რა არის ტოქსიკური სტრესი?

ისწავლეთ, რას მიაქციოთ ყურადღება და როდის მიმართოთ დახმარებას.

UNICEF
ტოქსიკური სტრესი
UNICEF
03 ნოემბერი 2024

თუ თქვენმა ოჯახმა გადაიტანა მნიშვნელოვანი განსაცდელი ან უსიამოვნო პერიოდს გადის, მაშინ შეიძლება დადგეთ ტოქსიკური სტრესის წინაშე. მისი უარყოფითი შედეგები შეიძლება იყოს ხანგრძლივი, რადგან ტოქსიკურმა სტრესმა გრძელვადიან პერიოდში შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის სწავლაზე, ქცევასა და ჯანმრთელობაზე. პროფესორი ლიზა დამური, რომელიც მოზარდების ექსპერტი-ფსიქოლოგი, ბესტსელერი წიგნების ავტორი, ნიუ იორკ ტაიმსის ჟურნალისტი და ამავე დროს ორი შვილის დედაა, განმარტავს, რა არის ტოქსიკური სტრესი, როგორ ამოიცნოთ მისი ნიშნები, როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილს მასთან გამკლავებაში და როგორ მიმართოთ დახმარებას.
 

რა არის სტრესი და როგორია ჩვენი ბუნებრივი რეაქცია მასზე?

პროფესორი დამური ამბობს, რომ ჩვენ ყველას გაგვაჩნია სტრესთან გამკლავების მექანიზმი, რომელიც გვეხმარება ვუპასუხოთ საფრთხეებს (ის ცნობილია, როგორც ჩვენი „შეწინააღმდეგების ან გაქცევის“ რეაქცია). ბუნებრივი რეაქცია სტრესზე გვეხმარება, ვიყოთ უფრო უსაფრთხოდ, მაგრამ მუდმივად ამ მდგომარეობაში ყოფნა არ შეიძლება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების უმეტესობა მეტ-ნაკლებად მშვიდად ვართ. მაგრამ, როდესაც საფრთხის წინაშე ვდგებით, ჩვენ შევდივართ ბიოლოგიური და ფსიქოლოგიურ განგაშის მდგომარეობაში: გვიჩქარდება გულისცემა, სუნთქვა, სისხლი კიდურებისკენ მიდის, ყურადღება გადაგვაქვს საფრთხეზე და ვცდილობთ, უსაფრთხოება მოვიპოვოთ. ეს რეაქციები სასარგებლოა, ისინი ავტომატურია და გვიცავს საშიში სიტუაციების ზემოქმედებისგან.

როგორც კი საფრთხე გადაივლის, ჩვენ, როგორც წესი, განგაშის მდგომარეობიდან გამოვდივართ და ისევ მშვიდ მდგომარეობას ვუბრუნდებით. დრო, რომელიც გვჭირდება, რომ დავუბრუნდეთ მშვიდ მდგომარეობას, დამოკიდებულია ჩვენი შინაგანი გამძლეობის სისტემის ხარისხზე და იმაზე, რამდენად გვაქვს გამოვლილი მანამდე სერიოზული უარყოფითი მოვლენები, რამდენად მოწყვლადი ვართ, მაგალითად, გვაქვს თუ არა რაიმე შეზღუდული შესაძლებლობა, ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა.

 

რა არის ტოქსიკური სტრესი?

ბავშვები შეიძლება აღმოჩნდნენ საფრთხის ან ძლიერი სტრესის წინაშე ისე, რომ ეს მათთვის არ გახდეს საზიანო ან ტოქსიკური, თუ მათ ამ საფრთხისგან ან სტრესული მოვლენისგან იცავს მზრუნველი ზრდასრული ადამიანი. მაგალითად, ბავშვს უარყოფითი ემოციების გამკლავებაში ძალიან ეხმარება ზრდასრული ადამიანის თანდასწრებით ყოფნა, რომელიც სიმშვიდეს ინარჩუნებს ან სტრესის შემდეგ ბავშვს ამშვიდებს, სიტყვებით ან ჩახუტებით.

თუ ბავშვი ქრონიკულად სტრესულ გარემოშია, მაშინ ეს მდგომარეობა გადაიზრდება ტოქსიკურ სტრესში, რაც იწვევს სტრესის გახანგრძლივებულ რეაქციას. მაგალითად, ტოქსიკურ სტრესს ვხედავთ იმ ბავშვებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაუცველად გრძნობენ თავს და მათ მზრუნველი ზრდასრული ადამიანი არ ეხმარება. 

ასეთი შემთხვევებია, როდესაც ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში არიან ყურადღების გარეშე, განიცდიან ოჯახურ ძალადობას, ფიზიკურ ძალადობას, მშობლების ფსიქიკურ დაავადებას, სექსუალურ ძალადობას და სხვა სახის ხანგრძლივ ემოციურ ძალადობას.   

თუმცა, შესაძლებელია ბავშვები იყვნენ მუდმივ სტრესულ სიტუაციებში და არ განიცადონ ტოქსიკური სტრესი. მოსიყვარულე ზრდასრულს შეუძლია ბავშვების დაცვა ტოქსიკური სტრესისგან მხარდაჭერით, რაც ბავშვებს დაეხმარება, თავი დაცულად იგრძნონ და ემოციურად არ გადაიტვირთონ. 

 

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტოქსიკურ სტრესს ბავშვზე?

