გაეროს ბავშვთა ფონდმა 75-ე წლისთავი საქართველოში მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციით აღნიშნა

პრეს-რელიზი

10 დეკემბერი 2021
UNICEF Birthday
UNICEF/GEO-2021/Jibuti

თბილისი, საქართველო, 2021 წლის 11 დეკემბერი. გაეროს ბავშვთა ფონდის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში გაიმართა მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციას საქართველოს ყველა ბავშვისთვის ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად. კონფერენცია ორგანიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან კოალიცია ‘განათლება ყველასათვის’, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და STEM მასწავლებელთა  ასოციაცია.

კონფერენციაში მონაწილეობს STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) საგნების 200-ზე მეტი მასწავლებელი მთელი საქართველოდან. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ, განათლების კოალიციის ხელ-მა ირინა ხანთაძემ და CK-12-ის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნეერუ ხოსლამ.     

 

"სხვა გადაწყვეტილებთან ერთად უმნიშვნელოვანესია განათლების ახლებური ხედვა სწავლისა და უნარების განვითარებაში  რევოლუციური ძვრების მოხდენით, ამისთვის კი საქართველოში ყველა ბავშვისთვის ციფრული სწავლისა და ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაა საჭირო." - ღასან ხალილი

 

„წელს გაეროს ბავშვთა ფონდი 75 წლის ხდება. ეს მნიშვნელოვანი იუბილეა გარდამტეხ ეტაპზე“, აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.“კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმად ფესვგადგმული უთანასწორობა და ყველაზე მეტად ყველაზე დაუცველი ბავშვები დააზარალა. მიუხედავად ამისა, ასეთი დაბრკოლებები ასევე გვისხნის უნიკალურ შესაძლებლობებს, თავიდან გავიაზროთ მომავალი თითოეული ბავშვისთვის. სხვა გადაწყვეტილებთან ერთად უმნიშვნელოვანესია განათლების ახლებური ხედვა სწავლისა და უნარების განვითარებაში  რევოლუციური ძვრების მოხდენით, ამისთვის კი საქართველოში ყველა ბავშვისთვის ციფრული სწავლისა და ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაა საჭირო. ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განვაგრძობთ მუშაობას, რომ ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებზე. მასწავლებლებს მოვუწოდებთ, ყოველდღიურად გამოიყენონ აღნიშნული რესურსები თავიანთ საქმიანობაში, რათა გაკვეთილები უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადონ,“ აღნიშნა ხალილმა.

კოვიდ-19-ის პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორი ისეთი გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორიცაა გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება და მაღალი ხარისხის ციფრული რესურსების ნაკლებობა. ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით დაიწყო გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, CK-12-ის ფონდისა და საქართველოს განათლების კოალიციის ერთობლივი პროექტი, რომელიც CK-12-ის  ციფრული საგანმანათლებლო რესურსების თარგმნას და ადაპტირებას ისახავდა მიზნად.

შეიქმნა ქართულენოვანი ვებგვერდი www.ck12.edu.ge, რომელიც უზრუნველყოფს STEM საგნების ადაპტირებულ ციფრულ წიგნზე წვდომას დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის. პროეტში ჩაერთო ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი მასწავლებელი, რომლებიც წარმატებით იყენებენ ამ რესურსებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის იუნისეფთან და კოალიციასთან „განათლება ყველასთვის“ თანამშრომლობით ონლაინ პორტალის შემუშავებას და ციფრული პროგრამებისა და რესურსების კონსოლიდირებასა და პოპულარიზებას, რაც ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკითაა გათვალისწინებული.

გაეროს ბავშვთა ფონდის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად მთელი წლის განმავლობაში გაიმართა მთელი რიგი აქტივობები, რომელთა დევიზი იყო "შექმენი შენი მომავალი". ციფრული ადვოკატირების შესახებ ტრენინგების საშუალებით ახალგაზრდებმა გაიუმჯობესეს ადვოკატირების და ციფრული უნარები, რათა თავიანთ თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა შეძლონ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მასწავლებლებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა დისკუსიები ინტერნეტისა და ელექტრონული მოწყობილობების ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩატარდა ადვოკატირების კამპანიები სკოლების უსაფრთხოდ გახსნისა და ციფრული უთანასწორობის შემცირებასთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თემების ლიდერებთან, გადაწყვეტილების მიმღებებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, ბავშვებთან და მედიასთან.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.