რა არის შფოთვა?
ბავშვებში შფოთვის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია.
- English
- ქართული
ბავშვები ხშირად ნერვიულობენ ან შფოთავენ ისეთ თემებზე, როგორიცაა მეგობრებთან ურთიერთობები, ხალხის წინაშე საჯაროდ საუბარი ან გამოცდის ჩაბარება. როდესაც ნერვიულობა დროში ხანგრძლივდება და ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს, შფოთვა უკვე პრობლემაად იქცევა. კარგი ამბავი ის არის, რომ სწორი პროფესიონალური დახმარებით და დაძლევის პოზიტიური უნარების განვითარებით, შფოთვა განკურნებადია.
რა არის შფოთვა?
შფოთვა არის განცდა, რომელიც გეუფლება, როცა რაღაცაზე ღელავ ან გეშინია. ეს არის შიშის ან პანიკის ბუნებრივი, ადამიანური შეგრძნება. შფოთვის გადავლის შემდეგ ჩვენ როგორც წესი, ვმშვიდდებით და თავს უკეთ ვგრძნობთ.
მცირე დოზით ნერვიულობა და შიში გვეხმარება უსაფრთხოების შენარჩუნებაში და გვიცავს რისკებისგან. მაგრამ ზოგჯერ შფოთვამ შეიძლება დაგვაჯეროს, რომ ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე რეალურად და შეიძლება ამ გრძნობამ სრულად მოგვიცვას. მუდმივმა ნერვიულობამ შეიძლება გახანგრძლივებული შფოთვა გამოიწვიოს.
თუ შფოთვა ხელს უშლის თქვენს შვილს აკეთოს ის, რაც მოსწონს, ხედავთ, რომ ღელავს ან პანიკდება ისეთ სიტუაციაში, რომელიც არ არის სტრესული, მაშინ მნიშვნელოვანია მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ დაეხმაროთ მას უკეთ იგრძნოს თავი.
რა იწვევს შფოთვას?
შფოთვის ზუსტი მიზეზების დადგენა ყოველთვის ადვილი არ არის. სტრესულ სიტუაციებში ჩვენს ტვინში განგაშის ზარი რეკავს - გვაცნობებს, რომ რაღაც არ არის კარგად და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად გვამზადებს. რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში დასახმარებლად ჩვენი ტვინი გვაფხიზლებს, წყვეტს ფიქრს სხვა საკითხებზე და მეტ სისხლს გადაისვრის ფეხებისკენ, რათა გაქცევისთვის მოგვამზადოს.
შფოთვა ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებში შფოთვა ყველა ასაკში გვხვდება. შფოთვის გამომწვევი მიზეზებიდან ბევრი ადამიანის ზრდის ბუნებრივი ნაწილია.
დაახლოებით 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირია განშორების შფოთვა. შედეგად, ისინი უფრო მიჯაჭვულები ხდებიან მშობლებსა თუ აღმზრდელებზე და განშორებისას ტირიან. ეს ბავშვის განვითარების ნორმალური ეტაპია და თავისით უნდა დასრულდეს 2-დან 3 წლამდე ასაკში.
ასევე ხშირია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში სპეციფიკური შიშები ან ფობიები, მათ შორის ცხოველების, მწერების, ქარიშხალის, სიმაღლის, წყლის, სისხლის ან სიბნელის შიში. ეს შიშები, როგორც წესი, თანდათანობით თავისით ქრება.
ბევრი ბავშვი გრძნობს შფოთვას ახალ სკოლაში წასვლისას ან გამოცდების წინ. ზოგიერთი ბავშვი თავს მორცხვად გრძნობს სოციალურ სიტუაციებში.
თუ თქვენი შვილი ვერ გადალახავს ამ შიშებს და შფოთვებს, ან თუ ეს ხელს უშლის მას სკოლაში, სახლში ან თამაშის დროს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალის დახმარება.
დაიმახსოვრეთ, მხოლოდ ექიმს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს შეუძლია ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკა, ასე რომ, თუ გადარდებთ თქვენი შვილის მდგომარეობა, ნუ მოგერიდებათ რჩევისთვის მიმართოთ ექიმს.
შფოთვის ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში
შფოთვის სიმპტომები ზოგჯერ საკმაოდ კომპლექსურია და შესაძლოა გამოვლინდეს სტრესული მოვლენიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგაც. შფოთვისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია:
ფიზიკური:
• უჰაერობის შეგრძნება, თავის ტკივილი ან გონების დაკარგვის შეგრძნება
• აჩქარებული გული, ზოგჯერ მაღალი წნევის თანხლებით
• მოუსვენრობა, კანკალი ან სისუსტის შეგრძნება ფეხებში
• სისუსტის შეგრძნება კუჭში – შეტევითი ტკივილი, დიარეა ან ტუალეტში გასვლის ხშირი მოთხოვნილება
• ძილის პრობლემები ან მადის დაქვეითება
• პირის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა ან სიცხის შეგრძნება.
ემოციური და ფსიქიკური:
• ფოკუსირების პრობლემა – კონცენტრაციის ნაკლებობა
• პანიკის, ნერვიულობის ან გაღიზიანების შეგრძნება
• გადატვირთულობის ან ძლიერი შიშის გრძნობა
• კონტროლის დაკარგვის შეგრძნება
• დაღლილობა და სიბრაზე
შფოთვას ყველა განსხვავებულად განიცდის. ის, რომ კონკრეტულ სიტუაციაში სხვებზე მეტად ან ნაკლებად ვღელავთ - სრულიად ბუნებრივია.
