ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთიანდებიან საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გასაუმჯობესებლად

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2021 წლის 18 მარტი. ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარებიან საქართველოს ბავშვებს, იცხოვრონ დაცულ და მზრუნველ ოჯახურ გარემოში და ხელი მიუწვდებოდეთ ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე.
პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მიზანია დაეხმაროს მთავრობას ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში, მათ შორის, დაგეგმილი ღონისძიებების დეცენტრალიზაციაში, ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტს განახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტია 2 მილიონი ევრო.
"“ევროკავშირი მოხარულია კვლავ ითანამშრომლოს გაეროს ბავშვთა ფონდთან და ამჯერად დაეხმაროს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, განხორციელებაში." - კარლ ჰარცელი
“ევროკავშირი მოხარულია კვლავ ითანამშრომლოს გაეროს ბავშვთა ფონდთან და ამჯერად დაეხმაროს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, განხორციელებაში. ჩვენი ერთობლივი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვებს გადავიდნენ ინსტიტუციებიდან ოჯახურ გარემოში და გააძლიერებს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებულ მიდგომებს. პროექტი ინტენსიურად იმუშავებს ადგილობრივ მთავრობებთან და მუნიციპალურ სოციალურ მუშაკებთან, რათა დაუცველ ბავშვებს და ოჯახებს ხელი მიუწვდებოდეთ აუცილებელ მომსახურებებთან. ბავშვთა უფლებები, ისევე როგორც სხვა უფლებები, არ ექვემდებარება გადახედვას. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ქართველ პარტნიორებთან ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით“, განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. .
"ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის, საქართველოში ბავშვთა უფლებების, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებაში განუხრელი მხარდაჭერისათვის." - ღასან ხალილი
„ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს მზუნველ ოჯახურ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. ახალი პარტნიორობა ევროკავშირთან შესაძლებელს გახდის ოჯახების მხარდამჭერი მომსახურებების განვითარებას და გაძლიერებას,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „პროექტი ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებას. ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის, საქართველოში ბავშვთა უფლებების, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებაში განუხრელი მხარდაჭერისათვის.“
დამატებით, პროექტი
- გააძლიერებს სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობებს ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით.
- დაეხმარება მოქალაქეებს, თემებს, პროფესიონალებს და მშობლებს ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდების გამოყენებაში, რაც ასევე მოიაზრებს ბავშვთა უფლებების პატივისცემას. ეს გულისხმობს გოგონების და ბიჭების უფლებას, იცხოვრონ ოჯახურ გარემოში, რომელიც თავისუფალია ძალადობისგან, სადაც ბავშვებმა იციან საკუთარი უფლებები და ამ უფლებებით სარგებლობა.
- მართლმსაჯულების სისტემაში დაამკვიდრებს ბავშვზე მორგებულ მიდგომას ყველა ბავშვისთვის, ვინც არის კონტაქტში კანონთან, დაზარალებულ/დანაშაულის მოწმე ბავშვების და ოჯახებიდან განცალკევებული ბავშვების ჩათვლით.
- გააძლიერებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოს, რათა განხორციელდეს დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელი რეფერირების პროცედურები და ხარისხიანი პროგრამები რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის, კრიმინალური პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და განრიდების პროგრამის მონაწილე ბავშვებისთის
კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევები შეუქმნა ბავშვებს და ოჯახებს. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და მოსალოდნელი სამუშაოს დაკარგვა კიდევ უფრო ზრდის ოჯახების დაუცველობას და რისკს ბავშვებისთვის. ეს პროექტი მხარას დაუჭერს ბავშვების უფლებების დაცვას პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც.
დამატებითი ინფორმაცია
2005 წლიდან, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა დონორებისა და სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორების მხარდაჭერით, ახორციელებს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმას. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვების რაოდენობა დიდ სახელმწიფო დაწესებულებებში 2005 წელს არსებული 4100-იდან, 2020 წელს -- 77-მდე. 900-ზე მეტი ბავშვი რჩება არასახელმწიფო დაწესებულებებში. ბავშვთა მიმართ ძალადობა ოჯახებში, ბავშვთა დაწესებულებებში, მინდობით აღზრდაში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება; ბავშვების 69 პროცენტის მიმართ იყენებენ დასჯის ძალადობრივ მეთოდებს, ბევრი თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენება მისაღებია და რომ დასჯის ფიზიკური მეთოდები უფრო ეფექტიანია, ვიდრე აღზრდის/მშობლობის არაძალადობრივი მეთოდები.
2009 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. რეფორმამ ხელშესახები შედეგები გამოიღო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა არასრულწლოვანთა დანაშაულების პრევენციისათვის. 2010 წელს განრიდების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროგრამამ დახმარება გაუწია 4 000-ზე მეტ ბავშვს და ახალგაზრდას. ამის მიუხედავად, საჭიროა მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვა განრიდებული არასრულწლოვნებისათვის და კოორდინაციის გაძლიერება სხვადასხვა სპეციალისტებს შორის.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.