რა არის კიბერბულინგი და როგორ უნდა შევაჩეროთ იგი? (ნაწილი I)
რა უნდა იცოდნენ თინეიჯერებმა კიბერბულინგის შესახებ
- English
- ქართული
გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალისტებს, კიბერბულინგისა და ბავშვთა დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექპერტებს ფეისბუქის, ინსტაგრამის, ტიკტოკისა და ტვიტერის წარმომადგენლებთან ერთად ვთხოვეთ, რომ პასუხი გაეცათ კიბერბულინგთან დაკავშირებულ შეკითხვებზე და მასთან გამკლავების რეკომენდაციებზეც ესაუბრათ.
რა არის კიბერბულინგი?
კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ბულინგია, რომელიც სოციალური მედიის, შეტყობინებებისა თუ თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით ხდება. იგი განმეორებადი ქცევაა, რომელიც სამიზნე ადამიანის დაშინებას, შერცხვენას თუ გაბრაზებას ისახავს მიზნად. კიბერბულინგის მაგალითებია:
- კონკრეტული ადამიანის შესახებ ცრუ ინფორმაციის ან უხერხული ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება სოციალურ ქსელში
- მავნე, შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებების, ფოტოების ან ვიდეოს გაგზავნა შეტყობინებების პლატფორმის მეშვეობით
- კონკრეტული ადამიანის სახელით მავნე შინაარსის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა მათი მომხმარებლის ანგარიშის მოპოვების ან ყალბი ანგარიშის შექმნის გზით.
ბულინგი და კიბერბულინგი ხშირად თანადროულად ხდება ხოლმე. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ კიბერბულინგი ციფრულ კვალს ტოვებს, ერთგვარ მტკიცებულებას, რომელიც შევიწროების შესაჩერებლად შეგვიძლია, გამოვიყენოთ.
თუკი თავს არ გრძნობთ უსაფრთხოდ, ან რაიმე არასასიამოვნო შეგემთხვათ ინტერნეტში, დახმარებისათვის მიმართეთ შესაბამის ცხელ ხაზს. თუკი თქვენი ქვეყანა მსგავს მომსახურებას არ გთავაზობთ, მაშინ დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ თქვენი ნდობით აღჭურვილ უფროსს ან მიმართეთ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალს.
1. ვარ თუ არა ონლაინ ბულინგის მსხვერპლი? სად გადის ზღვარი ხუმრობასა და ბულინგს შორის?
გაეროს ბავშვთა ფონდი:
რასაკვირველია, მეგობრები ერთმანეთს გამუდმებით ეხუმრებიან, თუმცა ხანდახან რთულია, განვასხვაოთ, რა არის ხუმრობა და რა ზიანის მიყენების სურვილი. ამ ზღვარის გავლება ონლაინ კიდევ უფრო რთულდება. ზოგჯერ, ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ უბრალოდ გვეხუმრებიან და რომ სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ მათი ნათქვამი.
მაგრამ თუ გულნატკენი ხართ ან გრძნობთ, რომ სხვები თქვენზე იცინიან და არა თქვენთან ერთად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ხუმრობა ძალიან შორს წავიდა. თუ მსგავსი ქცევა მაშინაც კი გრძელდება, როცა სთხოვთ ადამიანს, რომ გაჩერდეს და თქვენი განაწყენებაც არ ქრება, მაშინ შეგვიძლია, რომ აღიშნული ქმედება ბულინგად შევრაცხოთ.
ონლაინ ბულინგი შესაძლოა, არასასურველ ყურადღებაში გადაიზარდოს როგორც ნაცნობი, ისე - უცნობი ადამიანების მხრიდან. თუკი შექმნილი ვითარება არ გსიამოვნებთ, გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, აიტანოთ იგი.
უწოდეთ, რაც გსურთ - თუკი თავს ცუდად გრძნობთ და ბულინგიც არ ჩერდება, დახმარება უნდა ითხოვოთ. კიბერბულინგის შესაჩერებლად მხოლოდ ბულერის შეჩერება არ კმარა, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ყველა ადამიანი პატივისცემას იმსახურებს, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე - ონლაინ ყოფნისას.
2. რას იწვევს კიბერბულინგი?
