როგორ შეუძლიათ მამებს ძუძუთი კვების მხარდაჭერა

მამებსა და პარტნიორებს დიდი როლი აქვთ იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება დედისთვის ძუძუთი კვების პროცესი და, ზოგადად, დაიწყებს თუ არა ის ბავშვის ძუძუთი კვებას. გთავაზობთ კვლევებზე დაფუძნებულ რჩევებს, თუ როგორ გახდეთ მზრუნველი და მხარდამჭერი პარტნიორი:

UNICEF
Breastfeeding
UNICEF/UN038714/Pirozzi
04 აგვისტო 2025

როდესაც ძუძუთი კვებაზე ვფიქრობთ, ჩვენი ყურადღება ხშირად დედასა და ჩვილზეა მიმართული. თუმცა, პარტნიორის როლი გადამწყვეტია იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება დედისთვის ძუძუთი კვების პროცესი და, ზოგადად, დაიწყებს თუ არა ის ბავშვის ძუძუთი კვებას.

გაგაცნობთ კვლევებზე დაფუძნებულ მხარდაჭერის რამდენიმე გზას მამებისთვის.

 

გაეცანით ძუძუთი კვების საფუძვლებს

სამეცნიერო და სამედიცინო კონსენსუსი ნათელია: დედის რძე ჩვილის ცხოვრების საუკეთესო დასაწყისია. სხვა სარგებელთან ერთად, ის ამცირებს სასიკვდილო დაავადებების, მათ შორის კიბოს რისკს როგორც ჩვილებში, ასევე მეძუძურ დედებში. ის უზრუნველყოფს იმუნიტეტის გაძლიერებას, რაც იცავს ჩვილებს ინფექციებისგან. ის ასევე ხელს უწყობს ბავშვებში უკეთეს IQ-ს და საგანმანათლებლო შედეგებს. 

შესაძლოა, ძუძუთი კვებამ მშობიარობის შემდგომი პერიოდიც უფრო მარტივი გახადოს - მაგალითად, შეამციროს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკი. 

ძუძუთი კვების მნიშვნელობის გააზრება, განტოლების მხოლოდ ერთი ნაწილია. იმისთვის, რომ მამებმა მხარდაჭერა შეძლონ, ცოტა მეტიც უნდა იცოდნენ. მაგალითად ის, რომ უმჯობესია დედამ ბავშვი მისი შიმშილის სიგნალების მიხედვით კვებოს და არა გრაფიკით.

Breastfeeding mother
UNICEF/UNI434641/Vashkiv

ასევე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ჩვილებს კვება სჭირდებათ როგორც დღისით, ასევე ღამით. ღამით კვების გამოტოვება ძუძუთი კვების შეწყვეტის რისკს შეიცავს.

 

გაამხნევეთ

ძუძუთი კვება ზოგჯერ რთულია და ბევრ დედას სჭირდება წახალისება, რომ გააგრძელოს. მამის მხრიდან წამახალისებელ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც პარტნიორები ამხნევებდნენ დედებს, აფასებდნენ მათ ძალისხმევას და ემოციურ მხარდაჭერას უწევდნენ, დედები უფრო დიდხანს აგრძელებდნენ ძუძუთი კვებას.

 

…და დაიცავით დედის არჩევანი

ზოგჯერ ოჯახის წევრები, მეგობრები ან თუნდაც უცნობი ადამიანები აკეთებენ კომენტარებს, რომლებმაც შესაძლოა დააზიანოს ძუძუთი კვების პროცესი. მაგალითად, დედას შეიძლება უთხრან, რომ ბავშვს გრაფიკის მიხედვით უნდა აჭამოს, ან რომ არ არის სწორი საჯაროდ ძუძუთი კვება. ზოგჯერ დედები ასეთ არასწორ გზავნილებს იღებენ სამედიცინო პერსონალისგანაც - მაგალითად, როცა მშობიარობის შემდეგ ჩვილს მალევე რძის შემავსებელი ნარევის (ფორმულის) მიცემას სთავაზობენ.

Breastfeeding
UNICEF/UN0679247/Filippov

წინასწარ იფიქრეთ, თუ რა შეიძლება დასჭირდეს დედას

კვლევამ აჩვენა, რომ როცა მამები პროაქტიურად იჩენენ მხარდაჭერის ინიციატივას - ძუძუთი კვება უფრო ხანგრძლივი და ეფექტიანია. შეგიძლიათ მიუტანოთ წყალი და მცირე წასახემსებელი, მიუყვანოთ ბავშვი საკვების მისაღებად, დაეხმაროთ სწორი პოზიციის შერჩევაში.

 

…დაეხმარეთ სახლის საქმეების მოგვარებაში

დედისთვის შესაძლოა დამღლელი იყოს ერთდროულად ჩვილის კვება, მოვლა, სახლის სისუფთავის შენარჩუნება, პროდუქტების შეძენა, სადილის მომზადება და სხვა ბავშვებზე ზრუნვა. როცა პარტნიორი ამ ამოცანებს თავის თავზე იღებს, დედას ეძლევა შესაძლებლობა, მთლიანად ჩვილზე და მის კვებაზე კონცენტრირდეს.

მამებისთვის, რომლებიც მუშაობენ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მაქსიმალურად დიდი შვებულების აღებას ბავშვის დაბადების შემდეგ. სამსახურში მისი ყოფნის დროს, მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების დახმარების ორგანიზებაც.


UNICEF-ში ჩვენ ვიცით, რომ ძუძუთი კვება შეიძლება რთული იყოს. მაგრამ ასევე გვჯერა, რომ მხარდაჭერის პირობებში ეს შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს, საზოგადოებებსა და სისტემებს, უზრუნველყონ მეტი მხარდაჭერა იმ ქალებისთვის, რომლებსაც სურთ ძუძუთი კვება. მაგალითად, გაზარდონ ინვესტიციები შესაბამის პროგრამებში, შემოიღონ ხელფასიანი დეკრეტული შვებულება და ძუძუთი კვების შესვენებები, და ძუძუთი კვების კონსულტირება რუტინული რუტინული სამედიცინო მომსახურების ნაწილი გახადონ.