როგორ დავიცვა ჩემი ოჯახის მენტალური ჯანმრთელობა?
ფსიქოლოგი პასუხობს თქვენს მთავარ კითხვებს ოჯახის კეთილდღეობის შესახებ
- English
- ქართული
როგორ დავეხმარო ჩემს შვილს მოტივაციის შენარჩუნებაში? რა შემიძლია გავაკეთო მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად? ფსიქოლოგი და ბავშვთა განვითარების ექსპერტი დოქტორი ლიზა დამური პასუხობს ამ და სხვა კითხვებს.
როგორ მივუდგე ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას, თუ ის ჩემს ოჯახში ტაბუდ ითვლება?
ემოციების ფართო სპექტრის განცდა, მათ შორის არასასიამოვნო გრძნობები, ადამიანის ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია. არ უნდა გრცხვენოდეთ, თუ განიცდით სევდას, ბრაზს, იმედგაცრუებას, ან სხვა არასასიამოვნო განცდას. ასეთი ემოციების განცდისას, მნიშვნელოვანია ვესაუბროთ ჩვენს გრძნობებზე ისეთ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს. ამით რეალურად ვიცავთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
თქვენს შვილთან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საუბრის დასაწყებად, აუხსენით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანები ხანდახან გრძნობენ ემოციურ დისკომფორტს - სევდას, ბრაზს ან ღელვას. ისევე, როგორც ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანები არ გრძნობენ თავს ყოველთვის კარგად. როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, თუ რას ვგრძნობთ და მივიღოთ მხარდაჭერა.
რა შემიძლია გავაკეთო ჩემი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად?
არაფერი იცავს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ისე, როგორც თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობა უფროსებთან. ასე რომ, როდესაც თქვენს შვილთან ერთად მხიარულობთ, ეს მისი ფსიქიკისთვის კარგია. ეს შეიძლება იყოს ერთად თამაში, სადილის ერთად მომზადება, ან სახლის ერთად მოვლა.
როგორ ვიპოვო ბალანსი დატვირთულ სამუშაო გრაფიკსა და შვილთან გატარებულ დროს შორის?
მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საქმით დატვირთული ადამიანისთვის ამის მოგვარება არცთუ ისე მარტივია. ნუ ეცდებით გააკეთოთ ორივე ერთად - ეცადეთ ფოკუსირდეთ თქვენს შვილზე, ან თქვენს საქმეზე. თუ ორივეს ერთდროულად ეცდებით, იმედგაცრუების შეგრძნება გაგიჩნდებათ როგორც თქვენ, ასევე თქვენს პატარას. გახსოვდეთ, ბავშვები სწრაფად იზრდებიან. შესაბამისად, გარკვეული ძალისხმევის გაღების შემდეგ ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნება.
როგორ შევინარჩუნო ჩემი შვილის მოტივაცია?
ბავშვის მოტივირება ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს. არ იღელვოთ, რომ თქვენი შვილი საშინაო დავალებას, ან სახლის რუტინას არ ასრულებს. მხარი დაუჭირეთ მას - შესთავაზეთ იმეცადინოს თქვენ გვერდით მაშინ, როცა თქვენ საკუთარ სამუშაოს ასრულებთ, მოძებნეთ მხიარული გზები და თამაშის სახე მიეცით სახლის საქმეებს. დაგეგმეთ რაიმე სასიამოვნო და სახალისო სწავლისა თუ საქმის დასრულების შემდეგ.
როგორ მოვიქცე, თუ თავს მარტოსულად ვგრძნობ?
თქვენი შვილის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვამ შესაძლოა პირადი საჭიროებები დაჩრდილოს, რაც ხშირად მარტოსულობის განცდას აჩენს. მოძებნეთ სხვა მშობელი, რომელიც დაახლოებით იმავე ასაკის ბავშვს ზრდის, ისაუბრეთ ტელეფონით, ან შეხვდით მას - მშობლებს ყველაზე კარგად ესმით ერთმანეთის - მათ კარგად იციან, რას განიცდით და საინტერესო კომპანიონები არიან.
როგორ შევინარჩუნო პოზიტიურობა რთულ პერიოდებში?
სტრესულ პერიოდში სასოწარკვეთის შეგრძნება ხშირია. ფოკუსირდით მადლიერების განცდაზე იმისთვის, რაც გაქვთ - მხიარული მომენტი ბავშვთან ერთად, ლამაზი დღე, საყვარელი ადამიანების გარემოცვა. როდესაც ჩვენ მადლიერებაზე ვფიქრობთ, ვაძლიერებთ დადებით, პოზიტიურ განცდებს.
როგორ შემიძლია დავეხმარო ჩემს შვილს, შეეგუოს დიდ ცხოვრებისეულ ცვლილებას?
ცვლილება, თავისი ბუნებით, სტრესულია. ეს ეხება როგორც არასასურველ ცვლილებებს - მაგალითად, იმ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, რომელიც უყვარს, ასევე პოზიტიურ ცვლილებებსაც - როგორიცაა საინტერესო მოგზაურობა. იმისთვის, რომ მსგავსი ცვლილებები მტკივნეული არ იყოს, წინასწარ შეამზადეთ ბავშვი. მოუყევით, რა მოხდება, შესაძლებლობის ფარგლებში უპასუხეთ ყველა შეკითხვაზე. ამით გაუადვილებთ ცხოვრების დიდ ცვლილებებთან ადაპტაციას.