გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ დაუცველ ოჯახებს

მხოლოდ აპრილის თვეში მთელ რიგ სოფლებს, მათ შორის, კონფლიქტის ზონების მიმდებარე სოფლებს იუნისეფის დახმარების ნაკრების 380 ყუთი გადაეცა.

გიორგი ლომსაძე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისისათვის
Humanitarian Action in Nikozi
UNICEF/GEO-2020/Blagonravova
02 ივლისი 2020

ქეთევან იოსელიანს და მის სამ შვილს ერთი საძინებელი აქვთ. მალე მათ ოჯახში მატება იქნება. „მეოთხე ბავშვს ველოდები,“ ამბობს ქეთევანი, რომელიც სადილს ამზადებს სამზარეულოში, სადაც, კედლიდან ჩამოფშვნილი ბათქაშის ადგილას ცემენტის ბლოკები მოჩანს.

მისი ქმარი ავღანეთში, საქართველოს სამშვიდობო მისიაში მსახურობს. 28 წლის ქეთევანი კი მომჭირნედ ცხოვრობს სოფელ ნიქოზში, სეპარატისტული რეგიონის მიმდებარედ. „მე არ ვმუშაობ, თუმცა მთელ დროს ბავშვების მოვლას ვახმარ,“ ამბობს იგი.

ბავშვებმა დღეს განსაკუთრებული საჩუქარი მიიღეს. გაეროს ბავშვთა ფონდმა მათ ჩაუტანა საკვებისა და ჰიგიენური საშუალებებისგან შემდგარი დახმარების ნაკრები. „ბავშვებს ჭამა დიდად არ უყვართ, თუმცა ამ ყუთში რაც იდო, ყველაფერი უყვართ“, ამბობს ქეთევანი, და გაზის ქურაზე შემოდგმული ქვაბის მორევას განაგრძობს.

"კორონავირუსის პანდემიამ სირთულეები ყველას შეუქმნა. თუმცა, ყველაზე დაუცველ ოჯახებს ახლა განსაკუთრებით უჭირთ."

ღასან ხალილი

„კორონავირუსის პანდემიამ სირთულეები ყველას შეუქმნა. თუმცა, ყველაზე დაუცველ ოჯახებს ახლა განსაკუთრებით უჭირთ. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას ძნელად მისადგომ რაიონებში ყველაზე დაუცველი ოჯახებისათვის შესაბამისი მხარდაჭერის, დახმარებისა და მზრუნველობის აღმოსაჩენად,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

ვიდრე ქეთევანი სამზარეულოში ფუსფუსებს, მისი შვიდი წლის ქალიშვილი სალომე ხალისით გვათვალიერებინებს სახლს. „მე და ჩემს დას აქ გვძინავს, დედას და ძმას კი - აქ,“ ამბობს იგი და გვიჩვენებს გვერდიგვერდ მდგარ ორ საწოლს. შემდეგ მიგვითითებს იქვე კუთხეზე, სადაც მისი და მისი დების სამეცადინო მაგიდა სავსეა თოჯინებითა და წიგნებით.

Humanitarian Action in Nikozi
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

„ჩვენ შედარებით გვიან მივხვდით, რომ მარიამს სმენის დარღვევა ჰქონდა“, ამბობს იოსელიანი მის უფროს ქალიშვილზე. „მას ოთხი წლის ასაკში ოპერაცია გავუკეთეთ და ახლა, საბედნიეროდ, მივიღე მცირედი დაფინანსება, რათა შევძლო მისი ლოგოპედთან წაყვანა.“

იოსელიანს პერიოდულად უწევს დედაქალაქში, თბილისში ჩასვლა მარიამის სმენის აპარატისათვის ელემენტების და იმ სხვა პროდუქტების საყიდლად, რომელიც სოფელში არ იშოვება. თბილისში ჩასვლას იგი ვეღარ ახერხებდა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მარტში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა; აიკრძალა საქალაქთაშორისო გადაადგილება, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და დაწესდა კომენდანტის საათი.

გაეროს ბავშვთა ფონდმა, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით და გაერთიანებული მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო დაწესებული შეზღუდვების შედეგად განსაკუთრებით დაზარალებული დაუცველი ოჯახებისათვის პირველადი მოხმარების ნივთების მიწოდება.

მხოლოდ აპრილის თვეში მთელ რიგ სოფლებს, მათ შორის, კონფლიქტის ზონების მიმდებარე სოფლებს იუნისეფის დახმარების ნაკრების 380 ყუთი გადაეცა.

UNICEF