საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების პირველი ცენტრი გაიხსნა

ცენტრი მოემსახურება ყველა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფს სათანადო მართლმსაჯულების აღსრულებას

11 ივლისი 2022
The first ever Center for Psychological and Social Services for Children Victims of Violence launched in Georgia
UNICEF/Geo-2022/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 11 ივლისი – საქართველოში „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი“ გაიხსნა, რომლის მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმირებისგან დაცვა და საგამოძიებო და სარეაბილიტაციო მოქმედებების ერთ სივრცეში თავმოყრაა.

ცენტრი გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით. ცენტრის დაარსებაში ასევე ჩართულია მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, იურიდიული დახმარების სამსახური და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო.

ცენტრის მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც პასუხობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სპეციფიკურ საჭიროებებს. ის ასევე ეფუძნება პრინციპს, რომ აღნიშნულ შემთხვევებში ბავშვების საჭიროებები სრულად განსხვავდება ამავე სიტუაციაში მოხვედრილი მოზრდილების საჭიროებებისგან.

ცენტრი უზრუნველყოფს, სექსუალური ძალადობის და დანაშაულის მსხვერპლმა ბავშვებმა და მოზარდებმა გაიარონ სათანადო შეფასება და ისარგებლონ შესაბამისი მკურნალობითა და მხარდაჭერით. საგამოძიებო და სარეაბილიტაციო პროცესებში ჩართული მხარეები ერთ სივრცეში შეიკრიბებიან, რათა თავიდან აარიდონ ბავშვებს სხვადასხვა ადგილმდებარეობასა და უწყებაში განმეორებითი გასაუბრებების გავლა. ბავშვთან გასაუბრების დრო მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და მას ჩაატარებს ბავშვზე მორგებულ მიდგომებში მომზადებული პროფესიონალი.

ცენტრში საგამოძიებო გამოკითხვისათვის შეიქმნება ბავშვზე მორგებული გარემო, რაც შეამცირებს ბავშვის შფოთვას და მღელვარებას. აქ დასაქმებულ პროფესიონალებს გავლილი აქვთ ტრენინგი ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის საუკეთესო პრაქტიკებში.

„დღეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოში ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სფეროში. „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი“ გვთავაზობს ინოვაციურ მიდგომას, რომელიც საგამოძიებო პროცესში მთავარ აქცენტს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე აკეთებს“ - ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

„ცენტრი ქმნის მოდელს, სადაც იურიდიული და სხვა სისტემები ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციისა და რე-ტრავმირების თავიდან აცილებისკენაა მიმართული. მადლიერებას გამოვხატავთ ესტონეთის საელჩოს მიმართ და განვაგრძობთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას,  მომსახურება საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს და ბავშვები დაცვისა და რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებებით იყვნენ უზრუნველყოფილნი“, დასძინა ხალილმა.

აღნიშნული მოდელი უკვე რამდენიმე ათწლეულია, წარმატებით მუშაობს სკანდინავიის ქვეყნებში და ევროპის 40 ქვეყანაში ინერგება. საქართველოს მოდელი ესტონეთის პრაქტიკას ეფუძნება.

 „ესტონეთის მთავრობის დახმარებითა და იუნისეფის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სექსუალური მსხვერპლი ბავშვებისთვის, ევროპული მოდელის, ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების  ცენტრის გახსნა, რაც იმის მანიშნებელია რომ ქვეყანა მაღალ სტანდარტებზე გადის“, განაცხადა მერი მაღლაფერიძემ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა. „ცენტრის ფუნქციონირება გააუმჯობესებს იმ ბავშვების მდგომარეობას, რომლებიც ამ მძიმე დანაშაულის მსხვერპლი გახდნენ და განიცდიან ტრავმას. ცენტრში არსებული გარემო ორიენტირებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების დაცვაზე, ასევე მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე. ყველა ჩართულ უწყებასთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას სერვისის უმაღლესი სტანდარტის დანერგვაზე, მნიშვნელოვანია რომ სწორედ უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელია ამ  პროცედურის ერთ სივრცეში განხორციელება“, აღნიშნა მერი მაღლაფერიძემ.

ბავშვების მიმართ ძალადობამ შეიძლება მათ ცხოვრებაზე სამუდამო კვალი დატოვოს. ძალადობის შემთხვევების გამოძიებისას, ბავშვებს სხვადასხვა უწყებაში გამოკითხვასთან, სასამართლო ექსპერტიზასთან, სამედიცინო და სხვა შემოწმებებთან დაკავშირებული ხანგრძლივი და სტრესული პროცესის გავლა უწევთ. ფაქტებით დამტკიცებულია, რომ ეს ბავშვისთვის შეიძლება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს. მეორადმა ვიქტიმიზაციამ  შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ბავშვს, ვიდრე თავად ძალადობამ. მრავალჯერადი გასაუბრებების დროს, იმ ადამიანებს, რომლებსაც არ გაუვლიათ შესაბამისი ტრენინგი სასამართლო ექსპერტიზის გასაუბრებაში, პასუხის მიმანიშნებელი კითხვების დასმით შესაძლოა ბავშვებს მოვლენები დამახინჯებული ფორმით გადმოაცემინონ, რამაც შეიძლება გამოძიების პროცესს დიდი ზიანი მიაყენოს.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.