გაეროს ბავშვთა ფონდი:
ონლაინ ბულინგის დროს ისეთი შეგრძნება გიპყრობთ, თითქოს ყველგან, საკუთარ სახლშიც კი, თავს გესხმიან. შეიძლება, მოგეჩვენოთ კიდეც, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არ არსებობს. კიბერბულინგის შედეგები შესაძლოა, საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდეს და ადამიანზე სხვადასხვაგვარად იმოქმედოს. მოახდინოს მასზე:
- ფსიქოლოგიური ზემოქმედება - ადამიანი თავს განაწყენებულად, შერცხვენილად ან სულელად გრძნობს, მას შიში ან სიბრაზე სდევს თან
- ემოციური ზემოქმედება - თავს შერცხვენილად გრძნობს და ყველანაირ ინტერესს კარგავს იმის მიმართაც კი, რაც ადრე უყვარდა
- ფიზიკური ზეგავლენა - მუდმივი დაღლილობის შეგრძნება (ძილის დარღვევა) ან თავისა და მუცლის ტკივილი.
ადამიანზე იმდენად მოქმედებს დაცინვა ან შეურაცხყოფა, რომ მან შესაძლოა, სხვებთან პრობლემის გაზიარება და მასთან გამკლავებაც კი აღარ ისურვოს. უკიდურეს შემთხვევაში, კიბერბულინგს ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიჰყავს.
შესაბამისად, კიბერბულინგს არაერთი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაზე. თუმცაღა, ამ გამოწვევების გადალახვა და თავდაჯერებისა და ჯანმრთელობის დაბრუნების შესაძლებლობა, რაღა თქმა უნდა, გვაქვს.
3. როგორ გავლენას ახდენს კიბერბულინგი ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?
გაეროს ბავშვთა ფონდი:
კიბერბულინგის გამო, როდესაც არ იცით რას იტყვიან ან იფიქრებენ თქვენზე გარშემომყოფები, შესაძლოა, გაგიმძაფრდეთ სირცხვილის, შფოთვის, დაუცველობის შეგრძნება, გახდეთ უფრო ნერვიულები, რის გამოც, შესაძლოა, ჩამოშორდეთ ოჯახსა და მეგობრებს, მოგემატოთ ნეგატიური ფიქრები და საკუთარ თავთან საუბრის სურვილი, შესაძლოა, დანაშაულის შეგრძნებამ მოგიცვათ იმასთან დაკავშირებით, რაც გააკეთეთ ან არ გაგიკეთებიათ და ფიქრობთ, რომ სხვები განგსჯიან. ასეთ დროს, გავრცელებულია ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა მარტოსულობა, გულჩვილობა, გახშირებული თავის ტკივილი, გულის რევა ან მუცლის ტკივილი.
შესაძლოა, ამ დროს იმის კეთების მოტივაციაც კი დაკარგოთ, რაც ადრე გიყვარდათ და სიამოვნებას განიჭებდათ, თავი საყვარელი ადამიანებისაგან იზოლირებულად იგრძნოთ, რის გამოც წარმოიქმნება ნეგატიური შეგრძნებები და ფიქრები, რაც უარყოფითად აისახება თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
კიბერბულინგის კიდევ ერთი გავრცელებული შედეგია სკოლის გაცდენა, რაც ასევე ნეგატიურად აისახება მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომლებმაც შესაძლოა, დაიწყონ ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკის მოხმარება ან თავიანთი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტკივილის შესამსუბუქებლად, ცუდ ყოფაქცევას მიმართონ. დახმარების მიღების პირველი ნაბიჯი იქნება თქვენი ნდობით აღჭურვილ მეგობართან, ოჯახის წევრთან ან სკოლის ხელმძღვანელთან გასაუბრება.
კიბერბულინგის გავლენის ხარისხი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იმაზეა დამოკიდებული, თუ რა საშუალებით განხორციელდა იგი. მაგალითად, დამტკიცდა, რომ სოციალურ მედიაში ტექსტური შეტყობინებებისა თუ ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნით განხორციელებული ბულინგი მოზარდებში ყველაზე მტკივნეულად აღიქმება.
სნეპჩეთი
კიბერბულინგი 24 საათიან რეჟიმში ჩაგვრის შესაძლებლობას აძლევს ბულერებს და ძალიან ცუდი შედეგების მომტანია. სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხმარებლებს აპლიკაციაში ჩაშენებული ერთ-ერთი ფუნქციონალის მეშვეობით ვთავაზობთ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას, რომელსაც „Here For You”-ზე გადასვლის შემდეგ მიიღებთ. სნეპჩეთის აღნიშნული პორტალი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის, განცდის, ბულინგის, შევიწროების, შფოთვის, კვებითი აშლილობის, დეპრესიის, სტრესისა და სუიციდური ფიქრების შესახებ. აღნიშნული მასალები შემუშავდა ადვოკატირებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და მიზნად ისახავს, რომ ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლებს დავეხმაროთ რეალური ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში.
სნეპჩეთში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. დაგვიკავშირდით და გვითხარით, როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება.
