როგორ დავეხმაროთ ბავშვს ნეგატიური ონლაინ გამოცდილების გადალახვაში

5 ნაბიჯი თქვენი შვილის მხარდასაჭერად

UNICEF
how to help a child manage negative online experience
UNICEF
14 თებერვალი 2025

ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბევრი ბავშვის ცხოვრებაში. სწორედ ეს ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ მათ წვდომას სწავლის, კომუნიკაციისა და გართობის სამყაროზე. თუმცა, ონლაინ ყოფნა გარკვეულ რისკებსაც მოიცავს. ბავშვები შეიძლება გადააწყდნენ კიბერბულინგს, შევიწროებას, იხილონ შეუფერებელი კონტენტი, ან სხვა ნეგატიური მასალა, რის გამოც თავი შესაძლოა აღელვებულად, ან შეშინებულად იგრძნონ. 

თუ თქვენმა შვილმა ონლაინ სივრცეში ასეთი გამოცდილება მიიღო, იხილეთ ხუთი ნაბიჯი, რომლებიც შეგიძლიათ გადადგათ მის მხარდასაჭერად.

 

1. გაცნობიერება, რომ რაღაც რიგზე არ არის

ბავშვი ყოველთვის არ მიმართავს მშობელს, როდესაც რაიმე ცუდი ხდება. ზოგიერთი მშობელი შვილების შესაძლო ნეგატიური ონლაინ გამოცდილების შესახებ პირველად მასწავლებლის, ან სხვა მშობლისგან იგებს.
ნუ გაბრაზდებით, თუ თქვენი შვილი მაშინვე არ მოგიყვებათ მომხდარის შესახებ. მას შესაძლოა შერცხვეს ან შეეშინდეს, ასევე ინერვიულოს თქვენი რეაქციის გამო.

ეცადეთ შეამჩნიოთ აღელვების ნიშნები:

  • თავის ტკივილი ან მუცლის ტკივილი;
  • ძილის დარღვევა;
  • მადასთან დაკავშირებული ცვლილებები;
  • აუხსნელი სევდა, გაღიზიანება, შფოთვა ან ნერვიულობა;
  • დისკომფორტი ონლაინ დროის გატარების შემდეგ;
  • მოწყობილობების თავიდან არიდება, ან ონლაინ აქტივობების დამალვა;
  • სკოლაში, ან სოციალურ გარემოში ყოფნის შიში.

თუ ეჭვი გაქვთ, რომ რაიმე მოხდა, შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ ყოველთვის შეუძლია თქვენთან, ან სხვა სანდო ზრდასრულთან საუბარი და რომ თქვენ მის გვერდით ხართ, რაც არ უნდა მოხდეს.

 

2. დაამშვიდეთ თქვენი შვილი

მშობლისთვის შესაძლოა ძალიან რთული იყოს იმის გაცნობიერება, რომ მის შვილს ონლაინ რაიმე ცუდი გადახდა. მნიშვნელოვანია დარჩეთ მშვიდად და თქვენს შვილს მხარდაჭერა აგრძნობინოთ. ამით მასში გააჩენთ სურვილს, რომ მომავალშიც გაგიზიაროთ მსგავსი საკითხები.

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე - მოერიდეთ ემოციურ რეაქციას. თქვენი შვილი დააკვირდება თქვენს რეაქციას, ამიტომ ეცადეთ, მშვიდად დარჩეთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა შოკირებული, ან გაბრაზებული ხართ.
  • მოუსმინეთ - მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, სრულად გამოთქვას საკუთარი აზრი. მოერიდეთ მის საუბარში შეჭრას და ნაჩქარევ დასკვნებს.
  • უთხარით, რომ სწორად მოიქცა, როცა თქვენთან მოვიდა და რომ ის არ არის დამნაშავე. მაგალითად: "მიხარია, რომ მითხარი. ეს შენი ბრალი არ არის და მე დაგეხმარები. ერთად მოვიფიქროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ."

 

3. მოქმედება

მოქმედება სიტუაციაზე დამოკიდებული - შესაძლოა მხოლოდ მხარდაჭერის გამოხატვა იყოს საჭირო. თუმცა, უფრო სერიოზულ შემთხვევებში შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოგიხდეთ.

  • დაბლოკვა, დარეპორტება
    განიხილეთ თქვენს შვილთან ერთად, როგორ შეუძლია რეაგირება: პიროვნების დაბლოკვა, ხმის გამორთვა (mute) ან ანგარიშის დარეპორტება შესაძლოა გამოსავალი იყოს.
  • მტკიცებულებების შენახვა
    ნუ იჩქარებთ შეტყობინებების ან ფოტოების წაშლას. შეინახეთ შესაბამისი ფოტოები ან მასალები იმ შემთხვევისთვის, თუ შესაბამისი განაცხადის გაკეთებას დააპირებთ.
  • სკოლა
    თუ ინციდენტი სკოლასთან არის დაკავშირებული, განიხილეთ სიტუაცია სკოლასთან, მასწავლებლებთან და მიიღეთ ზომები, რათა ბავშვს დამატებითი ზიანი არ მიადგეს.
  • სამართალდამცავი ორგანოები
    თუ თვლით, რომ ბავშვს საფრთხე ემუქრება, დაუკავშირდით პოლიციას, ან შესაბამის ორგანოებს.

 

4. როდის ვეძებოთ პროფესიონალური დახმარება?

ბავშვისთვის შესაძლოა რთული იყოს მსგავსი გამოცდილების გადალახვა. ესაუბრეთ თქვენს შვილს მისი ემოციების შესამოწმებლად. დაეხმარეთ მას პოზიტიური აქტივობებით დაკავებაში, როგორიცაა მეგობრებთან დროის გატარება, კითხვა, სპორტი ან მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა.

თუ მისი ქცევა ან განწყობა დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითია, მიმართეთ ოჯახის ექიმს, ან ფსიქოლოგს.

 

5. როგორ დავიცვა ჩემი შვილი მომავალში

  • შეთანხმდით წესებზე
    ისაუბრეთ იმაზე, ვისთან და როგორ ურთიერთობს ონლაინ, ვინ ხედავს მის პოსტებს და რა პლატფორმებს იყენებს.
  • პრივატულობის პარამეტრების გადახედვა
    დარწმუნდით, რომ მოწყობილობებსა და ანგარიშებზე კონფიდენციალურობა მაქსიმალურად არის დაცული.
  • კრიტიკული აზროვნების გაძლიერება
    ასწავლეთ შვილს, რომ არ ენდოს უცნობ პირებს და არ გააზიაროს პირადი ინფორმაცია.
  • მშობლების ჩართულობა
    გაიგეთ, რა პლატფორმებს იყენებს თქვენი შვილი და ერთად განიხილეთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბავშვის ონლაინ ცხოვრებაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ გამოწვევების გადალახვას, არამედ ციფრული მოწყობილობების შესაძლებლობების სრულად გამოყენებასაც.