6 გზა, რომლითაც მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ შვილებს კორონავირუსის (COVID-19-ის) პანდემიისას

ფსიქოლოგის რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს შვილებს გაუმკლავდნენ იმ უამრავ ემოციას, რომელსაც შესაძლოა ახლა განიცდიან

გაეროს ბავშვთა ფონდი
family
UNICEF/GEO-2018

24 მარტი 2020

კორონავირუსის პანდემიის (COVID-19) გავრცელებამ შფოთვა, სტრესი და გაურკვევლობა გამოიწვია -  ეს გრძნობები განსაკუთრებით ძლიერია ყველა ასაკის ბავშვებში. ყველა ბავშვი ამ ემოციებს  სხვადასხვა გზებით უმკლავდება, მაგრამ თუ თქვენი შვილის სკოლა დაიხურა, დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა ან ბავშვს მეგობრებთან განშორება მოუწია, მას ახლა სიყვარული და მხარდაჭერა ისე ძლიერ სჭირდება, როგორც არასდროს.

 

ჩვენ ვესაუბრეთ დოქტორ ლიზა დამურს - მოზარდთა ფსიქოლოგიის ექსპერტს, ბესტსელერი ნაშრომების ავტორს, „ New York Times“-ის მიმომხილველს და ორი შვილის დედას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ სახლში ნორმალური ცხოვრების შეგრძნობა ახალ, „დროებით ნორმალურ“ პირობებში.   

 

1. იყავით მშვიდი და პროაქტიული

„მშობლები მშვიდად და დროულად უნდა დაელაპარაკონ შვილებს კოროვირუსული დაავადების შესახებ და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომლის შესრულებაც ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. უთხარით მათ, რომ შესაძლებელია, რაღაც მომენტში,  [თქვენ ან თქვენმა შვილებმა] დაავადების ისეთი სიმპტომები შეიგრძნოთ, რომლებიც ხშირად ძალიან ჰგავს გაციების ან გრიპის სიმპტომებს, და რომ მათ ამის გამო ზედმეტად არ უნდა შეეშინდეთ“ - გვირჩევს დოქტორი დამური. „მშობლებმა შვილები უნდა დაარწმუნონ, რომ თუ ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს ან ვირუსის გამო ნერვიულობს, მან აუცილებლად უნდა უთხრას მშობელს ამის შესახებ, რათა მშობლებმა მისი დახმარება შეძლონ.“

„თანაუგრძნეთ ბავშვს და უთხარით, რომ მისი ნერვიულობა და შფოთვა სრულიად გასაგებია. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ კორონავირუსული დაავადება ზოგადად სუსტად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში“, - ამბობს დოქტორი დამური. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ COVID-19-ის მრავალი სიმპტომის მკურნალობა შეიძლება. „ამის შემდეგ, შევახსენოთ ბავშვს, რომ არსებულ გარემოებებში, საკუთარი თავისა და სხვების დაცვისა და სიტუაციის უკეთ კონტროლის მიზნით, უამრავი ეფექტური ზომის მიღება შეგვიძლია: ხშირად დავიბანოთ ხელები, არ შევეხოთ სახეს და დავიცვათ სოციალური დისტანცია“.

„კიდევ ერთი რამ, რის გაკეთებაც შეგვიძლია, არის დავეხმაროთ ბავშვს არ იფიქროს მხოლოდ საკუთარ თავზე.“ ვუთხრათ  მას: „მისმინე, მე ვიცი, რომ შენ კორონავირუსის გეშინია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხელების დაბანას,  სახლში დარჩენას და სხვა მსგავსი ზომების მიღებას გვთხოვთ, საზოგადოების სხვა წევრებზე ზრუნვაა. აუცილებელია, რომ ჩვენს გარშემო მყოფებზეც ვიფიქროთ.

>> როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს კორონავირუსზე (COVID-19)

>> კორონავირუსი (COVID-19): რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

 

2. დაიცავით რუტინა

„ბავშვს გარკვეული დღის რეჟიმი სჭირდება - ეს აუცილებელია. ძალიან სწრაფად ჩვენ ყველამ ახალი ასეთი სტრუქტურები უნდა გამოვიგონოთ, რათა ყველა ჩვენგანის დღეები ორგანიზებული იყოს.“ - ამბობს დოქტორი დამური. „მშობლებს დაჟინებით ვურჩევ შეადგინონ დღის განრიგი - ის შეიძლება ითვალისწინებდეს თამაშისთვის განკუთვნილ დროს, როდესაც ბავშვი შეძლებს ტელეფონით ისარგებლოს და თავის მეგობრებს დაუკავშირდეს, მაგრამ მასში აგრეთვე უნდა შედიოდეს საათები, როდესაც ის ტექნოლოგიებით ვერ ისარგებლებს  და დრო, როცა ბავშვი უფროსებს საოჯახო საქმეებში დაეხმარება. საჭიროა დაფიქრდეთ, თუ რა არის თქვენთვის ფასეული და დღის განრიგის სტრუქტურა ამის შესაბამისად შექმნათ. ჩვენი შვილებისთვის დიდი შვება იქნება თუ მათ პროგნოზირებადი დღის განრიგი ექნებათ და ეცოდინებათ როდის უნდა იმუშაონ და როდის ითამაშონ“.

დოქტორი დამური გვთავაზობს, რომ შვილების დღის რეჟიმი მათი მონაწილეობით შევიმუშაოთ. „10 და 11 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების მშობლებს ვურჩევდი, საშუალება მისცენ ბავშვს თავისი დღის განრიგი თავად შეიმუშაოს. წინასწარ უთხარით მას რა ტიპის საქმიანობები უნდა შეიტანოს დღის წესრიგში და შემდეგ იმუშავეთ იმაზე, რასაც ბავშვი შექმნის“. თუ ბავშვი მცირეწლოვანია, „მისი დღის წესრიგი უნდა შეიმუშაოს იმ პირმა, ვინც ბავშვზე ზრუნავს  (გასაგებია, რომ ყველა მშობელი მთელი დღის მანძილზე სახლში არ არის). პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა სავალდებულო სამუშაო: ყველა სასკოლო დავალება და სხვა საქმეები. ზოგიერთი ოჯახისთვის უმჯობესი იქნება, თუ ბავშვი ამას დღის დასაწყისში გააკეთებს. შესაძლოა, სხვა ოჯახებში პრობლემა აქ იქნება, თუ ბავშვი დღეს ცოტა მოგვიანებით დაიწყებს, მას შემდეგ, რაც გამოიძინებს და ოჯახთან ერთად ისაუზმებს“. თუ მშობლებს დღის განმავლობაში შვილების მეთვალყურეობა არ შეუძლიათ, მათ გულდასმით უნდა შეისწავლონ ბავშვის აღმზრდელის მიერ  შედგენილი გრაფიკი, რომ ბავშვისთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიონ.

„ის, რომ ცხოვრების ჩვეული წესის დაკარგვის გამო ბავშვები ძალიან დამწუხრებულნი და იმედგაცრუებულნი არიან, სრულიად გასაგები და ბუნებრივია, და მათ უფროსების მხარდაჭერა სჭირდებათ“.


3. მიეცით ბავშვს საშუალება იყოს თავისუფალი თავის განცდებში

სკოლების დახურვის კვალდაკვალ შეწყდა სასკოლო სპექტაკლები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა ღონისძიებები. შესაბამისად კორონავირუსმა  ბავშვებში უდიდესი იმედგაცრუება გამოიწვია. დოქტორ დამურის ნომერი პირველი რჩევაა, საშუალება მივცეთ ბავშვებს იდარდონ ამის გამო. „მოზარდის ცხოვრებაში ეს უდიდესი დანაკარგებია. ეს მათთვის უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ჩვენ ამ გარემოებებს განვლილი ცხოვრებისა და გამოცდილების საფუძველზე ვზომავთ. „სრულიად გასაგები და ბუნებრივია, რომ ცხოვრების ჩვეული წესის დაკარგვის გამო ბავშვები ძალიან დამწუხრებულნი და იმედგაცრუებულნი არიან და მხარდაჭერა სჭირდებათ”. გაურკვევლობის დროს, თანაგრძნობა და თანადგომა საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.



4. შეამოწმეთ რა ინფორმაციას იღებენ თქვენი შვილები

კორონავირუსის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. „შეიტყვეთ, რა აქვთ გაგონილი თქვენს შვილებს ან რას თვლიან სიმართლედ. საკმარისი არ არის უბრალოდ მიაწოდოთ თქვენს შვილს ზუსტი ფაქტები, რადგან თუ მას რაიმე მცდარი ინფორმაცია აქვს მიღებული, ხოლო თქვენ ეს ვერ გაარკვიეთ და უშუალოდ არ გამოასწორეთ, ბავშვმა შეიძლება თქვენს მიერ მიწოდებული ახალი ინფორმაცია ძველ ინფორმაციასთან გააერთიანოს. უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ რა იცის თქვენმა შვილმა და ამის მიხედვით დაიწყეთ სწორი ინფორმაციის მიწოდება“.