ტიკტოკი
კიბერბულინგი ატარებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის რისკს. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ მიმართოთ თქვენი ნდობით აღჭურვილ ადამიანს, იქნება ეს მშობელი, მასწავლებელი, მეგობარი თუ თქვენზე მზრუნველი, გაუზიარეთ მათ თქვენი მდგომარეობა, რათა დახმარება შეძლონ.
ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და, შესაბამისად, ვიაზრებთ, თუ რაოდენ ნეგატიური გავლენა შეიძლება, მოახდინოს კიბერბულინგმა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მავნე კონტენტისა და ქცევის აკრძალვის გარდა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მომხმარებლის შერცხვენას, შევიწროებასა და ჩაგვრას, ჩვენ ექსპერტების გუნდთან ერთად შევიმუშავეთ კეთილდღეობის სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ გაიუმჯობესონ კეთილდღეობა და როგორ შეინარჩუნონ ტიკტოკის უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო.
4. ვის უნდა მივმართო, თუკი ონლაინ ბულინგის მსხვერპლი ვარ? რატომ არის გაზიარება მნიშვნელოვანი?
გაეროს ბავშვთა ფონდი:
თუ ფიქრობთ, რომ ბულინგის მსხვერპლი ხართ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სანდო პირთან გასაუბრებაა, იქნება ეს მშობელი, ოჯახის წევრი თუ სხვა ზრდასრული ადამიანი.
სკოლაში კი შეგიძლიათ, პირისპირ ან ონლაინ გაესაუბროთ სკოლის ხელმძღვანელს, სპორტის მასწავლებელს ან თქვენს საყვარელ პედაგოგს.
მაგრამ თუ გიძნელდებათ ამ თემაზე ნაცნობებთან საუბარი, შეგიძლიათ, პროფესიონალის დახმარება მიიღოთ თქვენი ქვეყნის შესაბამის ცხელ ხაზზე დარეკვით.
თუკი ბულინგი სოციალურ პლატფორმაზე მოხდა, მაშინ დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ბულერი და მომხდარის შესახებ თავად პლატფორმას აცნობეთ. გახსოვდეთ, რომ სოციალური მედიის კომპანიები ვალდებულნი არიან, თავიანთი მომხმარებლის უსაფრთხოება უზრუნველყონ.
ბულინგის შესაჩერებლად, უმნიშვნელოვანესია მისი გამოვლენა და შესაბამისი პირებისთვის შეტყობინება
გაითვალისწინეთ, რომ სამხილების შეგროვებაც არ იქნება ურიგო, თავი მოუყარეთ ტექსტურ შეტყობინებებს, სოციალური მედიის პოსტებს, ყველაფერს, რაც გამოგადგებათ, დაამტკიცოთ კიბერბულინგის შემთხვევა.
ბულინგის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანია მისი გამოვლენა და შესაბამისი პირებისათვის შეტყობინება. ამგვარად შეგვიძლია, ბულერს ვაჩვენოთ, რომ მისი ქცევა მიუღებელია.
თუ თქვენ ახლა იმყოფებით საფრთხეში, დაუკავშირდით პოლიციას ან გადაუდებელი დახმარების სამსახურს.
ფეისბუქი/ინსტაგრამი
ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ბულინგისა და შევიწროების არც ერთი ფორმის ადგილი არ არის. ანგარიშის შექმნა, ფოტოების დადება და კომენტარების დაწერა სხვა ადამიანის ჩაგვრისა და შევიწროების მიზნით, ეწინააღმდეგება ჩვენი პლატფორმების პოლიტიკას.
თუკი ონლაინ ბულინგს განიცდით, გირჩევთ, რომ დაელაპარაკოთ მშობელს, მასწავლებელს ან იმ ადამიანს, რომელსაც ენდობით, გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ მხარდაჭერა და თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ.
ჩვენს პლატფორმებზე ბულინგის შესახებ შეტყობინების გაკეთება ძალიან მარტივია. ჩვენს გუნდს გამოუგზავნეთ შეტყობინება იმის შესახებ, თუ რომელი პოსტი, კომენტარი, სთორი ან პირადი შეტყობინებაა ბულინგის შემცველი. თქვენი საჩივარი ანონიმურია. პირი, რომლის შესახებაც გვაცნობეთ, ვერ გაიგებს, თუ ვინ განახორციელა ეს ქმედება. ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში განიხილავს მსგავს შეტყობინებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 70-ზე მეტ ენაზე მუშაობს, რათა შევძლოთ, ჩვენი პლატფორმებიდან განვდევნოთ ის, რაც ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
მეტას Family Center გთავაზობთ მასალებს, მოსაზრებებსა და ექსპერტების რეკომენდაციებს, რომლებიც ეხმარება მშობლებს, მეურვეებსა და ნდობით აღჭურვილ უფროსებს, გაიაზრონ, თუ როგორ გახადონ მათი თინეიჯერი შვილების მიერ ჩვენი პლატფორმების მოხმარება უფრო სასიამოვნო და უსაფრთხო. ფეისბუქის შემთხვევაში, გვაქვს რესურსები, რომლებიც ბულინგთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, ასევე, მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ, როდესაც თქვენ გვერდით მყოფი იჩაგრება. რაც შეეხება ინსტაგრამს, ჩვენი უსაფრთხოებისა და ბულინგის საწინააღმდეგო ფუნქციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ.
