COVID-19: წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციები ბავშვების დაცვისა და სკოლების უსაფრთხო მუშაობის ხელშეწყობის მიზნით

მითითებები შეიცავს სკოლების ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ ინფორმაციას მისაღები ზომებისა და საკონტროლო სიების შესახებ

12 მარტი 2020
children in school
UNICEF/GEO-2018/Jibuti

COVID-19-ისგან ბავშვებისა და სკოლების დაცვის მიზნით შედგენილი ერთობლივი რეკომენდაციების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ვებგვერდიდან: https://uni.cf/2TIsW2w

ჟენევა / ნიუ იორკი, 10 მარტი, 2020  წ. – დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, COVID-19 ვირუსისგან ბავშვების და სკოლების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნეს. აღნიშნული რეკომენდაციები  კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციას და სკოლების უსაფრთხოებისთვის გასატარებელი ზომების ჩამონათვალს შეიცავს. დოკუმენტში მოცემულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის განკუთვნილი რჩევები საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო სიტუაციების გეგმების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ.

 

ისეთი სიტუაციებისთვის, როდესაც სკოლები დახურულია, სახელმძღვანელოში მოცემულია მთელი რიგი რეკომენდაციები ბავშვების სწავლის შედეგებსა და კეთილდღეობაზე ამ გარემოებების უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად. ეს გულისხმობს სწავლების უწყვეტობის უზრუნველსაყოფი გეგმების შედგენას, მათ შორის, დისტანციური სწავლების ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა ონლაინ განათლების სტრატეგიები, აკადემიური შინაარსის რადიოგადაცემები და აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის. ზემოხსენებული გეგმები ასევე უნდა შეიცავდეს გარკვეული დროის შემდეგ სკოლების უსაფრთხო გახსნისთვის განსახორციელებელ აუცილებელ ნაბიჯებს.


თუ სკოლები ღიაა, ბავშვებისა და მათი ოჯახების დასაცავად მოცემულია შემდეგი რჩევები:

 

  • ბავშვების ინფორმირება  თავის დაცვის ზომების შესახებ;
  • ხელების დაბანის და პირადი ჰიგიენის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ჰიგიენის საშუალებების უზრუნველყოფა;
  • სკოლის შენობების, განსაკუთრებით წყალმომარაგებისა და სანიტარული ობიექტების დასუფთავება და დეზინფექცია; და
  • ჰაერის ნაკადის გაზრდა და ვენტილაცია

 

სახელმძღვანელო მითითებები  იმ კონკრეტული ქვეყნებისთვის შემუშავდა, რომლებმაც COVID-19-ის გავრცელება უკვე დაადასტურეს, თუმცა მისი რეკომენდაციები აქტუალურია ყველა სხვა კონტექსტშიც. განათლება საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გაავრცელონ ინფორმაცია დაავადებების პრევენციისა და კონტროლის შესახებ სახლში, სკოლაში და საზოგადოებაში და გააცნონ სხვებს ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების გზები. სკოლის უსაფრთხო მუშაობის შესანარჩუნებლად ან სკოლების დახურვის შემდეგ მათი უსაფრთხო გახსნისათვის ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, მაგრამ ყველა საჭირო ღონისძიების სწორად განხორციელება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს.

 

მაგალითად, 2014 – 2016 წლებში ებოლა ვირუსის გავრცელების დროს, გვინეაში, ლიბერიაში და სიერა ლეონეში სკოლების დაცვის ინსტრუქციების განხორციელების შედეგად სკოლებში ვირუსით ინფიცირება თავიდან იქნა აცილებული.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს სკოლებს (როგორც ღია სკოლებს, ასევე დისტანციური სწავლების მეთოდებით მომუშავეს) ყოველმხრივი მხარდაჭერა აღმოუჩინონ  მოსწავლეებს: მიაწოდონ ბავშვებს სასიცოცხლო ინფორმაცია ხელების დაბანის მნიშვნელობის და სხვა ისეთი ზომების შესახებ, რომლებიც აუცილებელია საკუთარი თავის და მათი ოჯახების დასაცავად; ხელი შეუწყონ მოსწავლეთა მენტალურ ჯანმრთელობას; დაეხმარონ მათ თავიდან აიცილონ სტიგმა და დისკრიმინაცია; ხელი შეუწყონ მოსწავლეთა კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ  და დაეხმარონ მათ მოერიდონ სტერეოტიპებს ვირუსის შესახებ საუბრის დროს.


ახალ სახელმძღვანელოში აგრეთვე მოცემულია მშობლებისთვის, აღმზრდელებისთვის, ბავშვებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასარგებლო რჩევები და საკონტროლო ზომები. რეკომენდებულია:

 

  • თვალი ადევნეთ ბავშვის ჯანმრთელობას და ავადმყოფობის შემთხვევაში არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში;
  • წაახალისეთ ბავშვი დასვას კითხვები და გამოთქვას თავისი წუხილი; და
  • ხველის ან ცემინების დროს დაიფარეთ ცხვირ-პირი ცხვირსახოცით ან იდაყვით და ეცადეთ არ შეეხოთ ხელით თქვენს სახეს, თვალებს, პირსა და ცხვირს.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი