გაეროს ბავშვთა ფონდმა გორის მუნიციპალიტეტის ყველაზე დაუცველ ოჯახებს პირველადი საჭიროების ნივთები დაურიგა
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ნიქოზი, 23 მაისი, 2020. COVID-19-ის პანდემიით დაზარალებული დაუცველი ოჯახების დახმარების ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვია და ბავშვიან ოჯახებს ჰიგიენის, პირველადი მოხმარების ნივთებისა და აუცილებელი საკვებისაგან შემდგარი ნაკრებები გადასცა. ინიციატივა საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატთან და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრთან პარტნიორობით და გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების ნივთებისა და აუცილებელი საკვებისაგან შემდგარი 200 ნაკრები შიდა ქართლისა და სამეგრელოს საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს დაურიგდათ. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანების უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაურ და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს ესტუმრნენ და პირველადი დახმარების ნივთები ჩაუტანეს.
"გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რათა მივწვდეთ ყველაზე დაუცველ ოჯახებს ძნელად მისადგომ რაიონებში." - ღასან ხალილი
„კორონავირუსის პანდემიამ სირთულეები ყველას შეუქმნა. თუმცა, ყველაზე დაუცველ ოჯახებს ახლა განსაკუთრებით უჭირთ. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რათა მივწვდეთ ყველაზე დაუცველ ოჯახებს ძნელად მისადგომ რაიონებში და უზრუნველვყოთ, მათ მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა, დახმარება და მზრუნველობა,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
„დღეს მოვინახულეთ რამდენიმე სოფელი. ამ პროგრამის ფარგლებში ვფარავთ შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მყოფ ყველა სოფელს. მოსახლეობასთან ერთის მხრივ მიგვაქვს ის საკვები და ჰიგიენური საშუალებები, რაც მათ პირველად საჭიროებების დაკმაყოფილებას სჭირდება. ასევე, ვსაუბრობთ მათთან, ვიგებთ მათ საჭიროებებს,“ განაცხადა ლელა აქიაშვილმა, პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანების უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
„კოვიდ პანდემიის ფონზე უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, ამავდროულად იმ ოჯახების მხარდაჭერას, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები,“ განაცხადა ლია გიგაურმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.
აპრილის თვეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 380-მა ოჯახმა მიიღო ჰიგიენის, პირველადი მოხმარების ნივთებისა და აუცილებელი საკვებისაგან შემდგარი დახმარება.
მედია კონტაქტები
Additional resources
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.