ამუშავდა სპეციალური ცხელი ხაზი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბავშვების და მათი ოჯახების დასახმარებლად

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, 27 აპრილი, 2020. დღეს ამუშავდა სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც დაეხმარება ბავშვებსა და მათ ოჯახებს ისარგებლონ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სერვისებით. ცხელი ხაზის მიზანია ბავშვების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად, ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა უნდა აკრიფონ ნომერი 111. ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
ცხელი ხაზი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივაა. ცხელ ხაზს მართავს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. გაეროს ბავშვთა ფონდი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და დაფარავს ცხელი ხაზის ხარჯებს წლის ბოლომდე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით.
"ამ სიტუაციაში, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ბავშვებისა და ოჯახებისათვის, ითხოვონ დახმარება და მიიღონ საჭირო მხარდაჭერა." - ღასან ხალილი
“მისასალმებელია ამგვარი ნაყოფიერი პარტნიორობა პანდემიის შედეგად დაზარალებული ბავშვების და ოჯახების დასახმარებლად. მადლობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ამ ინიციატივისთვის. სკოლების დახურვამ და სოციალური დისტანცირების სხვა ზომებმა სრულიად მოშალა ყოველდღიური რუტინა, საფრთხე შეუქმნა ბავშვების თამაშის და სწავლის შესაძლებლობას, დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნა მშობლებს ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების შეჩერების და შემოსავლის დაკარგვის გამო. ამ ფაქტორებმა და შფოთვის, სტიგმისა და დისკრიმინაციის რისკმა ბავშვები კიდევ უფრო დაუცველი გახადა ძალადობის, ექსპლუატაციისა და ფსიქოლოგიური პრობლემების მიმართ. ამ სიტუაციაში, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ბავშვებისა და ოჯახებისათვის, ითხოვონ დახმარება და მიიღონ საჭირო მხარდაჭერა”, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
ცხელი ხაზის ოპერატორები ბავშვებსა და მათ მშობლებს საჭირო კონსულტაციას გაუწევენ და მათ დააკავშირებენ მომსახურებების ადგილობრივ მიწოდებლებთან, მუნიციპალიტეტებთან და სახელმწიფო სააგენტოებთან. ცხელი ხაზი ასევე უპასუხებს ზარებს ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ. ამ შემთხვევებში ჩაერთვებიან ფსიქოლოგები და ინფორმაცია მიეწოდებათ სოციალურ მუშაკებს, პოლიციას და სხვა შესაბამის სააგენტოებს. ცხელი ხაზი მუშაობას მომავალ წელსაც გააგრძელებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.