რა არის პანიკური შეტევა?
შეტევის გამომწვევი მიზეზების გაგება პირველი ნაბიჯია, რითიც თქვენს შვილს მდგომარეობის დაძლევაში დაეხმარებით
- English
- ქართული
პანიკური შეტევა არის შიშის და შფოთვის ძლიერი განცდა. ის ხშირად მაშინ გვემართება, როცა ვღელავთ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენაზე, ან თუ სირთულესთან ან სტრესთან მოგვიწია გამკლავება.
პანიკური შეტევები შეიძლება ძალიან საშიშად მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით ბავშვობაში, მაგრამ, როგორც წესი, სათანადო მკურნალობით მათი შეწყვეტა შესაძლებელია. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პანიკური შეტევა არანაირ ზიანს არ გამოიწვევს და, თუნდაც შეტევის დროს ამას ვერ იჯერებდეთ, ეს შეგრძნება აუცილებლად დასრულდება.
რა არის პანიკური შეტევა?
პანიკური შეტევა არის შიშისა და შფოთვის განცდა, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაგვეუფლოს და რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ძლიერი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ქოშინი და გულის აჩქარება.
ბევრი ბავშვი პანიკური შეტევის დროს გრძნობს საზარელ შიშს, თითქოს ეს ესაა რაღაც საშინელება მოხდება. ეს გრძნობა შეიძლება დაგვეუფლოს მაშინაც კი, როცა რეალური საფრთხე არ არსებობს.
რა იწვევს პანიკურ შეტევებს?
ყოველთვის ნათელი არ არის, თუ რა იწვევს პანიკურ შეტევებს ბავშვებსა და მოზრდილებში. ის, რაც დანამდვილებით ვიცით, არის რომ პანიკური შეტევა შეიძლება გამოიწვიოს ნერვიულობამ, რთულმა ან სტრესულმა გამოცდილებამ. ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს:
• სახლში ან სკოლაში გამოცდილი სირთულეების გამო შფოთვა
• ნერვიულობა ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა გამოცდები, მეგობრობა ან პირადი ურთიერთობები
• საყვარელი ადამიანის სიკვდილი
• საშიში გამოცდილება, როგორიცაა შეურაცხყოფა ან უგულებელყოფა
• ძალადობის გამოცდილება
პანიკური შეტევები ბავშვებსა და მოზარდებში
პანიკური შეტევები ხშირად მოზარდობის პერიოდში იწყება, თუმცა შეიძლება ბავშვობაშიც დაიწყოს. შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი შფოთვა, ასევე გავლენა მოახდინოს ბავშვის განწყობის ან ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტზე.
ზოგიერთი ბავშვი იწყებს ისეთი სიტუაციებიდან გაქცევას, სადაც პანიკური შეტევა შეიძლება დაემართოს. შფოთვის შესამცირებლად მოზარდებმა შეიძლება ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება სცადონ. თუ პანიკური შეტევა არ ვაღიარეთ და არ ვუმკურნალეთ, მან შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა მძიმე დეპრესია და სუიციდური ქცევა.
ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში, ბავშვები, რომლებიც განიცდიან პანიკურ შეტევებს, ჩვეულებრივ, კარგად რეაგირებენ მკურნალობაზე.
პანიკური შეტევის ნიშნები და სიმპტომები
თუ თქვენი შვილი განიცდის პანიკურ შეტევას, ის შეიძლება თავს უკონტროლოდ გრძნობდეს, ეშინოდეს, რომ მის სხეულს საფრთხე ემუქრება ან თუნდაც ეგონოს, რომ კვდება. ჩვენს სხეული პანიკურ შეტევებზე სხვადასხვა გზით რეაგირებს. ასეთი რეაქცია შეიძლება იყოს:
• სუნთქვის შეკვრა, სწრაფი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება
• თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის შეგრძნება
• სინათლის მძაფრი და ინტენსიური აღქმა
• აჩქარებული გულისცემა და შებოჭილობა მკერდში
• ჭარბი ოფლიანობა
• კანკალი და სისუსტე ფეხებში
• ცრემლიანობა, შეგრძნება რომ ტირილს ვერ წყვეტ
• გაჭედვის შეგრძნება, თითქოს ვერ მოძრაობ
• კუჭის კრუნჩხვა ან გულისრევის შეგრძნება
როგორ დავეხმაროთ ბავშვს პანიკურ შეტევასთან გამკლავებაში
პანიკური შეტევის მართვის პირველი ნაბიჯია იმის ცოდნა, თუ რა იწვევს შეტევას. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რას გრძნობს, რაზე შფოთავს, რა სტრესავს. არის თუ არა კონკრეტული სიტუაციები ან ადგილები, რომელიც აშინებს? ეს ცოდნა დაეხმარება ბავშვს დაფიქრდეს ამ სიტუაციებთან გამკლავების გზებზე.
