გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ბავშვთა სექსუალიზებული ფოტოების შესახებ
- English
- ქართული
ნიუ იორკი, 4 თებერვალი 2026 - გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი სექსუალიზებული ფოტოების სწრაფი გავრცელების გამო. განსაკუთრებით საგანგაშოა შემთხვევები, როდესაც რეალური ბავშვების ფოტოები AI-მანიპულაციის მსხვერპლი ხდება.
„დიფფეიქები“ - ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ან შეცვლილი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალაა, რომელიც იმდენად რეალისტურია, რომ რთულია მისი ნამდვილისგან გარჩევა. დღეს ამ ტექნოლოგიას სულ უფრო ხშირად იყენებენ ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური შინაარსის მასალის შესაქმნელად. მაგალითად, ე.წ. „გაშიშვლების“ (nudify) ხელსაწყოებით ფოტოზე ტანსაცმელს ციფრულად აქრობენ და ქმნიან ყალბ, შეურაცხმყოფელ გამოსახულებებს.
ახალი მტკიცებულებები ადასტურებს ამ მზარდი საფრთხის მასშტაბებს: UNICEF-ის, ECPAT-ისა და ინტერპოლის მიერ 11 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასულ წელს სულ მცირე 1.2 მილიონმა ბავშვმა განაცხადა, რომ მათი ფოტოები სექსუალური შინაარსის დიფფეიქებად გადააქციეს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ყოველ 25 ბავშვში ერთს ნიშნავს - ანუ საშუალოდ ერთ მოსწავლეს თითოეულ საკლასო ოთახში.
ბავშვები თავადაც მკაფიოდ გრძნობენ საფრთხეს. ზოგიერთ ქვეყანაში გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი შიშობს, რომ მათი გამოსახულება შეიძლება AI-მ ყალბი სექსუალური ფოტოების ან ვიდეოების შესაქმნელად გამოიყენოს. შეშფოთების დონე ქვეყნებს შორის განსხვავებულია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცნობიერების ამაღლებისა და დაცვის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებას.
უნდა ვიყოთ პირდაპირები: ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბავშვის სექსუალიზებული ფოტო არის ბავშვებზე სექსუალური ძალადობა. დიფფეიქებით ძალადობა არის რეალური ძალადობა და ზიანი, რომელსაც ის აყენებს ბავშვს, სრულიად ნამდვილია.
როდესაც ბავშვის ფოტოს ან იდენტობას იყენებენ, ის პირდაპირ ხდება მსხვერპლი. მაშინაც კი, თუ გამოსახულებაზე კონკრეტული პირი არ არის ამოცნობადი, ასეთი მასალები მაინც სახიფათოა: ისინი ახდენენ ბავშვების ექსპლუატაციის ნორმალიზებას, ზრდიან მოთხოვნას ძალადობრივ კონტენტზე და სამართალდამცავებს ურთულებენ ნამდვილი მსხვერპლების იდენტიფიცირებას.
გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება იმ დეველოპერებს, რომლებიც თავიდანვე ნერგავენ უსაფრთხოების მექანიზმებს (safety-by-design). თუმცა, სურათი არაერთგვაროვანია და ბევრი AI მოდელი ჯერ კიდევ სათანადო დაცვის გარეშე ვითარდება. რისკი განსაკუთრებით იზრდება, როდესაც ეს ხელსაწყოები ჩაშენებულია სოციალურ ქსელებში, სადაც მანიპულირებული ფოტოები ელვისებურად ვრცელდება.
გაეროს ბავშვთა ფონდი შესაბამის მხარეებს მოუწოდებს დაუყონებლივ გადადგან შემდეგი ნაბიჯები:
• მთავრობებს - განავრცონ ბავშვთა სექსუალური ძალადობის დეფინიცია ისე, რომ მასში მოიაზრებოდეს AI-ით შექმნილი მასალებიც. კანონმდებლობით მოხდეს ამგვარი მასალების შექმნის, შეძენის, ფლობის და გავრცელების კრიმინალიზება.
• AI დეველოპერებს - დანერგონ უსაფრთხოების მკაცრი ფილტრები, რომლებიც სისტემურ დონეზე დაბლოკავს AI-ს ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.
• ციფრულ კომპანიებს - მოახდინონ კონტენტის პრევენციული მოდერაცია. მიზანი უნდა იყოს ძალადობრივი მასალის გავრცელების აღკვეთა და არა მხოლოდ მისი წაშლა მას შემდეგ, რაც ფაქტი უკვე მოხდა. საჭიროა ინვესტირება აღმოჩენის ტექნოლოგიებში, რათა მასალა წაიშალოს მყისიერად და არა საჩივრიდან რამდენიმე დღის დაგვიანებით.
„დიფფეიქებით მიყენებული ტრავმა რეალური და გადაუდებელია. ბავშვები ვერ დაელოდებიან, სანამ კანონმდებლობა ტექნოლოგიურ პროგრესს დაეწევა.“
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.