შინამეურნეობების უდიდესი საერთაშორისო კვლევის (MICS) შედეგები გასაჯაროვდა

საქართველოში MICS-ი 180-ზე მეტ ინდიკატორს ფარავს. მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა.

29 ნოემბერი 2019
Girl
UNICEF/GEO-2019/Robakidze

თბილისი, საქართველო: 2019 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები მედიას წარუდგინეს.

MICS-ი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში. კვლევა ფარავს ძირითად ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება შინამეურნეობების, განსაკუთრებით კი ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. MICS-ის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და დღემდე 300-ზე მეტი კვლევა ჩატარდა 100-ზე მეტ ქვეყანაში.

საქართველოში MICS-ი 180-ზე მეტ ინდიკატორს ფარავს. მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა. შეგროვებული მონაცემები წარმომადგენლობითია და მათი ჩაშლა შესაძლებელია ასაკის, სქესის, ქალაქ/სოფლის, რეგიონის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობისა და კეთილდღეობის დონის მიხედვით, რაც განვითარებისთვის საჭირო ინტერვენციების ზუსტ განსაზღვრას შეუწყობს ხელს.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, მიქსი საქართველო 2018, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, ტყვიის და წყლის შემოწმების კომპონენტს კი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად უძღვებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

MICS-ი განხორციელდა 11 სხვადასხვა დონორის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენოს (AFD), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მსოფლიო ბანკის, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. საქართველოში ჩატარებული MICS-ი მიზნად ისახავდა მონაცემების შეგროვებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი სტრატეგიული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას.

კვლევის სრული შედეგები დღეს მედიას და კვლევის დონორებს წარუდგინა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა გოგიტა თოდრაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ბატონმა გიორგი სახოკიამ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ბატონმა ღასან ხალილმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.

 

შედეგები აჩვენებს ბავშვების მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, თუმცა ასევე ცხადჰყოფს მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებზეც აუცილებელია რეაგირება“ - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ბატონი ღასან ხალილი.

 

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ხანგრძლივი პარტნიორობის შედეგად წარმატებით დაასრულა MICS-ი - ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი კვლევა, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია ბავშვების კეთილდღეობის შესახებ ქვეყნის და რეგიონების მიხედვით. შედეგები აჩვენებს ბავშვების მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, თუმცა ასევე ცხადჰყოფს მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებზეც აუცილებელია რეაგირება“ - თქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ბატონმა ღასან ხალილმა.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს MICS-ის და სხვა აქტივობების მხარდაჭერისთვის და მიულოცა კვლევის განმახორციელებელ გუნდს კვლევის წარმატებით დასრულება.

კვლევის შედეგები განთავსდება გაეროს ბავშვთა ფონდის და საქსტატის ვებგვერდებზე. კვლევის შედეგები დაეხმარება საქართველოს მთავრობას მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და მოწყვლადი ოჯახების და ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესების პოლიტიკის დაგეგმვაში და ასევე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.


მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ძირითადი მიგნებები

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა

კომუნიკაციის პროგრამის კონსულტანტი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი