოთ ხელები, არ შევეხოთ სახეს და დავიცვათ სოციალური დისტანცია“.

>> წაიკითხეთ მეტი ხელების დაბანაზე

 

2. მოიფიქრეთ, რაზე შეიძლება გადაიტანოთ ყურადღება

„ფსიქოლოგებისთვის ცნობილია, რომ ქრონიკულად რთულ პირობებში ყოფნისას, ძალიან სასარგებლოა პრობლემის ორ კატეგორიად დაყოფა: საკითხებად, რომლებთან დაკავშირებითაც შეგვიძლია რაიმე ვიღონოთ, და ისეთად, რომელსაც ვერაფერს მოვუხერხებთ“, - ამბობს დოქტორი დამური.

ახლა მეორე კატეგორიაში ძალიან ბევრი რამ შედის და ეს სწორია. ერთი რამ, რაც ასეთი მდგომარეობის დაძლევაში დაგვეხმარება არის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. დოქტორი დამური გვირჩევს გავაკეთოთ საშინაო დავალებები, ვუყუროთ საყვარელ ფილმებს ან წამოვწვეთ და ვიკითხოთ საინტერესო რომანი, რაც განტვირთვასა და ემოციური წონასწორობის დაცვაში დაგვეხმარება.

 

3. გამონახეთ თქვენს მეგობრებთან კომუნიკაციის გზები

თუ სოციალური დისტანცირების პირობებში  მეგობრებთან დროის გატარება გინდათ, სოციალური მედია ამის საუკეთესო საშუალებაა. შემოქმედებითად მიუდექით პრობლემას: შეუერთდით „Tik-Tok“ გამოწვევას, როგორიცაა მაგალითად #safehands. „მე ყოველთვის ჯეროვნად ვაფასებდი თინეიჯერების შემოქმედებით უნარს,” - ამბობს დოქტორი დამური. „ვფიქრობ, ისინი იპოვიან გზებს რომ ერთმანეთს ინტერნეტით ეკონტაქტონ, თუმცა ეს მათი ჩვეული ურთიერთობებისგან განსხვავებული გზაა“.

„თუმცა, ეკრანებთან ან სოციალურ მედიაში უწყვეტად ყოფნა კარგი იდეა არ არის. ეს ცუდია ჯანმრთელობისთვის, არ არის გონივრული და შეიძლება თქვენი მღელვარება გააძლიეროს“, - ამბობს დოქტორი დამური. ის გირჩევთ ეკრანებთან ყოფნის გრაფიკი მშობლებთან ერთად შეიმუშაოთ.

 

4. მოახდინეთ კონცენტრირება საკუთარ თავზე

შეიძლება თქვენ სულ გინდოდათ გესწავლათ რაიმე ახლის კეთება, წაგეკითხათ ახალი წიგნი ან გევარჯიშათ მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრაში? ახლა სწორეს ამის დროა. საკუთარ თავზე კონცენტრირება და ახლად გამოთავისუფლებული დროის გამოყენების გზების პოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კარგი საშუალებაა. „მე შევადგინე ყველა იმ წიგნის სია, რომლის წაკითხვაც მსურდა და სასურველი საქმიანობების ჩამონათვალი.” - ამბობს დოქტორი დამური.

 

„როდესაც  ვიტანჯებით, ამ გრძნობის დაძლევის ერთადერთი გზა მისი გადატანაა”

 

5. ნუ შებოჭავთ თქვენს გრძნობებს

მეგობრებთან ურთიერთობის, გართობის ან სპორტული შეჯიბრებების გარეშე დარჩენა ძალიან სამწუხაროა. „ეს დიდი დანაკლისია. თინეიჯერები იმედგაცრუებულნი არიან და ეს სრულიად მართებულია“ - ამბობს დოქტორი დამური. როგორია ამ იმედგაცრუებასთან გამკლავების საუკეთესო გზა? მიეცი საკუთარ თავს განცდების უფლება. „როდესაც ვიტანჯებით, ერთადერთი გზა ამ გრძნობის გადატანაა. იყავით სევდიანი და თუკი თქვენს თავს ამის უფლებას მისცემთ,  სევდის დაძლევას უფრო სწრაფად შეძლებთ“.

საკუთარ გრძნობებს ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება. „ზოგი ბავშვი ხელოვნებით ერთობა, ზოგი მეგობრებს ელაპარაკება და ისინი ერთმანეთს საერთო სევდას უზიარებენ. ეს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებაა ისეთ დროს, როდესაც ერთად ვერ არიან. ზოგ ბავშვს კი უნდა საკვები მიიტანოს სასურსათო ბანკებში.“ - ამბობს დოქტორი დამური. რაც მთავარია, უნდა აკეთო ის, რაც შენთვის უფრო მისაღებია.

 

6. გამოიჩინეთ სიკეთე საკუთარი თავისა და სხვების მიმართ

კორონავირუსთან დაკავშირებით, ბევრი ბავშვი სკოლაში ან ინტერნეტით ბულინგსა და ძალადობას განიცდის. „ნებისმიერი სახის ბულინგის დაძლევის საუკეთესო გზა მოწმეების ჩართვაა“ - ამბობს დოქტორი დამური. „არ უნდა ველოდოთ, რომ მოძალადეებს ბულინგის სამიზნე ბავშვები და მოზარდები დაუპირისპირდებიან; უფრო მეტიც, ჩვენ უნდა წავაქეზოთ ისინი, რომ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მეგობრებს ან უფროსებს მიმართონ“.

თუ თქვენ ხედავთ, რომ თქვენი მეგობარი ბულინგის მსხვერპლია, შეეცადეთ დაეხმაროთ მას. თუ თქვენ არაფერს იღონებთ, თქვენი მეგობარი იფიქრებს რომ ყველა მის წინააღმდეგაა ან რომ ის არავის ადარდებს. თქვენმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი შეცვალონ.

გახსოვდეთ: ახლა, ისე როგორც არასდროს, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენს მიერ გაზიარებულმა ინფორმაციამ ან ჩვენმა სიტყვებმა ტკივილი არ მიაყენოს სხვებს.

 

თვალი ადევნეთ უახლეს ინფორმაციას კორონავირუსის  (COVID-19)-ის შესახებ.

 

< უკან COVID-19-ის გვერდზე

აღმოაჩინე მეტი