„დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა“ - ბავშვთა უფლებების თემაზე ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

23 დეკემბერი 2019
Hackathon
Democracy Lab (Georgia)

თბილისი, 17 დეკემბერი, 2019. ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარებული ჰაკათონის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ. ჰაკათონი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 16-24 წლის ახალგაზრდებისგან შემდგარი 14 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა მიზანი იყო ერთობლივად მუშაობა, აზრების გაზიარება და ექპერიმენტირება უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით.

 

ახალგაზრდებისგან შემდგარი სამი გუნდი, რომლებმაც საუკეთესო ციფრულ გადაწყვეტას მიაგნეს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა  და ეროვნული სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დააჯილდოვეს. 

 

„ჰაკათონის საშუალებით ჩვენ გვინდოდა გაგვეერთიანებინა სხვადასხვა ინტერესის მქონე ახალგაზრდები, რომ მათ თანამშრომლობის გზით შეექმნათ ციფრული პროდუქტები საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემებთან დაკავშირებით”, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „მადლობა ყველა ახალგაზრდას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ინიციატივაში და წარმოგვიდგინა საინტერესო იდეები და წინადადებები”.

 

Hackathon

 

ციფრული მარათონი "დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა" გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების ციფრული გადაწყვეტების წახალისება იყო. ჰაკათონმა ის ახალგაზრდები გააერთიანა, რომელთაც აქვთ იდეები, აინტერესებთ ტექნოლოგიები, და სჯერათ, რომ ინოვაციურ პროექტებს ბავშვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

 

ჰაკათონის მონაწილეებმა იმუშავეს შემდეგი საკითხების გადასაჭრელად:

  • ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება
  • მოზარდების განვითარება
  • სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობა ბავშვებში

 

გუნდებმა გამოიყენეს მონაცემები  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევიდან (MICS), რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ჩატარდა. კვლევაში მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეიტანეს ორგანიზაციებმა: SIDA, USAID, AFD, SDC, UNFPA, UNDP, WHO, მსოფლიო ბანკი და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი.

 

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ლაბორატორია“ განახორციელა.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი