ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს მთავრობას, დაიცვას ბავშვის ოჯახური გარემოს უფლება
ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში
- English
- ქართული
საქართველოს ბავშვზე ზრუნვის რეფორმა და ოჯახური გარემოს უფლება
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია მოითხოვს სახელმწიფომ უზრუნველყოს, ოჯახი იყოს ბუნებრივი გარემო ბავშვთა აღზრდისა და განვითარებისთვის და ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა საჭირო დაცვასა და დახმარებაზე. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებას, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში და აწესებს სავალდებულო სტანდარტებს ბავშვთა და სოციალური დაცვის სისტემების კოორდინირებული მუშაობისათვის.
ევროკავშირის, აშშ-ის მთავრობის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2005 წელს საქართველომ დაიწყო ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვების დიდი ზომის სახელმწიფო ინსტიტუციებიდან გაყვანას და მათ ოჯახურ გარემოში განთავსებას. შედეგად დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. თუ რეფორმის დაწყებამდე სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ცხოვრობდა 5000-ზე მეტი ბავშვი, 2020 წლისთვის ეს რიცხვი 80-მდე შემცირდა. ეს ბავშვები ან დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში, ან განთავსდნენ ალტერნატიულ, ოჯახურ გარემოს დაახლოებულ მზრუნველობაში, როგორებიცაა მინდობით აღზრდა თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლები. სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის შედეგად ქვეყანაში დაინერგა სოციალური მუშაკის პროფესია და შესაბამისი კანონმდებლობა; ჩამოყალიბდა შემთხვევების მართვის სისტემა, ოჯახის მხარდაჭერის სერვისები, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული ზრუნვის სერვისები და გაძლიერდა კანონმდებლობა ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლების განსახორციელებლად.
მიღწევების მიუხედავად, მაინც რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. მონაცემების ნაკლებობის გამო პრობლემის მასშტაბები სრულად არ არის დადგენილი, რადგან ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს დაურეგულირებელ ბავშვთა სახლებში, მოწყვლად ოჯახებში ან ქუჩაში. საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს ბავშვის უფლება ოჯახურ გარემოზე კვლავ პრიორიტეტი გახდეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ყველაზე გაჭირვებულ და გარიყულ ბავშვებზე.
ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივა „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“
ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებულ დაცვის სისტემებში ინვესტიცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირისა და საქართველოს მთავარი პრიორიტეტები 2021-2027 წლებში მოიცავს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებას ყველა საჭირო კანონმდებლობის გათანაბრებისა და ბავშვების ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების გზით.
სამწლიანი პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“, რომელსაც 2021-2024 წლებში განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მიზნად ისახავდა ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში მხარდაჭერა გაეწია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო მითითებების გაძლიერების გზით, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე პროფესიონალი მუშახელის შესაძლებლობების გაუმჯობესებით და ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულებისა და საჭიროებებზე დაფუძნებული ოჯახის მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებით.
პროექტის შედეგად, დაიხურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ბოლო ორი სახელმწიფო, დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუცია და ბავშვები გადაიყვანეს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. ყოველმხრივ შეფასდა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან გადაყვანილი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებები და მათ შესაბამისი მხარდაჭერა გაეწიათ. ასევე, გაუმჯობესდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობის მექანიზმი და გაძლიერდა პროფესიონალთა უნარები.
შემუშავდა მინდობით აღზრდის ახალი მოდელი და მოხდა მისი პილოტირება თბილისში, ქუთაისსა და თელავში. გაძლიერდა სასამართლო ზედამხედველობა ბავშვების მშობლებისგან განცალკევების შემთხვევებზე და გაძლიერდა თანამშრომლობა ბავშვთა კეთილდღეობისა და მართლმსაჯულების სისტემებს შორის ბავშვის ოჯახისაგან განცალკევების თავიდან აცილების მიზნით. სოციალურ მუშაკებს 10 საპილოტე მუნიციპალიტეტში შეუძლიათ უკეთესი დახმარება აღმოუჩინონ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
სამომავლო გეგმები
არსებული სისტემის გასაუმჯობესებლად გაცილებით მეტია გასაკეთებელი. უმთავრესი მიზანია ერთიანი ოჯახების შენარჩნუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბავშვის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება. ბავშვების ოჯახებისგან განცალკევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დამხმარე მექანიზმები და სერვისები, რომლებიც გააძლიერებს ოჯახებს, გაუმჯობესებს ოჯახურ პირობებსა და წინ აღუდგება ბავშვების ოჯახებისგან განცალკევებას.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს არ შეუძლიათ მშობლებთან ერთად ცხოვრება, ალტერნატიული ზრუნვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ასეთია, მაგალითად, ფორმალური ან არაფორმალური ნათესაური ზრუნვა, მინდობით აღზრდა და მეურვეობა. ეს მოითხოვს კარგად დაგეგმილი, განვითარებული და მხარდაჭერილი სოციალური მუშაკების და სხვა სოციალური სამსახურის მუშახელის არსებობას, რომელთაც შეუძლია უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომი სერვისები. საჭიროა ბავშვებისა და ოჯახების კომპლექსური საჭიროებების და შემთხვევების კარგი მართვა, რომ მოხდეს პრევენციის, ალტერნატიული ზრუნვისა და რეინტეგრაციის სერვისების სწორად დაგეგმვა და მიწოდება. ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა და სამომავლოდ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება ერთიანი და ყოვლისმომცველი ხედვა, თანამშრომლობა უწყებებს შორის, განსაკუთრებით, ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის, პროფესიონალების არსებობა, სოციალური მუშაობის განვითარება როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, მრავალფეროვანი სერვისები, ხარისხის მონიტორინგის მექანიზმები, მონაცემთა ბაზა და სანდო მონაცემების არსებობა. რაც მთავარია, აუცილებელია საზოგადოებასთან მუშაობა, რათა მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა ბავშვის ოჯახური გარემოს უფლების რეალიზებისთვის“, - განაცხადა თეონა კუჭავამ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტმა.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციები საქართველოს სახელმწიფო ანგარიშზე, რომელიც წელს გამოქვეყნდება, ასევე იქნება გზამკვლევი ბავშვის ოჯახურ გარემოზე უფლების შემდგომი განხორციელებისთვის.
სტატია მომზადდა ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სტატიის ავტორიდა არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს საქართველოსთან და ეხმარება მას ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში, ექსპერტიზაში, ინოვაციებში და უწევს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. შეიტყეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/
პროექტის შესახებ
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში„ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.