თუ თქვენს შვილს აქვს შეკითხვები, რომელზეც თქვენ ვერ პასუხობთ, გამოცნობის ნაცვლად, გამოიყენეთ ეს როგორც პასუხის ერთად პოვნის შესაძლებლობა. ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ისეთი სანდო ორგანიზაციების ვებ–გვერდებით, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

კორონავირუსთან დაკავშირებით, ბევრი ბავშვი სკოლაში ან ინტერნეტით ბულინგისა და ძალადობის რისკის წინაშე დგას. მნიშვნელოვანია თქვენმა შვილებმა იცოდნენ, რომ ბულინგის შემთხვევაში ყოველთვის მზად ხართ დაეხმაროთ. „ნებისმიერი სახის ბულინგის დაძლევის საუკეთესო გზაა ძალადობის მოწმეების გააქტიურება“ - ამბობს დოქტორი დამური. „არ უნდა ველოდოთ, რომ მოძალადეებს ბულინგის სამიზნე ბავშვები დაუპირისპირდებიან; უფრო მეტიც, ჩვენ უნდა წავაქეზოთ ისინი, რომ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მეგობრებს ან უფროსებს მიმართონ.

 

 

5. ყურადღება გადაატანინეთ ბავშვს მისთვის სასურველ საკითხებზე

როდსაც საქმე რთულ ემოციებთან განმკლავებას ეხება, „დააკვირდით თქვენი შვილის რეპლიკებს და როდესაც ბავშვი ძალიან ნერვიულობს, ბევრი იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაბალანსებულად გამოიყენოთ მასთან გრძნობებზე საუბარი და ყურადღების გადატანის მცდელობა“. რამდენიმე დღეში ერთხელ გამართეთ ოჯახური თამაშები ან ერთად მოამზადეთ საჭმელი. დოქტორი დამური თავის ქალიშვილებთან კონტაქტისთვის სადილის დროს იყენებს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოველ საღამოს სადილს ერთად მოვამზადებთ. ოჯახისთვის სადილის მოსამზადებლად ჩვენ წყვილ-წყვილად ვმორიგეობთ“.

რაც შეეხება მოზარდების მიერ ეკრანებთან გატარებულ დროს, მიეცით მათ მოქმედების გარკვეული, მაგრამ არა სრული თავისუფლება. დოქტორი დამური გვირჩევს ვიყოთ გულწრფელნი მოზარდთან. ვუთხრათ, რომ გვესმის, რომ მას უფრო მეტი დრო აქვს, მაგრამ მთელი დღე ეკრანთან ან სოციალურ ქსელში ყოფნა კარგი იდეა არ არის. „ჰკითხეთ თქვენს თინეიჯერს: „როგორ მოვიქცეთ?“ სთხოვეთ შეადგინოს და გაგაცნოთ დღის განრიგი, ხოლო შემდეგ უთხარით რას ფიქრობთ მის შესახებ“.

 

 

6. დააკვირდით თქვენს საკუთარ ქცევას

„ცხადია, რომ მშობლებიც ძალიან ნერვიულობენ და ჩვენი ემოციები ბავშვებს გადაედებათ“ - განმარტავს დოქტორი დამური. „მშობლებს ვთხოვდი, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად აკონტროლონ თავისი ემოციები და არ გადასდონ თავიანთი შიში შვილებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ემოციების შეკავებას, რაც შეიძლება ზოგჯერ მძიმე იყოს, განსაკუთრებით თუ ეს ემოციები საკმაოდ მძაფრია“.

ბავშვები უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა მშობლებს უკავშირებენ. „[მნიშვნელოვანია, რომ] გვახსოვდეს, რომ ისინი იმ მანქანის მგზავრები არიან, რომელსაც ჩვენ ვმართავთ. და ჩვენმა ნერვიულობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ბავშვების, როგორც ჩვენი მანქანის მგზავრების უსაფრთხოების განცდას“.

 


ინტერვიუერი და სტატიის ავტორი მენდი რიჩი, ციფრული კონტენტის ავტორი, გაროს ბავშვთა ფონდი

აღმოაჩინე მეტი