OECD-ის ანგარიში: საქართველოში მოსწავლეთა სწავლის შედეგები უმჯობესდება, თუმცა თანასწორობა პრობლემად რჩება

19 ნოემბერი 2019
Girl in classroom
UNICEF/GEO-2019/Jibuti

2019 წლის 19 ნოემბერს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, გამართავს კვლევის პრეზენტაციას: „შეფასებები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში“.

OECD-ის ანგარიში მიმოიხილავს კონტექსტს, აფასებს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მათ შორის უნივერსიტეტამდე სასკოლო სისტემას, ასახავს დაინტერესებულ მხარეთა პოზიციებს და გვთავაზობს პოლიტიკის კონკრეტულ რეკომენდაციებს. 

OECD-ის მიმოხილვა ოთხ განზომილებას შეეხება:

  • მოსწავლეთა შეფასება
  • პედაგოგთა შეფასება 
  • სკოლის შეფასება
  • სისტემური შეფასება

თითოეული განზომილება მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ პოლიტიკის რეკომენდაციებს, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებული მტკიცებულებებისა და გამოცდილების საფუძველზე.

მიმოხილვამ გამოავლინა, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საგანმანათლებლო შედეგების თვალსაზრისით. 2009-დან 2015 წლამდე პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სწავლა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის ერთი სრული კლასით. 

 

თუმცა, ეს პროგრესი საქართველოში მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო.   მოსწავლეები ქალაქად უსწრებენ თანატოლებს სოფლად; სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები უსწრებენ თავიანთ სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო, ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის. სამწუხაროდ, მიღწევებში ეს უთანასწორობა 2009-2015წწ. პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. 

საქართველოში მოსწავლეთა შეფასება, ძირითადად, კვლავ მოსწავლეთათვის ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში მათ დასახმარებლად.  მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებისათვის განმავითარებელი შეფასება პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი აქცენტი არ არის. მასწავლებლები არ იყენებენ შეფასების მრავალფეროვან ტექნიკებს და უპირატესობას ანიჭებენ მოსწავლეთა შეფასებას, ძირითადად, მრავალპასუხიანი ტესტებით,  რომლებიც უნარების ფართო სპექტრს არ აფასებენ.

ისეთი მოსწავლეების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან 21-ე საუკუნის ეკონომიკებში, საჭიროებს ისეთ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ ცოდნა, უნარები და მოტივაცია, რომ განაგრძონ კვალიფიკაციის ამაღლება. საქართველოში პედაგოგები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად მონაწილეობენ პროფესიულ განვითარებაში, ვიდრე OECD-ის სხვა ქვეყნებში. PISA 2015-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა თითქმის 30%-ს და საშუალო საფეხურის პედაგოგთა 30%-ს არ გაუვლია რაიმე სახის დაწყებითი მომზადება მასწავლებელთათვის, OECD-ის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ფაქტიურად ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი გადის საწყის მომზადებას.

ამჟამად, ავტორიზაცია ქვეყნის 225 კერძო სკოლაზე გავრცელდა. საქართველოს თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა 2021 წლამდე საჯარო სკოლების ავტორიზაციას. საქართველოში ავტორიზაციის მიზანია სკოლის ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. OECD-ის ქვეყნებსა და ეკონომიკებში სკოლების შეფასებისაგან განსხვავებით, საქართველოში ავტორიზაცია არ აფასებს განათლების ხარისხს და არ ითვალისწინებს სკოლის ისეთ მიღწევებს, როგორიცაა მოსწავლეთა შენარჩუნება და შეფასების შედეგები. 

რეკომენდაციები:

განათლებაში შეფასების სისტემა უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ გამოავლინოს დაბალი და უთანასწორო მიღწევების სფეროები და გადაჭრას ეს გამოწვევები მანამ, ვიდრე ისინი ფესვებს გაიდგამს. 

კერძოდ, მოსწავლეთა შეფასებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს მოსწავლის მიღწევები, მასწავლებლებმა უნდა გაიარონ მომზადება მოსწავლეების უკეთ მხარდაჭერისთვის და სკოლებს უნდა მიექცეთ მეტი ყურადღება წარმატების მისაღწევად მოსწავლეების დასახმარებლად. 

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერით მათი კარიერის მანძილზე, მათი ხელშეწყობით დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები, პედაგოგის პროფესიაში შესვლის მაღალი სტანდარტების დაწესებით და ადრეულ წლებში მეტი სტრუქტურირებული მხარდაჭერის გაწევის გზით, ახალი მასწავლებლების მოსაზიდად და მათი მოტივირებისთვის წარმატებისკენ. მასწავლებლებმა უფრო რეგულარული მხარდაჭერა უნდა მიიღონ პროფესიული განვითარებისთვის. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაცია, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში რეგულარული შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს მიაწვდის, რაც დაკავშირებული იქნება მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებთან.

  • სასკოლო განათლება შეიძლება გაუმჯობესდეს ავტორიზაციის გეგმების განხორციელების გაგრძელებით, თუმცა პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ სკოლების მხარდაჭერას, რომლებიც გაუმჯობესებას ყველაზე მეტად საჭიროებენ
  • უნდა შემუშავდეს და რეგულარულად განხორციელდეს სკოლის შეფასების ყოვლისმომცველი ჩარჩო იმისათვის, რომ სისტემას მიეცეს სკოლების მონიტორინგისა და მათი შედეგების განმავითარებელ შედეგებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

ერთ-ერთი რეკომენდაცია ყურადღებას ამახვილებს ერთი გამოცდის მოდელისთვის მომზადების საჭიროებაზე, რომელშიც ერთი ტესტის საშუალებით მოხდება განათლების საშუალო საფეხურის დასრულების დადასტურება და ასევე მოსწავლეთა შერჩევა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოში ერთობლივი პროექტის პირველ პროდუქტს და მისი შემუშავება შესაძლებელი გახდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, UNICEF-სა და OECD-ის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად. 2018-2019წწ. პერიოდში ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები, დარგის მკვლევარები და განათლების სფეროში პოლიტიკის შემქმნელები მონაწილეობდნენ ამ თანამშრომლობაში და მუშაობდნენ სიტუაციის შეფასებასა და საქართველოში ზოგადი განათლების დარგში საჭირო ინიციატივებისა და საქმიანობების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებაზე. მიმოხილვა ეყრდნობა OECD-ის შედარებით რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს საქართველოს ზოგადი განათლების, მათ შორის სასკოლო სისტემის საერთაშორისო პერსპექტივიდან შესაფასებლად და გვთავაზობთ ანალიზსა და ელემენტებს, რომლებიც რელევანტურია საქართველოს განათლების პოლიტიკისა და შედეგებისთვის.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა

კომუნიკაციის პროგრამის კონსულტანტი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი