დაასრულე ძალადობა

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების შეცვლისკენ მიმართული კამპანია

UNICEF
Students
UNICEF/Geo-2018

20 დეკემბერი 2018

კამპანიის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა და დებატები  ბავშვებზე ძალადობის უარყოფითი გავლენის უკეთ გააზრების მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კამპანიის ფარგლებში მშობლები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და საზოგადოების წევრები მსჯელობენ, თუ რა არის ძალადობა და იგებენ აღზრდის და კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული, პოზიტიური მეთოდების შესახებ.

ეს აქტივობები ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოებული სოციალური ნორმების ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის „დაასრულე ძალადობა“ ფარგლებში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კამპანიის მიზანია ძალადობის თემაზე საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირება იმისთვის რომ მეტმა ადამიანმა შეიტყოს და მიმართოს  აღზრდის ალტერნატიულ, პოზიტიურ მეთოდებს.

კამპანიას საფუძვლად დაედო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული სოციალური ნორმების კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება დისციპლინის დასამყარებლად სოციალური ნორმაა საქართველოში. კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად აუცილებელია სოციალური ნორმების შეცვლა.

Students
UNICEF/geo-2018

კამპანიის შედეგად შეიქმნა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში შემდგომი ცვლილებების განხორციელების საქმეში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 7 შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც დაესწრო 200-ზე მეტი ადამიანი,  300-ზე მეტი მშობელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო აღზრდის პოზიტიური მეთოდების შესახებ დისკუსიებში, 30-ზე მეტმა სკოლის მასწავლებელმა გაიარა სპეციალური ტრენინგი პოზიტიური დისციპლინური ზომების შესახებ, 200-მდე ბავშვმა და ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა ძალადობის თემაზე მოწყობილ საჯარო დებატებსა და დისკუსიებში და  გაეცნო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მეთოდებს.

„ამ შეხვედრის შედეგად მე გავაცნობიერე, რომ მეტი კომუნიკაცია ჩემს შვილებთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე უფრო ხშირად უნდა მოვუსმინო ჩემს შვილებს“

ია კანდაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი

სკოლის ბავშვებთან გამართული საჯარო დებატები და დისკუსიები დაეხმარა მათ იმის გაცნობიერებაში, რომ ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა ძალადობას სახლში ან სკოლაში განიცდის  და რომ ბავშვებისთვის, რომლებიც განიცდიან ძალადობას, არსებობს დახმარების საშუალებები. საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი თინაშვილი ამბობს:

„მივხვდი, რომ ჩემნაირი სირთულეები სხვებსაც აქვთ. აღმოჩნდა, რომ სხვა ბავშვებსაც ექმნებათ პრობლემა საკუთარი აზრის გამოთქმისას, მე კი მეგონა რომ ეს მხოლოდ ჩემს სკოლაში და სახლში ხდებოდა. მე არ ვიცოდი ბავშვის ცხელი ხაზის ან გადაუდებელი დახმარების ნომრების არსებობის შესახებ. ამის ცოდნა ძალიან დამეხმარება, მეგობრების გარდა სხვებსაც შევძლებ გავუზიარო ჩემი ამბავი, შევიძინო ახალი კავშირები“.

უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა ძალადობაზე გამართულ დისკუსიებში და შეიტყვეს პრობლემების მოგვარების არაძალადობრივი მეთოდების შესახებ. ეს შეხვედრები დაეხმარა მათ დაენახათ მათი თემის შიგნით ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა.

#ENDviolence
UNICEF/Geo-2018

“ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც შეუძლია ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამოვლენა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ მე გპირდებით, რომ ეს ასე არ იქნება ჩემს შემთხვევაში.”

თინათინ კვარაცხელია, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი.

ძალადობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების თემაზე მასწავლებლებისთვის ჩატარებული ტრენინგები და ღია გაკვეთილები დაეხმარა მასწავლებლებს გაეგოთ ბავშვებში დისციპლინის დამყარების უფრო პოზიტიური მეთოდების შესახებ. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა ასევე შეიმუშავა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ახალი საგანმანათლებლო რესურსები, რომელბსაც მასწავლებლები გაკვეთილების ჩატარებისას გამოიყენებენ,

სოციალურ მედიაში გამართულმა კამპანიამ ხელი შეუწყო ძალადობის შესახებ დისკუსიის დაწყებას. ამ კამპანიას მხარი დაუჭირეს ცნობილმა ადამიანებმა, რომლებმაც ძალადობასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

სოციალური ნორმების შეცვლა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ კამპანიამ დაიწყო დიალოგი ძალადობის და აღზრდის მეთოდების თემაზე და შესთავაზა საზოგადოებას დისციპლინის დამყარების ალტერნატიული, არაძალადობრივი მეთოდები.

„გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ბავშვის დაცვის სახელმწიფო მექანიზმების გასაძლიერებლად, თუმცა, სასურველი ცვლილებები არ დადგება თუ არ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება და ნორმები. ამიტომ, აუცილებელია სოციალური ცვლილების შესახებ კომუნიკაციის ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკასა და ბიუჯეტში“, ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ბატონი ღასან ხალილი.

Meeting with the teachers
UNICEF/geo-2018

 კამპანიის შედეგად უკვე ჩამოყალიბდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ცვლილებებზე ადგილობრივ თემებში და აგრძელებს ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული სოციალური ნორმების ცვლილებაზე მუშაობას.

ეკატერინე როსტიაშვილი, მშობელი, რომელიც დაესწრო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას, ამბობს: „ოჯახები და სკოლები ვერაფერს გააკეთებენ ჩვენი ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად თუ ისინი ერთად არ იმუშავებენ. ძალადობას ყოველთვის აქვს ალტერნატივა. ძალადობა ყველაზე ცუდი მეთოდია“.

აღმოაჩინე მეტი