დედისა და ბავშვის ჯანმრთელობა
ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდში ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფისთვის.
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
გამოწვევა
საქართველომ მიაღწია ათასწლეულის განვითარების მიზანს ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით, თუმცა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 11,4 ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვზე,ჯერ კიდევ მაღალია და ორჯერ აღემატება იმავე საშუალო მაჩვენებელს ევროკავშირის ქვეყნებში. ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ დიდი განსხვავებაა ქალაქებსა და სოფლებს შორის. გამოწვევად რჩება ასევე დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი: 36შემთხვევა ყოველ 100,000 მშობიარობაზე. მშობიარობამდელი, მშობიარობის პერიოდისა და მშობიარობისშემდგომი მომსახურების დაბალი დონე მნიშვნელოვნად ზრდის დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.
საქართველოს დაახლოებით ნახევარი მილიონ მოქალაქეს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, აღენიშნებათ კვების დეფიციტი.
ბევრ ბავშვსა და ორსულ ქალს აქვს ანემია; ბავშვებში ხშირია ზრდაში ჩამორჩენა და სხვადასხვა სახის მიკროელემენტების დეფიციტი, როგორიცაა ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა, რაც ზრდის ბავშვთა სიკვდილიანობას, აფერხებს მათ გონებრივ განვითარებას და ზღუდავს სხვადასხვა სახის უნარებს ბავშვებში.
გამოსავალი
ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდში ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფისთვის. ამაში შედის ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობათა ზრდა და განვითარება, ამ მომსახურებების რეორგანიზაცია და ინფორმაციის მართვის სანდო სისტემის შექმნა, რაც მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკისთვისაა საჭირო.
ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარეობს პერინატალური ჯანდაცვის სამსახურების რეგიონალიზაცია, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების გზაზე. იგი გულისხმობს არსებული სამშობიარო სახლებისთვის მომსახურების დონეების (I-III დონე) მინიჭებას თითოეული დონისათვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიისა და დიაგნოსტიკური მომსახურების გათვალისწინებით. რეგიონალიზაციის კონცეფცია მოითხოვს, რომ სამშობიარო სახლები სრულად აკმაყოფილებდნენ თითოეული დონისათვის განსაზღვრულ სტანდარტებს.
ჩვენ მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მართვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის, ეგრეთ წოდებული დაბადების რეესტრის შექმნაში.
ელექტრონული ფორმის საშუალებით შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით ყველა ორსული ქალის მონაცემების აღრიცხვა და მოძიება ორსულობის და მშობიარობის პერიოდში.
ამ ჟურნალში აღირიცხება ახალშობილთან დაკავშირებული ინფორმაციაც. გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავაც განაგრძობს დახმარებას მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებისა და სისტემის „ანალიტიკური ძრავით“ აღჭურვის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მთავრობის გადაწყვეტილებათა რელევანტურობასა და მიზნობრიობას.
დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ჩვენი დახმარებით შემუშავდა ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
მოდული დაკავშირებულია დაბადების რეესტრთან და თავს უყრის 0-დან 6 წლამდე ბავშვების შესახებ მნიშვნელოვან მონაცემებს, აფასებს ბავშვის განვითარების ტრაექტორიას, მოიცავს ინფორმაციას ბავშვის კვებაზე, ბავშვის უგულებელყოფის და მასზე ძალადობის შესახებ.
პირველადი ჯანდაცვის ექიმები და დამხმარე სამედიცინო პერსონალი ვალდებულნი არიან, შეიყვანონ წინასწარი მონაცემები პორტატულ ელექტრონულ ტაბლეტებში.
მონაცემები შემდგომ ხვდება ონლაინ მართვის სისტემაში. მოდულში შედის ასაკთან დაკავშირებული გზავნილები სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც შეახსენებს მათ ჯანმრთელობის ისეთ საკითხებს, რომელთა განხილვა საჭიროა მშობლებთან და მომვლელებთან ერთად. მოდული შეიცავს ბავშვის ასაკის მიხედვით მომზადებულ გზავნილებსაც დედებისთვის.
ეს არის მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს პირველადი ჯანდაცვის მუშაკებს, შეაფასონ ოჯახის ეკონომიკური პირობები და დაეხმარონ დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო დახმარების მიღებაში. მოდული ასევე აფასებს დედის ჯანმრთელობას მშობიარობისშემდგომ პერიოდში და შესაძლებელს ხდის დროულად გამოვლინდეს დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის, განსაკუთრებით კი ბავშვზე მეთვალყურეობის კომპონენტის გაუმჯობესებას და იმ ოჯახების დახმარებას, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები.
ჩვენ ასევე ხელი შევუწყეთ იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის შემუშავებას. ეს მოდული შეიცავს ვაქცინებთან, უსაფრთხო აცრებთან და მარაგების მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მას აქვს სმს-ების გაგზავნის სისტემა და მშობლის გვერდი. იმუნიზაციის მოდულს ახლავს ანალიტიკური მოდული, რომელიც საშუალებას იძლევა, ოპერატიულად განხორციელდეს იმუნიზაციის მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია.
ჯანდაცვის ეს ელექტრონული მოდულები უკავშირდება სოციალურ ელექტრონულ მოდულებს, რომლებიც ასევე ჩვენი დახმარებითაა შემუშავებული და მიზნად ისახავს მონაცემთა დამუშავებას და ბავშვთა განვითარების საკითხების ანალიზს საქართველოში.
ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემა სოციალური სერვისებისთვის ასახავს ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალურ მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს.
ამ ელექტრონულ პლატფორმას იყენებენ სოციალური მომსახურების სააგენტოები (როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმწოდებლები (დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რეაბილიტაციის ცენტრები და სხვა) და სახელმწიფო სამსახურებში მომუშავე სოციალური მუშაკები.
ჩვენ ასევე ვთანამშროლობთ მთავრობასთან, რომ გაძლიერდეს პოლიტიკა და პროგრამები ორსული ქალების, დედებისა და ბავშვების კვების გასაუმჯობესებლად. კერძოდ, იუნისეფის ტექნიკური დახმარებით და მთავრობასა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა საქართველოს ნუტრიციული სტატუსის მონიტორინგის და მეთვალყურეობის სისტემა, რომელიც სისტემატურად აგროვებს და აანალიზებს მოსახლეობის ნუტრიციული სტატუსის განმსაზღვრელ ინდიკატორებს და ტენდენციებს. სისტემა ფუნქციონირებს საქართველოს 4 რეგიონში. ჩვენ განვაგრძობთ ადგილობრივი ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც აუცილებელია პოლიტიკის შემუშავებისათვის.
და ბოლოს, ვლობირებთ ფოლიუმის მჟავისა და რკინის შემცველი დანამატების გამოყენებას, ხორბლის ფქვილის სავალდებულო გამდიდრებას მიკროელემენტებით და ექსკლუზიური ძუძუთი კვების ხელშეწყობას.