11 რჩევა თქვენს მოზარდთან კომუნიკაციისთვის

როგორ გავუგოთ თინეიჯერს და ვესაუბროთ ემპათიით

UNICEF
How to talk to a teenager
UNICEF
22 იანვარი 2025

თინეიჯერთან სწორი კომუნიკაცია და კავშირის დამყარება მნიშვნელოვანია, რათა ეფექტურად დაუჭიროთ მხარი მის მენტალურ კეთილდღეობას და სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას. როცა თქვენი შვილი იზრდება, კომუნიკაცია სიყვარულისა და პატივისცემის ჩვენების ერთ-ერთი გზაა.

 

გააძლიერეთ თქვენი ურთიერთობა

  1. გამოხატეთ ინტერესი იმ საკითხების მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი შვილისთვის, რათა დაანახოთ, რომ მისი ინტერესები გაღელვებთ.
  2. გაუზიარეთ თქვენი ამბები და ამ გზით მოძებნეთ საერთო ინტერესები, რათა კავშირი თქვენ შორის გაძლიერდეს.
  3. ჰკითხეთ მოსაზრებები, მისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე.
  4. გააგრძელეთ ის კომუნიკაცია, რაც გქონდათ თქვენს შვილთან შედარებით პატარა ასაკში. კომუნიკაცია ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია – ბავშვობიდან მოზრდილობამდე. თუ აქამდე კარგად ურთიერთობდით, დიდი ალბათობით, ეს მოზარდობის დროსაც გაგრძელდება.

 

იყავით აქტიური მსმენელი

აქტიური მოსმენა მნიშვნელოვანია თქვენს შვილთან ურთიერთობისას. აქტიური მსმენელი არის ჩართული, მზრუნველი, ემპათიური და არ აქვს უარყოფითი განწყობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ეთანხმება შვილის შეხედულებებს. შეიძლება თქვენი მოზარდის შეხედულებები და მოსაზრებები განსხვავდებოდეს თქვენი საკუთარი შეხედულებებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანია, პატივისცემით მოეპყროთ მის აზრებს. ეს დაეხმარება მასაც, პატივი სცეს თქვენს შეხედულებებს. აქტიური მოსმენა ეხმარება შვილებს იგრძნონ, რომ მათ უსმენენ და ისინი მარტო არ არიან. სამაგიეროდ, თუ კარგად არ მოვუსმენთ, შესაძლოა მას უგულებელყოფის განცდა გაუჩნდეს.

 

თუ სათანადოდ არ მოვუსმენთ მოზარდს, შესაძლოა მას თავი უგულებელყოფილად ვაგრძნობინოთ.

 

  1. გამოხატეთ ყურადღება თქვენი სხეულის ენით: თვალის კონტაქტი, თანხმობის ნიშნები, გამომეტყველება ან მხარდაჭერი ღიმილი პატარა ჟესტებია, რომლებიც აჩვენებენ, რომ ყურადღებას აქცევთ მოზარდს. გამოიყენეთ ბუნებრივი სხეულის ენა და ნიშნები, რომლებიც თქვენს შვილს აგრძნობინებს, რომ მის გვერდით ხართ და მასზე ზრუნავთ.
  2. დასვით ღია შეკითხვები – ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, თუ როგორ გრძნობს თქვენი შვილი თავს. ეს შეკითხვები არ მოითხოვს სწორ ან არასწორ პასუხებს, არამედ გეხმარებათ შეიტყოთ, რას ფიქრობს თქვენი მოზარდი. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ: „გთხოვ, განმარტე, რას გულისხმობ, როცა ამბობ…“, ან „როგორ ფიქრობ, როგორ იგრძნობდი თავს, თუ…“
  3. მიიღეთ ის, რასაც თქვენი შვილი ამბობს და გამოხატეთ ეს – მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: „კარგად მესმის, რასაც გრძნობ…“
  4. მიეცით დადებითი უკუკავშირი და თავდაჯერების განცდა. კარგი ქცევის შემდეგ შექება ეხმარება მოზარდებს თვითშეფასების მომატებაში და მოტივაციას აძლევს მათ, განაგრძონ ასე მოქცევა.
  5. უთხარით ისეთი ფრაზები, რომლებითაც აგრძნობინებთ, რომ ხვდებით, რასაც განიცდის. მაგალითად: „გასაგებია, რომ ახლა გაბრაზებული ხარ, მეც იმავეს ვიგრძნობდი, შენ ადგილას რომ ვყოფილიყავი“. ეს დაეხმარება მოზარდს, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
  6. ხანდახან შეიძლება რთული იყოს თინეიჯერისთვის საუბარი იმაზე, რაც მას აწუხებს. შესაძლოა, თქვენც არ იცოდეთ, რა თქვათ კონკრეტულ მომენტში. აუხსენით თქვენს შვილს, რომ მის გვერდით ხართ, მზად ხართ ნებისმიერ დროს ისაუბროთ და მოუსმინოთ. ნუ აიძულებთ საუბარს, თუ თინეიჯერი ამისთვის მზად არ არის.
  7. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ სირთულეების ან მძიმე განცდების გაზიარება. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან გააზიაროთ სასაცილო ამბები, ის, რაც კარგად წარიმართა დღის განმავლობაში და იპოვოთ შესაძლებლობები, რომ ერთად იცინოთ და გამოხატოთ მზრუნველობა იმ ფორმით, რომელიც კომფორტულია თქვენი თინეიჯერისთვის. ერთად გართობა და სიცილი შესანიშნავი გზაა კარგი განწყობის შესაქმნელად და ურთიერთობის გასამყარებლად!