სნეპჩეთი
ბულინგი და კიბერბულინგი არავინ არ უნდა განიცადოს. თუკი ბულინგის მსხვერპლი ხართ, ჩვენი უპირველესი რეკომენდაციაა, რომ ვინმეს გაესაუბროთ: მეგობარს, მშობელს, მომვლელს, თქვენი ნდობით აღჭურვილ პირს, ნებისმიერს, ვისთანაც საუბარი შეგიძლიათ.
სნეპჩეთის მომხმარებელთა სახელმძღვანელო ცხადად და მკაფიოდ კრძალავს ბულინგის, დაშინებისა და შევიწროების ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენი პლატფორმა არ შექმნილა იმისთვის, რომ აქ ადამიანებს სხვები დაეჩაგრათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს.
ინფორმაცია თქვენ მიმართ განხორციელებული ბულინგის შესახებ ან იმის თაობაზე, რომ სხვა პირი ჩვენს წესებს არღვევს, გვაძლევს საშუალებას, რომ ვიმოქმედოთ და თქვენი და ჩვენი სხვა მომხმარებლების დაცვა შევძლოთ. სნეპჩეთისთვის მავნე შინაარსის ან ქცევის შეტყობინების გარდა, გთხოვთ, გაესაუბროთ მეგობარს, მშობელს, მზრუნველს ან სხვა ადამიანს, რომელსაც ენდობით. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პლატფორმის მომხმარებლები თავს გრძნობდნენ დაცულად და ისიამოვნონ.
ტიკტოკი
ყველას აქვს უფლება, რომ თავი დაცულად იგრძნოს, რომ პატივს სცემდნენ მას და მის ღირსებას. ბულინგისა და შევიწროების ადგილი არ არის ჩვენს ინკლუზიურ გარემოში, რომლის განვითარებაც ტიკტოკის მიზანს წარმოადგენს.
თუკი ოდესმე იგრძნობთ, რომ ვინმე გჩაგრავთ ან არასასიამოვნოდ გექცევათ, გაესაუბრეთ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით და რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ - მშობელს, მასწავლებელს ან მზრუნველს.
ჩვენ ტექნოლოგიისა და ათასობით პროფესიონალის დახმარებით ვცდილობთ, რომ ტიკტოკიდან ბულინგი აღვკვეთოთ. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ აპლიკაციაში ჩაშენებული ფუნქციონალი გამოიყენონ, რომლის მეშვეობითაც უმარტივესად შეგვატყობინებენ ბულინგის შესახებ, იქნება ეს მათ ან სხვის მიმართ განხორციელებული. შეგიძლიათ, შეგვატყობინოთ ვიდეოს, კომენტარების, მომხმარებლების ან პირადი შეტყობინებების შესახებ, რათა შევძლოთ შესაბამისი ზომების გატარება და თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მსგავსი ქმედება ყოველთვის კონფიდენციალურია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბულინგის პრევენციის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია თინეიჯერების, მეურვეებისა და მასწავლებლებისთვის და რომელიც გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ბულინგი, შევძლოთ მისი პრევენცია და დაზარალებულთა დახმარება.
ტვიტერი
ონლაინ ბულინგის გამკლავება არ არის მარტივი ამოცანა. თუკი კიბერბულინგის მსხვერპლი ხართ, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ ხართ. გაესაუბრეთ თქვენს მასწავლებელს, მშობელს და მას, ვისაც ენდობით, თქვენი განცდების შესახებ. ისაუბრეთ თქვენს მშობლებთან და მეგობრებთან, თუ რა უნდა გააკეთოთ, როდესაც თქვენ ან თქვენი მეგობრები კიბერბულინგს განიცდით.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ გვაცნობონ იმ ანგარიშების შესახებ, რომლებიც ჩვენს წესებს არღვევენ. ამისათვის საჭიროა, ეწვიოთ ჩვენი დახმარების ცენტრს ან დააწკაპუნოთ „ტვიტის შეტყობინების“ ღილაკს.
სტატიის გაგრძელება ახლო მომავალში გამოქვეყნდება