სკოლამდელი განათლება

ადრეული ბავშვობა ყველა ბავშვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია

Children playing in the kindergarten
UNICEF/Geo-2015/Gurenidze

გამოწვევა

ადრეულ ასაკში განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის საფუძველს ბავშვის  შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. ბავშვების ადრეულ განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია დადებითად აისახება არა მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, სწავლასა და დაცულობაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ადრეული და სკოლმდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მიღება და ადრეული და სკოლამდელი განათლების ეროვნული სტანდარტების შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები იყო საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

სკოლამდელი განათლების სიტემაში ბავშვების ჩართულობის ეროვნული მაჩვენებელი (69,5%) საქართველოში ევროპულთან შედარებით ბევრად დაბალია (95%). ეს პროცენტი კიდევ უფრო დაბალია ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში და სოციალურად დაუცველი და სოფლად მცხოვრები ოჯახების ბავშვებში. გარდა ამისა, კლასებში ბავშვების დიდი რაოდენობა, საგანმანათლებლო თუ გასართობი რესუსების სიმწირე, აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენს სკოლამდელი განათლების ხარისხზე. 

Children in Kindergarden
UNICEF-GEO2015-Gurgenidze

გამოსავალი

ჩვენი დახმარებით საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეიმუშავა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი, რომელშიც შევიდა მნიშვნელოვანი სიახლეები, საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი განათლების ხარისხისა და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა სავალდებულო ეროვნული სტანდარტების შემუშავება და სტანდარტებზე დაფუძნებული ავტორიზაციის სისტემის შემოღება ყველა კერძო და საჯარო სკოლამდელი განათლების დაწესებულებისთვის. 

გარდა ამისა, ტექნიკური დახმარება გავუწიეთ მთავრობას ადრეული და სკოლამდელი განათლებისთვის ხუთი სავალდებულო ეროვნული სტანდარტისა და ტექნიკური რეგულაციის შემუშავებაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა თანახმად.

ამ სტანდარტების მიზანია ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ჩამოყალიბება, რომელიც  მიმართულია ბავშვის განვითარებაზე, პასუხობს მის ინტერესებსა და საჭიროებებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას. თითოეული საბავშვო ბაღი (სახელმწიფო თუ კერძო) ვალდებულია, შეესაბამებოდეს ამ ახალ სავალდებულო სტანდარტებს, თუ მას სურს ავტორიზაციის მიღება.

როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის, ასევე ახალი ეროვნული სტანდარტების შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური დახმარება გავუწიეთ პარლამენტის მიერ დაფუძნებულ, სკოლამდელი განათლების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.

აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტებთანაც მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ახალი სტანდარტების დასანერგად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ბავშვს გარანტირებული ჰქონდეს ადგილი სკოლამდელ დაწესებულებებში. მნიშვნელოვანია აგრეთვე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალის გადამზადება და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.  

ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ტექნიკური დახმარება გავუწიეთ მთავრობას აღმზრდელ-პედაგოგთა  პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამებისადა საგანმანათლებლო რესურსების შემუშავებაში. ჩვენი დახმარებით შემუშავდა აგრეთვე სკოლისათვის მზაობის უფასო უნივერსალური პროგრამა, რომელიც სკოლისათვის მომზადებაში ეხმარება მოსწავლეებს.