მშობლობა პანდემიის პერიოდში

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს მოუწიათ მასწავლებლების, ფსიქოლოგების და მზრუნველების ფუნქციების შეთავსება. გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება მშობლებს ამ ახალი ფუნქციების შესრულებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი
Girl on playground
UNICEF/GEO-2020/Khetaguri
11 ივნისი 2020

2020 წლის მაისი

დაუნის სინდრომის მქონე 11 წლის თეოდორა ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს კამერის წინ. იგი თითქოს რაღაცით არის დაკავებული, თუმცა უეცრად შემობრუნდება, იღიმის და პოზირებს. თეოდორა პირდაპირ კამერისკენ იყურება, ამაყად ამბობს: „შემომხედეთ!“, და ჰოვერბორდით რამდენიმე მეტრით გადაადგილდება.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით საქართველოში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემოღების შემდეგ თბილისში მზიანი დღის ღია ცის ქვეშ გატარება ფუფუნებად იქცა. თუმცა, თეოდორას დედას, ლია ტაბატაძეს, მოდუნების საშუალება არც კარანტინის დასრულების შემდეგ ეძლევა.

ტაბატაძეს კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდეც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. იგი შრომობდა სამსახურში და ოჯახში, ასევე ჩართული იყო კამპანიაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. ახლა კი, ყველაფერთან ერთად, მას დაემატა თავისი ორი შვილის შინ სწავლების პასუხისმგებლობა. მისი ახალი როლის ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ასპექტია თეოდორასთვის სათანადო ზრუნვის უზრუნველყოფა.

Girl on Hoverboard
UNICEF/GEO-2020/Khetaguri

„მე პარალელურად მიწევს ლოგოპედის, ფსიქოლოგის და მუსიკის მასწავლებლის ფუნქციების შესრულება,“ განაცხადა ტაბატაძემ, რომელიც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის თავმჯდომარეა.

მაშინ, როდესაც ვირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს უფრო ძლიერ ჯანდაცვის სისტემებს და ეკონომიკებს, საქართველოში პანდემიის ადრეულ ეტაპზევე დაწესდა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. ქვეყანაში დაიხურა სკოლები, საწარმოები და ორგანიზაციები, დაწესდა კომენდანტის საათი, აიკრძალა საქალაქთაშორისო გადაადგილება და გარკვეულ ეტაპზე - მანქანებით გადაადგილებაც.

გატარებული ზომების შედეგად, კორონავირუსის გავრცელების ტემპი იყო მართვადი, თუმცა ოჯახებისათვის ეს გულისხმობდა სხვადასხვა შეზღუდვებისა და შინ დარჩენის პირობებში ცხოვრებას. რაც განსაკუთრებით რთულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, აღნიშნა ტაბატაძემ.

დაირღვა მხარდაჭერის მთელი ქსელი, რომელიც დახმარებას უწევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ფიზიკური და კოგნიტური გამოწვევების დაძლევაში. სკოლები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა დისტანციური სწავლება განსხვავდება რეალურ სივრცეში განათლებისაგან, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის მანამდე იყო ხელმისაწვდომი.



„მათთვის უფრო რთულია დისტანციურ გაკვეთილებში მონაწილეობა, მასწავლებლებთან და სხვა მოსწავლეებთან კომპიუტერის ეკრანიდან ურთიერთობა“ - ლია ტაბატაძე

 

„მათთვის უფრო რთულია დისტანციურ გაკვეთილებში მონაწილეობა, მასწავლებლებთან და სხვა მოსწავლეებთან კომპიუტერის ეკრანიდან ურთიერთობა“, აღნიშნა ტაბატაძემ. „ამას გარდა, აღარ არის ხელმისაწვდომი ყველა ის აქტივობა, რომლებშიც ჩვენ სკოლის გარდა ვიყავით ჩართული (ცეკვა, სიმღერა და მუსიკის თეორიული გაკვეთილები, თერაპიული სეანსები). ამდენად, ახლა მშობლებს უწევთ იმაზე ზრუნვა, რომ თეოდორას მსგავსმა ბავშვებმა განაგრძონ განმავითარებელი აქტივობები.“