ბავშვებს, რომლებსაც შფოთვა აწუხებთ, მუდმივი გამხნევება სჭირდებათ მშობლებისა და აღმზრდელებისგან. თუმცა, ასეთი ბავშვები ხშირად ძალიან ჩუმი და დამჯერები არიან, მათ უნდათ, სხვებს მუდმივად ასიამოვნონ, ამიტომ მათი მდგომარეობა ადვილად შეიძლება უფროსებს ყურადღების მიღმა დარჩეთ. ყურადღებით იყავით შფოთვის ნიშნების მიმართ, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოიძიოთ დახმარება და იზრუნოთ თქვენს შვილზე.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს შფოთვასთან გამკლავებაში
თუ თქვენი შვილი შფოთავს, პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის მისთვის იმის შეხსენება, რომ ეს გრძნობა აუცილებლად გაივლის. ამის მოსმენა ბავშვს დაამშვიდებს და შეამცირებს შფოთვას. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რითიც შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს გაუმკლავდნენ შფოთვას და იყვნენ უკეთ მომზადებულნი.
- ერთად გამოიკვლიეთ ეს გრძნობა: სთხოვეთ თქვენს შვილს, დააკვირდეს შფოთვის შეგრძნებას და მოგიყვეთ - რა ხდება, როდესაც ის განიცდის შფოთვას, როგორ გრძნობს თავს, რამდენ ხანს გრძელდება ეს შეგრძნებები და რა შეიძლება იყოს შფოთვის მიზეზი? რაც უფრო მეტად ესმით ბავშვებს საკუთარი შეგრძნებები, მით უფრო ნაკლებად ეშინიათ მათი და მით უფრო ადვილი ხდება ამ შეგრძნებების მართვა.
- გადაიტანეთ ყურადღება: იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი გრძნობების კონტროლი, შფოთვის განცდისას ბავშვები ხშირად უსვამენ საკუთარ თავს კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, მაგალითად, "რატომ ხდება ეს" ან "რატომ მემართება ეს მაინცდამაინც მე?" კითხვებს, როგორიცაა: „რას ისურვებდი სადილად?“ შეუძლია დაეხმაროს ბავშვს დაიბრუნოს კონტროლი სიტუაციაზე და ფოკუსირდეს აწმყოზე.
- ჯანსაღი ჩვევების მხარდაჭერა: ძილს და სწორ კვებას დიდი და პოზიტიური გავლენა აქვს, რადგან ხანგრძლივი შფოთვა ხშირად ძლიერ დაღლილობას იწვევს. ექსპერტები 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს 9-დან 12 საათამდე ძილს ურჩევენ. თინეიჯერებს 8-10 საათი ძილი სჭირდებათ. ძილის დროის დასაცავად, შეზღუდეთ ეკრანთან გატარებული დრო ღამით და გაიტანეთ ციფრული მოწყობილობები საძინებლიდან.
- ასწავლეთ, გამოიყენონ გრძნობები: ჩვენი გრძნობები ძლიერი იარაღია პანიკის, შფოთვისა და სტრესის განცდებთან გამკლავებისთვის. გთავაზობთ მარტივ გზას, როგორ წაახალისოთ ბავშვი, მიმართოს გრძნობებს: სთხოვეთ, კომფორტულად დაჯდეს და რამდენჯერმე ნელა ჩაისუნთქოს და ნელა ამოისუნთქოს. ახლა სთხოვეთ დაასახელოს: 4 რამ, რისი დანახვაც შესაძლებელია; 3 რამ, რისი მოსმენაც შესაძლებელია; 2 რამ, რასაც სუნი აქვს და 1 რამე, რისი გემოც შეუძლიათ იგრძნონ.
- ივარჯიშეთ მუცლით სუნთქვაში: შფოთვის დროს ჩვენი სუნთქვა ხდება ზედაპირული, ვსუნთქავთ მკერდით და გვავიწყდება ღრმად ჩასუნთქვა. მუცლით სუნთქვა ძალიან ამშვიდებს და ხელს უწყობს ჟანგბადის ფილტვებში ღრმად შეღწევას. სცადეთ ეს მარტივი 3-საფეხურიანი სავარჯიშო:
- ხელი დაიდეთ მუცელზე
- ჩაისუნთქეთ ცხვირით ნელა, 5 წამის განმავლობაში და ამოისუნთქეთ პირით 5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 5-ჯერ.
- ბავშვს განუმარტეთ, რომ ჩასუნთქვისას მუცელი რბილად გაბეროს, როგორც ბუშტი და ამოსუნთქვისას ჰაერი ისევ ნელა გამოუშვას „ბუშტიდან“.
როდის მივმართოთ პროფესიონალს
თუ შფოთვა ბავშვს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, პროფესიონალის ჩარევას მდგომარეობის მნიშვნელოვნად შემსუბუქება შეუძლია. თქვენი ოჯახის ექიმი გადაგამისამართებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთან ბავშვის მდგომარეობის შეფასებისა და სწორი მკურნალობის შესახებ რჩევისთვის. თუ თქვენს შვილს დაუნიშნავენ ფსიქოლოგთან კონსულტაციას ან თერაპიას, ბავშვს შეეძლება სპეციალისტთან განიხილოს ის, თუ რას გრძნობს და როგორ გაუმკლავდეს ამ გრძნობებს.
როგორც მშობელმა, მნიშვნელოვანია იცოდეთ - ის, რომ თქვენი შვილი შფოთვას განიცდის, არ არის თქვენი აღზრდის ბრალი. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ - ბავშვი შფოთვას განზრახ ან ყურადღების მისაქცევად არ მიმართავს. შფოთვითი აშლილობა სტრესული და სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ მშობლის ყურადღებით, სიყვარულით და ზრუნვით შფოთვის მართვა და დაძლევა შესაძლებელია.