პანიკური შეტევის დროს, ბავშვმა შეიძლება იგრძნოს, რომ კარგავს კონტროლს, მაგრამ არის რაღაცეები, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ასწავლოთ, რათა დაიბრუნოს კონტროლი და კვლავ იგრძნოს ფეხქვეშ სიმყარე.
1. გრძნობასთან თანაცხოვრება: ხანდახან შეიძლება უფრო ადვილად მოგეჩვენოთ, იმ სიტუაციიდან ან ადგილიდან გაქცევა, რომელიც პანიკურ შეტევას იწვევს. ასეთი შეგრძნება ბუნებრივია. თუმცა, სიტუაციების თავიდან აცილებამ შეიძლება ჩვენი შფოთვა კიდევ უფრო გაზარდოს. ჩვენი მიზანი არ არის ბავშვს თავიდან ავაცილოთ სიტუაციები, რომლებიც პანიკას იწვევს, არამედ დავეხმაროთ მას ისწავლოს იმ გრძნობასთან გამკლავება, რაც ამ სიტუაციებში ეუფლება.
2. მიჰყევით ანბანს: სთხოვეთ ბავშვს დაასახელოს ერთი სიტყვა, რომელიც იწყება ანბანის თითოეული ასოთი. ეს შეიძლება იყოს ცხოველი, სახელი, ადგილი, საკვები და ა.შ. ამ სავარჯიშოს დროს ირთვება ტვინის განსხვავებული ნაწილი, რაც მათ ყურადღებას შიშისა და შფოთვისგან გადაიტანს.
3. ფოკუსირდით სუნთქვაზე: მუცლით სუნთქვა ძალიან ამშვიდებს და გვეხმარება ჟანგბადის ფილტვებში ღრმად შეყვანაში. სცადეთ ეს მარტივი 3-საფეხურიანი სავარჯიშო:
• ხელი დაიდეთ მუცელზე
• ჩაისუნთქეთ ცხვირით ნელა, 5 წამის განმავლობაში და ამოისუნთქეთ პირით 5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 5-ჯერ.
• ბავშვს განუმარტეთ, რომ ჩასუნთქვისას მუცელი რბილად გაბეროს, როგორც ბუშტი და ამოსუნთქვისას ჰაერი ისევ ნელა გამოუშვას „ბუშტიდან“.
4. აპოვნინეთ უსაფრთხო სივრცეები: თუ თქვენი შვილი პანიკურ შეტევას განიცდის, დაეხმარეთ, იპოვოს სივრცე, სადაც სუნთქვას და მშვიდად აზროვნებას შეძლებს. ეს შეიძლება იყოს მათთვის ნაცნობი ფიზიკური სივრცე, როგორიცაა თქვენი სახლი ან მისი ოთახი. ან, შესაძლოა ეს წარმოსახვითი ადგილი იყოს - სადმე, სადაც თავს მშვიდად გრძნობენ - პარკის საყვარელი კუთხე ან ზღვის სანაპიროზე.
5. ასწავლეთ, გამოიყენონ გრძნობები: ჩვენი გრძნობები ძლიერი იარაღია პანიკის, შფოთვისა და სტრესის განცდებთან გამკლავებისთვის. გთავაზობთ მარტივ გზას, როგორ წაახალისოთ ბავშვი, მიმართოს გრძნობებს:
სთხოვეთ, კომფორტულად დაჯდეს და რამდენჯერმე ნელა ჩაისუნთქოს და ნელა ამოისუნთქოს. ახლა სთხოვეთ დაასახელოს: 4 რამ, რისი დანახვაც შესაძლებელია; 3 რამ, რისი მოსმენაც შესაძლებელია; 2 რამ, რასაც სუნი აქვს და 1 რამე, რისი გემოც შეუძლიათ იგრძნონ.
როდის მივმართოთ პროფესიონალს
პანიკური შეტევების მძიმე შემთხვევებში ბავშვს ან მოზარდს შეიძლება სახლიდან გასვლისაც კი ეშინოდეს. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს პანიკური შეტევების განმეორებადი სიმპტომები აქვს, დროა ექიმს მიმართოთ.
პანიკური შეტევის სიმპტომების მქონე ბავშვი ან მოზარდი პირველ რიგში ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიერ უნდა შეფასდეს. თუ სიმპტომების გამომწვევ მიზეზად ვერ მოიძებნა ფიზიკური დაავადება ან კონდიცია, ბავშვი შეიძლება ფსიქიატრთან გადამისამართდეს შეფასებისთვის.
სწორი მკურნალობით, პანიკური შეტევების შეწყვეტა შესაძლებელია. ადრეულ ჩარევას სერიოზული გართულებების თავიდან აცილება შეუძლია.