Boy and mother
UNICEF/GEO-2020/Khetaguri

თუმცა, მშობლების მიერ ყველა ამ აქტივობის სახლის პირობებში შეთავაზება ვერ გაუტოლდება სხვადასხვა პროფესიონალი სპეციალისტების ძალისხმევას, რომლებიც მანამდე დღის განმავლობაში მუშაობდნენ ბავშვთან. ნინო ქორიძე, დიასახლისი და ოთხი შვილის დედა, მაქსიმალურად ცდილობს, რომ მისმა 10 წლის ვაჟმა, პიტ ჰოპკინსის სინდრომის მქონე ანდრიამ, გააგრძელოს პროგრესი, თუმცა აცნობიერებს შესაძლებლობის ზღვრებს. „მე ვცდილობ, სახლში შევასრულებინო ის ვარჯიშები, რომლებსაც ფიზიკური თერაპიის გაკვეთილებზე აკეთებდა, თუმცა სახლის პირობებში ეს მარტივი არ არის. ამას გარდა, მე სრულფასოვნად ვერასოდეს ჩავანაცვლებ პროფესიონალ ფსიქოთერაპევტს“, აღნიშნა ქორიძემ.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ საგანგებო ვითარებაზე რეაგირების სახით, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში, საქართველოს მთავრობასთან, მაკლეინის ფონდთან (MAC Foundation) და გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან (UKAid) თანამშრომლობით დაიწყო სპეციალური სატელევიზიო გადაცემა და აამოქმედა ფეისბუქზე დაფუძნებული პლატფორმა. მათი მიზანია ქორიძისა და ტაბატაძის მსგავსი მშობლების დახმარება.

სატელევიზიო გადაცემის - მშობლის საათის - ეპიზოდები, რომელიც გადაიცემა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით, მოიცავს თემატურ ინტერვიუებს ექსპერტებთან და მშობლებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა ქცევის მართვა, სწავლებისა და სწავლის სტრატეგიები და მშობლების თვითდახმარება. ფეისბუქის გვერდი და ჯგუფი, მშობლის სკივრი, მშობლებს სთავაზობს ფორუმს თავიანთი საჭიროებების განსახილველად და რეკომენდაციებს მათი გამოწვევების შესაბამის პრაქტიკულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ფეისბუქის გვერდის მეშვეობით 3,500 ზე მეტმა მშობელმა და მზრუნველმა მიიღო მხარდაჭერა, სატელევიზიო პროგრამებს კი მხოლოდ სოციალურ მედიაში 55 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.

Boy
UNICEF/GEO-2020/Khetaguri

„სპეციალისტებისაგან და სხვა მშობლებისაგან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ეს შეიძლება იყოს უბრალო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ მოვახდინოთ სავარჯიშოების მოდიფიცირება და ადაპტირება სენსორული ინფორმაციის და მათემატიკის აღსაქმელად, სახლის პირობების შესაბამისად,“ აღნიშნა ტაბატაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემისა და ფეისბუქის გვერდის საშუალებით, მშობლები აზიარებდნენ რჩევებს სადილის მომზადების პარალელურად ბავშვების მათემატიკაში გავარჯიშების შესახებ (ბავშვებს შეუძლიათ დათვალონ  მათი საყვარელი კერძებისათვის საჭირო ინგრედიენტები), ან ბავშვებისათვის თავიანთი ოჯახის წევრების სახელების დამახსოვრებაში დასახმარებლად საოჯახო ალბომის გამოყენების შესახებ. ოკუპაციურმა თერაპევტებმა მშობლებს გაუწიეს კონსულტაციები ბავშვებთან აქტივობების დაგეგმვისა და პრიორიტეტიზაციის საკითხებზე. მშობლებს ასევე მიეცათ ფსიქოთერაპევტებთან უფასო ონლაინ კონსულტაციებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა.

უახლესი მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვების 7.8%-ს ფუნქციური სირთულეები აქვთ მინიმუმ ერთი მიმართულებით. ამდენად, მიახლოებითი გამოთვლით, ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 68,000-ია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დგანან ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური ბარიერების წინაშე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ განვითარებასა და სოციალურ ჩართულობაზე.

Girl and her brother on playground
UNICEF/GEO-2020/Khetaguri

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია" - ღასან ხალილი.

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია; კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ამ ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა. პანდემიის დაწყებისთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდმა დაიწყო საჭირო მხარდაჭერის გაწევა, მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით ავამოქმედეთ მედია და ონლაინ პლატფორმები, რომელთა მეშვეობით მშობლები და მზრუნველები იღებდნენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რესურსს და კონსულტაციებს, რეალურ სივრცეში სერვისების სანაცვლოდ. მშობლებისაგან ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ და მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, განაცხადა ღასან ხალილმა, საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა.

„უაღრესად სასარგებლო და მნიშვნელოვანია პროფესიონალებისაგან კონსულტაციების, ხოლო სხვა მშობლებისაგან მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე - დისკუსიებში ჩართულობა“, აღნიშნა ქორიძემ. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მართლაც სასიამოვნო განცდაა, როდესაც იცი, რომ ვიღაც ზრუნავს შენზე და სურს, დაგეხმაროს.“

UNICEF