ცხადდება კონკურსი მუნიციპალიტეტების შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად

25 სექტემბერი 2017

თბილისი. 25 სექტემბერი, 2017 წელი. გაეროს ბავშვთა ფონდი, ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერი“-ს ფარგლებში, აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად. კონკურსი გამოცხადდება 25 სექტემბერს და გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში.  

ადგილობრივ მმართველობას და თვითმმართველობას მნიშვნელოვანი  როლი ენიჭება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში.

კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან ხელმისაწვდომ გარემოს  (ადაპტირებული ინფარსტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გასართობი ადგილები) და ზრუნავენ მათი განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის; კონკურსი ასევე მიზნად ისახავს, გამოვლინდეს მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

კონკურსის შედეგად, 17 ოქტომბერს, სამ გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს გამოავლენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

დამატებითი ინფორმაცია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია. აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და  ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი.

სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.

ანტი-სტიგმა მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას:

·  გაიაზროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების მიმართ არსებული მითები და გაერკვეს რეალობაში;

·  დაამყაროს კონტაქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში;

·  ისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირს განვითარებაში და თავადაც განვითარდეს;

·  ისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორუფლებიანი თანაარსებობა.