სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მართლმსაჯულების შესახებ

04 აგვისტო 2021
PDO Report
UNICEF

4 აგვისტო, 2021. თბილისი. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა საქმეებზე ბავშვზე მორგებული მიდგომების არარსებობა, სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა - ესაა ძირითადი მიგნებები, რომლებიც ასახულია სახალხო დამცველის ახალ სპეციალურ ანგარიშში „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება, კვლევა და მონიტორინგი. ანგარიში მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

სპეციალური ანგარიში წარმოაჩენს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე სამართლებრივ რეგულირებასა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. მათ შორის, დანაშაულის გამოვლენის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი ღონისძიებებით უზრუნველყოფის საკითხებს.

 „კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების და მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავების მიუხედავად, კვლავ იკვეთება ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის დანაშაულებზე, როგორც საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების საჭიროება, ასევე პრობლემურია მართლმსაჯულების განხორციელების ყველა ეტაპზე ბავშვზე მორგებული გარემოს და მსხვერპლის რეაბილიტაციასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფა“, ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი.

 

"სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამგვარი ძალადობის პრევენციისთვის და თუ ეს მოხდა, ბავშვი იყოს ყურადღების ცენტრში, პროცესი წარმართონ მაღალკვალიფიციურმა  პროფესიონალებმა." - ღასან ხალილი

 

„გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას სახალხო დამცველთან ბავშვთა უფლებების მონიტორინგის მიმართულებით“, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „წლევანდელი სპეციალური ანგარიში ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება, რაც უკავშირდება ბავშვის უფლებების უხეშ დარღვევებს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამგვარი ძალადობის პრევენციისთვის და თუ ეს მოხდა, ბავშვი იყოს ყურადღების ცენტრში, პროცესი წარმართონ მაღალკვალიფიციურმა  პროფესიონალებმა და ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ არ მოხდეს ბავშვის რეტრავმირება მართლმსაჯულების პროცესში და უზრუნველყოფილი იყოს მისი რეაბილიტაცია. გაეროს ბავშვთა ფონდის და ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში მალე ამოქმედდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სპეციალური მომსახურების ცენტრი, რომელიც დაიცავს ბავშვებს რეტრავმირებისაგან და საგამოძიებო მოქმედებებსა და  რეაბილიტაციას ერთ სივრცეში მოაქცევს“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

  • საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ, არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს.
  • მართლმსაჯულების განხორციელებისას არ ხდება ბავშვზე მორგებული მიდგომების უზრუნველყოფა და არასრულწლოვნების დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმების აღსრულება. 
  • ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე სპეციალისტების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის მკვეთრი შეუსაბამობაა ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ საჭიროებასთან და მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების სიმცირე არსებითად აფერხებს ბავშვის ინტერესების სრულფასოვნად დაცვას და მათი საჭიროებების უზრუნველყოფას.
  • გადასახედია ბრალდებულის დაცვის მხარის/ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომაზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის დაკითხვის მეთოდოლოგია, მიმართვის ფორმები და დასმული კითხვები, რომლებიც ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას და წარმოშობს ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის ძალიან დიდ რისკს.
  • ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ასევე საზოგადოებაში არსებული სტიგმა, დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რაც ამცირებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შეტყობინების რიცხვს ან ხდება დაგვიანებული მიმართვიანობის საფუძველი.

სახალხო დამცველის ანგარიში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების პირველი ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელიც ეყრდნობა 2018-2019 წლებში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებებს, სისხლის სამართლის საქმეებს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და სათანადო სპეციალისტებთან ინტერვიუებს.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.