სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები სკოლებში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობენ
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2023 წლის 31 მარტი – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად საქართველოს ათ საჯარო სკოლას საგანმანათლებლო მასალა, კომპიუტერული ტექნიკა და სპეციალური ავეჯი გადაეცა. აღნიშნული ნივთები სკოლებს გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობითა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით წარმოებული პროექტის „ბავშვებისთვის ინკლუზიური, თანაბარი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში გადასცა. პროგრამა მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.
ათი სკოლისთვის გადაცემული ნივთები გამოიყენება ამ სკოლებში შექმნილი რესურს-ოთახების ფუნქციური გამოყენების გასაუმჯობესებლად, რომლებიც თავის მხრივ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განათლებაში ჩართულობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. რესურს-ოთახები შესაბამისად აღიჭურვა მრავალფეროვანი ინვენტარით, ხოლო მასწავლებლებმა და სპეციალურმამასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი განმავითარებელი და საგანმანათლებლო მასალების პრაქტიკულ გამოყენებაში ბავშვების სხვადასხვა საჭიროებისა და ინტერესის გათვალისწინებით.
გაეროს ბავშვთა ფონდი ორგანიზაციასთან „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანამშრომლობით 2022 წლის ნოემბრიდან ეხმარება სკოლებს რესურს-ოთახების ფუნქციონალური გამოყენების გაძლიერებაში. რესურს-ოთახების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ჯგუფების გასაძლიერებლად და მშობლებისთვის პოზიტიურ მშობლობასა და ინკლუზიურ განათლებაზე ცნობიერების ასამაღლებლად 242 მასწავლებელს, სპეციალურ მასწავლებელს, ადმინისტრაციის პერსონალს და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგების სერია. სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობისა და სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის პოზიტიური კულტურის დამკვიდრების მიზნით, სკოლებში ასევე დაარსდა მშობელთა კლუბები. გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს სკოლებსა და პროფესიული განათლების დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ზოგადი განათლების საფეხურიდანპროფესიული/უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის პროცესში.
გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან და ნორვეგიის მთავრობასთან ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების მტკიცე მხარდამჭერი სისტემის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვის განათლებას.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.