მუდმივმა დაძაბულობამ და განგაშის მდგომარეობაში ყოფნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ტვინსა და ჩვენს სხეულზე და გამოიწვიოს ხანგრძლივი ნევროლოგიური და ფიზიკური ცვლილებები. ბავშვებს, რომლებიც განიცდიან ტოქსიკურ სტრესს, შეიძლება ჰქონდეთ ძალიან ძლიერი სტრესული რეაქცია მცირე ნეგატიურ სიტუაციებზეც კი, მათ შეიძლება გაუჭირდეთ ბრაზისა და შფოთვის კონტროლი და თავი დაცულად ვერ იგრძნონ სხვებთან მიმართებით. ტოქსიკურმა სტრესმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე და გამოიწვიოს ორგანიზმში მუდმივი ანთებითი პროცესები. დროთა განმავლობაში, ტოქსიკურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის დაავადებები და ქრონიკულად მაღალი წნევა.

 

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი განიცდის ტოქსიკურ სტრესს?

ჩვენ შეიძლება შევნიშნოთ ბავშვში ის გარეგანი ნიშნები, რის გამოც ბავშვი, შესაძლოა, მუდმივად იყოს შინაგანი განგაშის მდგომარეობაში. შესაძლოა, ბავშვს ეშინოდეს ოჯახის რომელიმე წევრის, ან ბავშვი უგულვებელყოფილია ან ძალადობის მსხვერპლია. მსგავსი ფაქტორები შეიძლება იწვევდეს ბავშვის დაძაბულობას და მუდმივად ფხიზლად ყოფნას.

მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც განიცდიან ტოქსიკურ სტრესს, შეიძლება გახდნენ გულჩათხრობილი და ჭირვეული, დაეწყოთ თავის ან კუჭის ტკივილის ჩივილები, გაუჭირდეთ დაძინება ან გაუხშირდეთ ღამის კოშმარები. უფრო მოზრდილი ბავშვები და მოზარდები, რომლებიც განიცდიან ტოქსიკურ სტრესს, შეიძლება იყვნენ გულჩათხრობილნი, მათი ქცევა გახდეს გამომწვევი და საშიშიც კი, აგრესიულები სხვებთან დაკავშირებით ან მიმართონ თვით-დაზიანებას. ტოქსიკურმა სტრესმა ყველა ასაკის ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს გამუდმებული შფოთვა, სიმშვიდის დაკარგვა ან კონცენტრაციის დაქვეითება.  

 

როგორ შეუძლია ზრდასრულ ადამიანს დაეხმაროს ბავშვს, რომელიც იმყოფება ტოქსიკური სტრესის მდგომარეობაში?

სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვების დახმარება უფროსებს შეუძლიათ მაშინ, როდესაც ვცდილობთ მათ თანავუგრძნოთ, ვცდილობთ ბავშვის ადგილას წარმოვიდგინოთ თავი და გავიგოთ, თუ რას განიცდიან ისინი. ბავშვებთან თანაგრძნობის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ინსტინქტურად მივხვდეთ, თუ რა სჭირდებათ მათ, იქნება ეს ფიზიკური ნუგეში თუ ემოციური მხარდაჭერა, ან სხვა სახის მხარდაჭერა, დამშვიდება ან დაცვა.

იდეალურია, თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, ბავშვის განრიდება ტოქსიკური სტრესის გამომწვევი სიტუაციიდან. მაგრამ, როდესაც ამის საშუალება არ არის, უნდა ვეცადოთ სიტუაცია ბავშვის გადასახედიდან დავინახოთ, რათა ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვებს შევუმსუბუქოთ ქრონიკული სტრესის შედეგად გამოწვეული ზიანი. მოსიყვარულე ზრდასრულის ფიზიკურ და ემოციურ ნუგეშს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ტოქსიკური სტრესის ზემოქმედება.  

 

რისი გაკეთება შეიძლება, რომ შეძლოთ საკუთარ თავსა და თქვენს შვილზე ზრუნვა, თუ თქვენც გიჭირთ სტრესთან გამკლავება.

როდესაც ზრდასრული ადამიანიც ასევე განიცდის სტრესს, მისთვის ძალიან რთული ხდება ბავშვის დაცვა ტოქსიკური სტრესისგან. რთულ მდგომარეობასთან გამკლავებაში შეიძლება დაგეხმაროთ, საკუთარი თავისთვის თქმა, რომ „მე ვიმყოფები ქრონიკულად სტრესულ სიტუაციაში. ჩემი შვილიც, ჩემთან ერთად ამ მდგომარეობაშია. მე შემიძლია, გადავდგა ნაბიჯები და დავიცვა ჩემი შვილი ამ ყველაფრისგან“. რთული სიტუაციის ასაღწერად სიტყვების პოვნა, დაგვეხმარება გავიაზროთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ და ვიფიქროთ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საჭიროებებზე მაშინაც კი, როცა ვცდილობთ დავიცვათ საკუთარი თავი.

 

როგორ მიმართოთ დახმარებისთვის ოჯახს, მეგობრებს ან სხვა მხარდაჭერის ჯგუფებს?

ყველა, ვინც განიცდის ტოქსიკურ სტრესს, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, მოიძიოს დახმარება. ნუ მოგერიდებათ იმის, რასაც განიცდით. ყველა იმსახურებს თავი იგრძნოს დაცულად. გააგებინეთ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით, თუ რას განიცდით თქვენ და თქვენი შვილი, რათა არ იგრძნოთ თავი იზოლირებულად. უარი არ თქვათ, როდესაც დახმარებას გთავაზობენ. გახსოვდეთ, საკუთარ თავზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი შვილისთვის.