გაეროს ბავშვთა ფონდი ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კვლევის შედეგებს პარლამენტში წარადგენს

10 აპრილი 2023
youth
UNICEF

10 აპრილი, 2023, თბილისი, საქართველო. ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე, ნათქვამია კვლევაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ჩაატარა. კვლევის შედეგები გაეროს ბავშვთა ფონდმა დღეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების კომიტეტის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.  

კვლევა ჩაატარა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ბავშვთა უფლებების ცენტრებმა. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ქუთაისის, ბათუმის გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის და სოხუმის უნივერსიტეტის 2995 სტუდენტი გამოიკითხა. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან.

სტუდენტების 72 პროცენტი ამბობს, რომ მისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელისშემშლელი იყო ყოველდღიური აქტივობებისა და ურთიერთობებისთვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული სტუდენტების 97 პროცენტს სმენია ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“, მათი მესამედი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არავისთან უსაუბრია.  სტუდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ თუ მიხვდება, რომ სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება, არავის მიმართავს დახმარებისთვის და ეცდება პრობლემა თავად მოაგვაროს (44%).

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების ბარიერებს შორის დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე  სპეციალისტთან ვიზიტის და მედიკამენტების მაღალი ფასები, სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა და შიში, რომ მომსახურების მიღებისას არ იქნება დაცული კონფიდენციალობა.

სტუდენტების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში სტუდენტების უმრავლესობა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტიდან გეგმავს სხვადასხვა ვებგვერდის, იუთუბ არხების, ინფლუენსერების ბლოგების, სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების დახმარებით. თუმცა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების აზრით, ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია არ არის სანდო, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ინფორმაცია სამედიცინო წყაროებს ეყრდნობოდეს.

სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ კვლევის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტში
საქართველოს პარლამენტი
უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ კვლევის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტში

დარგის ექსპერტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების შეფასებით, ახალგაზრდებისთვის არ არის ხელმისაწვდომი მხარდამჭერი, პრევენციული ან სარეაბილიტაციო სერვისები. სპეციალისტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და სარეაბილიტაციო პროგრამების, მათ შორის ფსიქიკური აშლილობებისა თუ ადიქციის მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდების გარემოსთან რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების განვითარება. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის დასახელდა სუიციდის პრევენციის პროგრამის შექმნა, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა; სოციალური მუშაკების მომსახურების და მობილური ჯგუფების მეტად განვითარება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ახალგაზრდები   ყველაზე ხშირად დეპრესიით, შფოთვითი აშლილობებით ან პანიკური შეტევებით მიმართავენ. ახალგაზრდებში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მათგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებიც - პარანოია, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები.

გაეროს ბავშვთა ფონდი ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კვლევის შედეგებს პარლამენტში წარადგენს
საქართველოს პარლამენტი

“თითოეული ახალგაზრდა იმსახურებს შესაძლებლობას იცხოვროს ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრებით და ეს მოიცავს კარგ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამ კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინფორმირებულობის გაზრდისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის გადაუდებელ საჭიროებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მომავალ თაობას, ჰქონდეს ნათელი მომავალი“ - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

კვლევაზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაბამისი სახელმწიფო სერვისების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდებისთვის უფასო და სტაბილური იქნება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და პროგრამების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, იმისთვის, რომ ეს მომსახურება იყოს მათთვის საინტერესო და მიმზიდველი. იმისათვის, რომ შემცირდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების მიღების ბარიერები, აუცილებელია საზოგადოებაში და მათ შორის, ახალგაზრდებში გაიზარდოს ცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის კვლევა ხელმისაწვდომია ამ ბმულზე: https://uni.cf/3B9esOg

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.