შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახების დასახმარებლად პანდემიის პერიოდში სპეციალური ტელე და ონლაინ პლატფორმები ამუშავდა

24 აპრილი 2020
დედა და შვილი
UNICEF

თბილისი, 24 აპრილი 2020. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები და სხვა მზრუნველები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას და ემოციურ მხარდაჭერას იმ ტელე და ონლაინ პლატფორმებით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლისა და მაკ საქართველოს პარტნიორობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით შეიქმნა.

25 აპრილიდან ტელეგადაცემა „მშობლის საათი“ კვირაში ორჯერ გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ არხზე „განათლება“, სადაც გამოცდილი პროფესიონალები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კონკრეტულ რეკომენდაციებს შესთავაზებენ. ტელეგადაცემის თემები მოიცავს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას, ქცევის მართვის სტრატეგიებს, აკადემიური უნარების განვითარებას, მშობლების მხარდაჭერას და ა.შ. ონლაინ პლატფორმების მეშვეობით შეგროვდება შეკითხვები, რომელსაც პასუხი გადაცემის მსვლელობისას გაეცემა, რათა უზრუნველოფილი იყოს სამიზნე აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობა. ტელეგადაცემები ეთერში გავა ყოველ შაბათს და კვირას 13:00 საათზე.

ასევე გაეშვა ერთიანი ფეისბუკ პლატფორმა „მშობლის სკივრი“, რომლის მეშვეობით განისაზღვრება საჭიროებები, შეიქმნება მასალები და რესურები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა ტიპის რესურსებს ბავშვების აკადემიური, ემოციური და ქცევითი მხარდაჭერის კუთხით. პლატფორმა უმასპინძლებს ფეისბუქის ლაივ ჩართვებს ფსიქოლოგების, ექსპერტების და მშობლების მონაწილეობით ტელეგადაცემაში განხილულ სხვადასხვა თემაზე. ონლაინ მესინჯერით შესაძლებელი იქნება პირდაპირი კომუნიკაცია მშობლებთან, მათ შეკითხვებზე პასუხების გაცემა და დახმარება.

კორონავირუსის პანდემიამ დამატებითი გამოწვევები შეუქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს. ინფიცირების რისკის, ოჯახის შემოსავლის დაკარგვის, საკვების, სამედიცინო და ჰიგიენური მარაგის შემცირებით გამოწვეული სტრესის გარდა,  მშობლებს უწევთ ბავშვების კომპლექსური ფიზიკური, აკადემიური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებაც, რომელსაც კარანტინის რეჟიმში დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდნენ, რადგანაც არსებული მომსახურებები დროებით დახურულია.

 


 

მეტი ინფორმაციისთვის კორონავირუსის შესახებ და თუ როგორ დავიცვათ ბავშვები და ოჯახები, ეწვიეთ: https://www.unicef.org/georgia/ka/covid19

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.