გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სესიები გაიმართა

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
სამცხე-ჯავახეთი, საქართველო, 2021 წლის 14 მაისი – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო სესიების საშუალებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხურ სამოციქულო ეკლესიის რელიგიურმა ლიდერებმა, ახალქალაქისა და ახალციხის ექიმებმა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. სესიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი სათემო ლიდერების ინფორმირებას იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამებისა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, გაუძღვნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები. რელიგიურ ლიდერებთან გამართული შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან პარტნიორობით იქნა ორგანიზებული.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაში. შეხვედრებზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოში იმუნიზაციის ძირითადი ტენდენციები და ვაქცინების მეშვეობით პრევენცირებად დაავადებებთან დაკავშირებული ვითარება; Covid-19 საქართველოში და გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და Covid-19-თან დაკავშირებული გართულებები ბავშვებში, გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.
შეხვედრებს ფასილიტაციას უწევდნენ სამედიცინო სფეროს ცნობილი ექსპერტები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე; კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი. შეხვედრაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორი ღასან ხალილი. ახალციხეში ექიმებთან შეხვედრას შეუერთდა და მათთან ერთად რეგიონში ვაქცინაციასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დოქტორმა ამირან გამყრელიძემ.
"გაეროს ბავშვთა ფონდი, ჩვენს პარტნიორებთან, - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ვაქცინების გლობალურ ალიანსთან (GAVI) ერთად მოხარულია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული პროგრამის განხორციელებაში." - ღასან ხალილი
"გაეროს ბავშვთა ფონდი, ჩვენს პარტნიორებთან, - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ვაქცინების გლობალურ ალიანსთან (GAVI) ერთად მოხარულია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული პროგრამის განხორციელებაში“, აღნიშნა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. "იმუნიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა. სხვების მსგავსად, პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ბავშვებზე. ვაქცინაციის მეშვეობით ბავშვები და მათი ოჯახები დაიბრუნებენ წვდომას განათლების, ჯანდაცვისა და დაცვის სერვისებზე, რომლებსაც დიდი ზიანი დაადგა. თუმცა მხოლოდ ვაქცინაციით პანდემიას ვერ დავასრულებთ. Covid-19-ის გავრცელების ტემპის შესანელებლად გვესაჭიროება მრავალფეროვანი ინსტრუმენტების კომპლექტი, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ასევე უწყვეტ პრევენციულ ზომებს, როგორიცაა ხელების დაბანა, ფიზიკური დისტანცირება და პირბადის ტარება“, დასძინა ბატონმა ხალილმა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას Covid-19-ის პანდემიის უშუალო და გრძელვადიანი შედეგებისგან ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვაში ეხმარება. მის მიერ გაწეული სამუშაო მოიცავს მყისიერ რეაგირებას პანდემიაზე მისი გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული პრევენციული ზომებისა და სერვისების დასაცავად მიმართული გრძელვადიანი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა ბავშვი განვითარდეს ისე, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.