ჩვილ ბავშვთა სიცოცხლის შენარჩუნება და განვითარება

ბავშვობის პირველი წლები ადამიანის სასიცოცხლო ციკლის ყველაზე სწრაფი განვითარების პერიოდია

Newborn child
UNICEF/Geo-2015/Khetaguri

ზოგადი მიმოხილვა

ბავშვობის პირველი წლები ადამიანის სასიცოცხლო ციკლის ყველაზე სწრაფი განვითარების პერიოდია, რომელიც, ამავე დროს, უნიკალური შესაძლებლობაა მომავალი წარმატებისათვის.  სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვებს უყალიბდებათ ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევები, ეყრება  საფუძველი მათ კეთილდღეობას. ადრეულ ასაკში მიღებული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გამოცდილება ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, სწავლის პროცესზე, მის ქცევასა და ჯანმრთელობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე. 

ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება ნიშნავს ბავშვის ჯანმრთელობის დაცვას, სრულფასოვან კვებას, ძალადობისაგან დაცვას, ადრეულ სწავლებას და სტიმულაციას, რომ მან სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი ზრდის, განვითარებისა და სწავლის პროცესში. 

საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ ადრეულ ასაკში სათანადო ზრუნვის ან რესურსების არარსებობამ  შეიძლება სამუდამოდ დააზიანოს ბავშვი როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად, რაც ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისათვისაც საზიანო იქნება. მიუხედავად მთავრობის ძალისხმევისა ბავშვთა გადარჩენის და ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისების განვითარების მიმართულებით, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სასურველი კოორდინაცია, პროგრამების უწყვეტობა და არაეფექტიანია რეფერირების სისტემები ადრეულ ასაკში ბავშვებისათვის ჯანდაცვის, განათლების, დაცვისა და სხვა სოციალური მომსახურების მიწოდებისთვის. 

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობასთან ბავშვების, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი მცირეწლოვანი ბავშვების და მათი ოჯახების დასახმარებლად; ვცდილობთ, მაქსიმალურად მზრუნველი გარემო შევუქმნათ ბავშვებს და საშუალება მივცეთ პატარებს, გაიზარდონ, განვითარდნენ და  სრულად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი   სკოლაშიც და სკოლისშემდგომ პერიოდშიც. ადრეულ ასაკში ბავშვთა ყოვლისმომცველი განვითარების ასახვა კონკრეტულ პროგრამებსა და გეგმებში გულისხმობს კვების, ჯანდაცვის, უფლებათა დაცვის (ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობები) და განათლების (ადრეული და სკოლამდელი განათლება) პროგრამების ურთიერთკავშირს. ჩვენ ვეხმარებით მთავრობას, რომ შეიქმნას ბავშვთა ადრეულ ასაკში განვითარებისთვის სრულყოფილი სერვისები ბავშვის ჯანსაღი ზრდის, განვითარებისა და დაცვის მიზნით. 

გაეცანით ჩვენს სხვა პროგრამებს

გაიგე მეტი საქართველოში UNICEF-ის საქმიანობის შესახებ